¹ბს-941-902(კ-07) 20 მარტი, 2008 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – ლ. ლ.-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი – მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანების 22-ე პუნქტის ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ლ.-მ 2007 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანების 22-ე პუნქტის ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1978 წლის 19 ოქტომბრიდან სამუშაოდან დათხოვნამდე მუშაობდა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის რაიონულ საფინანსო სამსახურში. ბოლოს იგი მუშაობდა მთავარი სპეციალისტის საბიუჯეტო საკითხებში თანამდებობაზე. 2007 წლის 2 თებერვალს მარტვილის მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა, რომლის მიხედვით 7-ის ნაცვლად, დაშვებული იყო 6 შტატი. თანამდებობა, რომელიც მას ეკავა, დარჩა, ოღონდ ახალი სახელწოდებით, სპეცილისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში. მოსარჩელის მოსაზრებით, მთავარი სპეციალისტი საბიუჯეტო საკითხებში და სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში ფუნქციურად და შინაარსობრივად იდენტური წოდებებია. მოსარჩელის მითითებით, 2007 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოსთხოვა საფინანსო სამსახურში მისი ხელახლა დანიშვნა, რადგან თანამდებობისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატურას წარმოადგენდა სპეციალობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მხრივ. 2007 წლის 28 მარტის ¹137 წერილით მას განუმარტეს, რომ ვაკანსია 2007 წლის 16 თებერვლიდან შევსებულია, მოსარჩელისათვის სანაცვლო არაფერი არ შეუთავაზებიათ. მოსარჩელის მოსაზრებით, მის ნაცვლად დანიშნული პირი არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლები.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ლ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 1 ოქტომბრის ¹01-03110136 წერილის საფუძველზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, რაიონის გამგეობებს დაევალათ ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეების გაფრთხილება დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მარტვილის რაიონის გამგებლის 2006 წლის 25 ოქტომბრის ¹453 წერილობითი გაფრთხილებით მოსარჩელე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად გაფრთხილებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი წესით ერთი თვით ადრე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულ იქნა ამავე კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეული, მათ შორის, მარტვილის რაიონის გამგეობაც. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილებით მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს _ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო სტრუქტურის დამტკიცება. აღნიშნულის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეები, მათ შორის, ლ. ლ.-ა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ახალი საშტატო განრიგით საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განისაზღვრა 6 საშტატო ერთეულით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამგეობის ლიკვიდაციის შემდეგ მოხდა შტატების შემცირება. ახალ სტრუქტურაში საბიუჯეტო საკითხებში მთავარი სპეციალისტის ნაცვლად შემოღებულ იქნა სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, რაც არ არის ძველი სტრუქტურით გათვალისწინებული თანამდებობის იდენტური და მას, როგორც შინაარსობრივად, ასევე ფუნქციონალურად უფრო დიდი დატვირთვა აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საფინანსო სამსახურის სტრუქტურა და თანამდებობა რომელიც მას ეკავა, არ შეცვლილა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ.-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით ლ. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლ. ლ.-ა 1978 წლიდან მუშაობდა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის რაიონული საფინანსო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, სამუშაოდან გათავისუფლებისას იყო მთავარი სპეციალიტი საბიუჯეტო საკითხებში. იგი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანებით “მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის ლიკვიდაციისა და თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ” საფუძველზე სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული. აღნიშნული ¹14 ბრძანება გამგებლის მიერ გამოცემულია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 1 ოქტომბრის ¹01-03110136 წერილის საფუძველზე რაიონის გამგეობებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეების დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გაფრთხილება დაევალათ. მარტვილის რაიონის გამგებლის 2006 წლის 25 ოქტომბრის ¹453 წერილობითი გაფრთხილებით ლ. ლ.-ა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად გაფრთხილებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ “ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის თანახმად ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულ იქნა “ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეული, ე.ი. მარტვილის რაიონის გამგეობა კანონის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილებით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ერთეულის სტრუქტურა დამტკიცდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანებით ლ. ლ.-ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მარტვილის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილების საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო სტრუქტურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოხსენებულ ¹14 ბრძანებაში ჩამოყალიბებულია, რომ სახეზეა კანონისმიერი ლიკვიდაცია მარტვილის რაიონის გამგეობისა და “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით ამოქმედდა და ჩამოყალიბდა მარტვილის მინიციპალიტეტის გამგეობა თავისი საშტატო სტრუქტურით. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ჩამოყალიბებული ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არა სასამართლოს დისკრეტულ უფლებამოსილებას განეკუთვნება პირის ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოხდა დაწესებულების რეორგანიზაცია, ასევე შტატების შემცირება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მეორე და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უსაფუძვლოა. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად ჩათვალა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, იგი კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებაზე საკასაცო საჩივარი შეიტანა ლ. ლ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ეს ბრძანება არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს იმ ორგანოს დასახელება, სადაც ამ აქტის გასაჩივრება იქნება შესაძლებელი, ასევე მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. ზემოაღნიშნული ბრძანება ასევე არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას, იგი არ შეიცავს დასაბუთებას, ხოლო დასაბუთება კი კანონის თანახმად წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.
კასატორმა მიუთითა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ¹14 ბრძანება არ არის გამოცემული გადაუდებელი აუცილებლობით და ამის დამადასტურებელი არც რაიმე სახის დოკუმენტი არ მოიპოვება საქმეში. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
კასატორის მითითებით, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მას არაოფიციალურად ეცნობა 2007 წლის 16 თებერვალს და ასევე არაოფიციალურად ფლობდა ინფორმაციას, რომ ხდებოდა რეორგანიზაცია და იგი ხელახლა იქნებოდა დანიშნული გარკვეულ თანამდებობაზე. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მას ჩაბარდა 2007 წლის 9 მარტს, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა რომ ხდებოდა არა რეორგანიზაცია არამედ ლიკვიდაცია, რაც მისი მოსაზრებით კანონის დარღვევით განხორციელდა, ვინაიდან არ შექმნილა სალიკვიდაციო კომისია. კასატორმა მიუთითა ასევე, რომ მის ნაცვლად თანამდებობაზე დატოვებულ პირს მასზე ნაკლები შრომის სტაჟი და კვალიფიკაცია აქვს, არანაირი ეკონომისტის განათლება არა აქვს, რასაც მათი შრომის წიგნაკის ამონაწერები ადასტურებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ლ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ლ.-ა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 16 თებერვლის ¹14 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მარტვილის რაიონის გამგეობის ლიკვიდაციისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 2 თებერვლის ¹5/3 დადგენილება, რომელიც მიღებულ იქნა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლ. ლ.-ს სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემისას დაცულია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად მარტვილის რაიონის გამგეობა, სადაც კასატორი მუშაობდა, ლიკვიდირებულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის გამოქვეყნებისთანავე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორი გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება ¹14 არ არის გამოცემული კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მისი გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 53-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ის გარემოება, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებას მისი გასაჩივრების წესის თაობაზე, არ წარმოადგენს კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს ბრძანება შეიცავს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაცციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. მასში მითითებულია ის საკანონმდებლო აქტი და ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ლ. ლ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.