Facebook Twitter

¹ბს-934-896(კ-07) 7 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 1 ივნისს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1945 წლის 25 იანვარს. 1991 წლის 31 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოში პირველად ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულოებისა და გამგეობების) არჩევნებში. აღნიშნულ არჩევნებში ნ. კ-ე არჩეულ იქნა ქ. თბილისის ....-ის რაიონის საკრებულოს დეპუტატად.

მოსარჩელის განმარტებით, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარმა შეიარაღებულმა სამხედრო-კრიმინალურმა სახელმწიფო გადატრიალებამ საფუძველი დაუდო უკანონობას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასობრივ დარღვევებს.

მოსარჩელის მტკიცებით, 1992 წლის 2 იანვრის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის (1990-1991 წლების შესწორებებითა და დამატებებით) მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ 1992 წლის 4 იანვარს გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად, 1992 წლის იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაუქმებულ იქნა პრეფექტურები, დროებით შეჩერებულ იქნა ყველა საკრებულოს საქმიანობა, ადგილებზე მთელი ძალაუფლება გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 13 თებერვლის ¹07/135 განკარგულებით კი უკანონოდ შეჩერდა მხოლოდ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების _ საკრებულოებისა და პრეფექტურების საქმიანობა, დაიწყო დეპუტატთა და პრეფექტთა დევნა, მასობრივი დაპატიმრებები, განხორციელდა პერმანენტური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორი და სხვა სახის რეპრესიები.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე, ნ. კ-ეს შეუჩერდა ყოველგვარი უფლებამოსილება და იგი განიცდიდა დევნას, როგორც კანონიერი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

მოსარჩელის განმარტებით, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 11 მარტის დადგენილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. მითითებული დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებდა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურებისა (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. ხსენებული დადგენილებით დაიგმო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 11 მარტის დადგენილებით საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაადასტურა 1991 წელს არჩეული საკრებულოების დეპუტატთა, პრეფექტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურათა წარმომადგენლების უფლებების შელახვის ფაქტი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 4 იანვრის ბრძანების საფუძველზე მოხდა საკრებულოების დეპუტატებისა და პრეფექტურების წარმომადგენელთა უკანონო დათხოვნა, მათთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა და შესაბამისად, დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება მოითხოვა, პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის, ასევე კანონით დადგენილი წესით შეღავათების მინიჭების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ მშვიდობიანი საშუალებებით წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მხვერპლად მიიჩნეოდა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო: ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაციისა და პროპაგანდის გამო, მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაულისათვის; სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევისათვის; წინასწარი შეცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელებისათვის; შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევისათვის, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად; რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლებოდა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლებოდა “ГПУ-ОГПУ”-ს, “ВЧК”-ს, “УНКВД-НКBД”-ს, “МГБ”-ს, “КГБ”-ს, “МВД”-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე, კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დაწესებულებაში გაგზავნილი პირი. ზემოხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნეოდა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნეოდა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პირის თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან დათხოვნა და უფლებამოსილების ჩამორთმევა, რის შედეგადაც დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები, რაც წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1991 წელს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული იყო ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ცნება. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს წარმოადგენდნენ საკრებულოები, საკრებულოს თანამდებობის პირებს კი _ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს მდივანი და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები. ამდენად, საკრებულოს წევრი არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს, არამედ იგი იყო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის სტატუსის მქონე პირი.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა იძულების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, პირის თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან დათხოვნა, მაგრამ საქმეში არ მოიპოვებოდა და მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ე, როგორც თანამდებობის პირი, დათხოვნილი იყო თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზეც, რომ 1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 4 იანვრის ბრძანების თანახმად, 1992 წლის იანვრიდან საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაუქმებულ იქნა პრეფექტურები, დროებით შეჩერდა ყველა საკრებულოს საქმიანობა, ადგილებზე მთელი ძალაუფლება გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 13 თებერვლის ¹07/135 განკარგულებით კი, უკანონოდ შეჩერდა მხოლოდ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების _ საკრებულოებისა და პრეფექტურების საქმიანობა, დაიწყო დეპუტატთა და პრეფექტთა დევნა, მასობრივი დაპატიმრებები, ფსიქოლოგიური ტერორი და სხვა სახის რეპრესიები. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 13 თებერვლის ¹07/135 განკარგულებით შეჩერდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკრებულოების საქმიანობა, მაგრამ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული პირობები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ დაიწყო სხვადასხვა სახის რეპრესია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, არ განხორციელებულა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ საკრებულოს საქმიანობის შეჩერება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო პოლიტიკურ რეპრესიად, თუ მოსარჩელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არ განხორციელებულა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული იძულების ის ფორმები, რომლებიც საფუძვლად დაედებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად პირის აღიარებას.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ და მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ნ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ეს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ეს სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ე წარმოადგენდა მხოლოდ საკრებულოს დეპუტატს და არ იყო თანამდებობის პირი, იგი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ და შესაბამისად, მის მიმართ არც პოლიტიკური რეპრესიები განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ საკრებულოების მოქმედების შეჩერება მათი ფუნქციონირების შეწყვეტის ტოლფასი იყო, რაც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამაც დაადასტურა. შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატებს არ განუხორციელებიათ მათი უფლებამოსილებანი. თავისთავად ის გარემოება, რომ ნ. კ-თან მიმართებაში არ ყოფილა მიღებული კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ვითარებას არ ცვლიდა. არსებითი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 13 თებერვლის განკარგულების შესაბამისად, ობიექტურად მოკლებული იყო სადეპუტატო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული პირის თანამდებობიდან დათხოვნა პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ ქ. თბილისში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის შეჩერების მოტივის პოლიტიკური ხასიათი საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეულწილად აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 11 მარტის დადგენილებაც ,,1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ემ განიცადა პოლიტიკური რეპრესია, რაც გამოიხატა მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში და საფუძვლად დაედო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ 1991 წელს მოქმედი კანონმდებლობით განისაზღვრა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ცნება, რომელსაც წარმოადგენდა საკრებულო, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებს კი _ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს მდივანი და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები. ამდენად, საკრებულოს წევრი არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს, არამედ იგი იყო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის სტატუსის მქონე პირი.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსაზრებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 13 თებერვლის ¹07/135 განკარგულებით უკანონოდ შეჩერდა მხოლოდ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების _ საკრებულოებისა და პრეფექტურების საქმიანობა, დაიწყო დეპუტატთა და პრეფექტთა დევნა, მასობრივი დაპატიმრებები, ფსიქოლოგიური ტერორი და სხვა სახის რეპრესიები.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საკრებულოს საქმიანობის შეჩერება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ რეპრესიად, თუ პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ არ განხორციელდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.

კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ნ. კ-ეს საკრებულოს თანამდებობის პირად მიიჩნევს, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები, ვინაიდან საქმიანობის შეჩერება არ გულისხმობს სამსახურიდან პირის უკანონოდ გათავისუფლებას, თუნდაც აღნიშნული ამ პირის პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე იყოს.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის იმ მოთხოვნაზეც, რომლითაც იგი ითხოვს მასზე კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 12 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 7 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ნ. კ-ე დაიბადა 1945 წლის 25 ივნისს და 1991 წლის 31 მარტს არჩეულ იქნა ქ. თბილისის .... რაიონის საკრებულოს წევრად _ დეპუტატად (ს.ფ. 6). ქ. თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 2005 წლის 14 დეკემბრის ¹01-18/219 წერილის მიხედვით, რაც შეეხებოდა საკრებულოს წევრების ხელფასებს, აღნიშნული არქივის დოკუმენტებში იძებნებოდა მხოლოდ 5 საკრებულოს (მთაწმინდის, ნაძალადევის, გლდანის, სამგორის და ვაკის რაიონების) გამგეობის თავმჯდომარის ხელფასი (ს.ფ. 21).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ა) ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა, კონტრრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაული; ბ) სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა; გ) წინასწარი შეცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელება; დ) შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად; ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არ არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება “ГПУ-ОГПУ”-ს, “ВЧК”-ს, “УНКВД-НКBД”-ს, “МГБ”-ს, “КГБ”-ს, “МВД”-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე, კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დაწესებულებაში გაგზავნილი პირი. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.

როგორც კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივარში, 1991 წელს მოქმედი კანონმდებლობით განისაზღვრა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ცნება, რომელსაც წარმოადგენდა საკრებულო, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებს _ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს მდივანი და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები და ამდენად, საკრებულოს წევრი არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს, არამედ იგი იყო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის სტატუსის მქონე პირი, საკრებულოს საქმიანობის შეჩერება კი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო პოლიტიკურ რეპრესიად, თუ პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ არ განხორციელდებოდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ნ. კ-ეს საკრებულოს თანამდებობის პირად მიიჩნევდა, არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები, ვინაიდან საქმიანობის შეჩერება არ გულისხმობდა სამსახურიდან პირის უკანონოდ გათავისუფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსს უშუალოდ განსაზღვრავდა და მასთან მიმართებაში სპეციალურ კანონს წარმოადგენდა “საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი, რომელიც საერთოდ არ გამოუყენებია სააპელაციო სასამართლოს. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის (საკრებულოს წევრის სადეპუტატო საქმიანობის შეხამება საწარმოო და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან) თანახმად, საკრებულოს წევრი თავის სადეპუტატო უფლებამოსილებებს, როგორც წესი, ახორციელებდა საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლივ და სადეპუტატო უფლებამოსილება ხორციელდებოდა უსასყიდლოდ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საკრებულოს წევრის _ დეპუტატის საქმიანობის საზოგადოებრივ ხასიათზე, რომ იგი არ იყო ანაზღაურებადი და შეთავსებადი იყო დეპუტატის სხვა საქმიანობასთან _ პარალელურად სხვა ანაზღაურებად სამსახურში მუშაობასთან, ანუ საკრებულოს წევრობა არ წარმოადგენდა დაბრკოლებას იმისათვის, რომ პირს ემუშავა სხვა სამსახურში და მიეღო შრომითი გასამრჯელო. სასამართლოს არ დაუდგენია, ჩაითვლებოდა თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ 1992 წლის 13 თებერვლის ¹07/135 განკარგულებით ქ. თბილისისა და ქ. თბილისის რაიონების საკრებულოების, მათ შორის, .....-ის რაიონის საკრებულოს მოქმედების შეჩერება მოსარჩელის, როგორც საკრებულოს წევრის, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკურ რეპრესიად, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფორმად _ “თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, განხორციელებული სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მოტივით”. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის.

საკასაციო სასამართლოს ამასთან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია “საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის მიმართებაზე “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლთან. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ დაუდგენია, მოსარჩელეს გააჩნდა თუ არა შეთავსებადი, მუდმივი, ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ის გარემოება, მოხდა თუ არა მისი გათავისუფლება ამ სამუშაო ადგილიდან პოლიტიკური მოტივით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.