Facebook Twitter

¹ბს-933-892(კ-06) 7 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 6 დეკემბერს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მამა _ ა. მ-ი ჟინვალჰესის მშენებლობაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც 80%-ით დაკარგა შრომის უნარი. აღნიშნულის შემდეგ ა. მ-ს დაენიშნა პენსია.

მოსარჩელის განმარტებით, ა. მ-ს 1993 წლიდან მიუღებელი ჰქონდა ყოველთვიური პენსია, რამაც 2001 წლამდე, ანუ მის გარდაცვალებამდე 15570 ლარი შეადგინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის _ 15570 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ დუშეთის რაიონის გამგეობით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და მესამე პირად ჩაება, საქმე კი განსჯადობით განსახილველად დუშეთის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

დუშეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მ. მ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და 13650 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დუშეთის რაიონის გამგეობას მ. მ-ის სასარგებლოდ 13650 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 2006 წლის 5 მაისს დუშეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება და მიუთითა, რომ 2006 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილება (საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის ¹156 ბრძანებულება), რომლის მიხედვით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა 100%-იანი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავდათ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშება და გაცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა ზემოაღნიშნულ პირთა აღრიცხვის, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის კონტროლს. ამდენად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, დაინტერესებული და ვალდებული იყო, ასეთი სახის გასაცემლების დაანგარიშება-გაცემის კანონშესაბამისობასა და ტრავმირებულ პირთა სწორ აღრიცხვაზე.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა მისი გამოტანის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან სასამართლომ ერთდროულად იმსჯელა ა. მ-ის უფლებაზე, მიეღო ყოველთვიური სარჩო 160 ლარის ოდენობით და 1994 წლიდან ერთდროულად ანაზღაურებოდა სარჩოს სახით მიუღებელი თანხა 13650 ლარის ოდენობით. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2003 წელს, საქმის განხილვის დროისათვის გასული იყო ა. მ-თვის სარჩოს შეწყვეტის დღიდან _ 1994 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ა. მ-ი გარდაიცვალა 2001 წლის 13 თებერვალს. არც მას და არც მის კანონიერ წარმომადგენელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დამქირავებლისათვის ან სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. აღნიშნული კი მისი და შრომითი დასახიჩრების დროს მის რჩენაზე მყოფი პირების პირადი ხასიათის უფლებას წარმოადგენდა და მემკვიდრეზე არ გადადიოდა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი ასეთი პირობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული ნორმა გულისხმობს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომელთა არსებობის შესახებ არც მხარემ და არც სასამართლომ არ იცოდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისას. სააპელაციო საჩივრის ავტორს ასეთ გარემოებად და მტკიცებულებად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის არასწორი გამოყენება, კანონმდებლობის მოთხოვნათა იგნორირება და შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მიაჩნდა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტები, სასამართლოს მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის არასწორად გამოყენების შესახებ, არ წარმოადგენდა არც გარემოებებს და არც მტკიცებულებებს, მით უფრო ისეთს, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მითითებული არგუმენტები, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ასეთი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების და არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლებს წარმოადგენდა. დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების საშუალება ჰქონდა აღნიშნულ საქმეში იმჟამინდელ მოპასუხეს _ დუშეთის რაიონის გამგეობას, რომლის უფლებამონაცვლედ საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 20 თებერვლის ¹156 ბრძანებულების თანახმად, მიჩნეული იყო აპელანტი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა დუშეთის რაიონულ სასამართლოს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დუშეთის რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მიხედვით, ზიანის ანაზღაურებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სამინისტრო არ ჩააბა საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის ¹303 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე სახელმწიფოს (გამგეობები) მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად აღიარებული ვალდებულების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აქვე იქნა გათვალისწინებული ამ ვალდებულებათა შესრულება წლიური საბიუჯეტო კანონით, ამ მიზნისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმეში ყველა შემთხვევაში მესამე პირებად ჩაება საქართველოს ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, რაც მას არ გაუკეთებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 7 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების მიღება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.