¹ბს-942-899(კ-06) 14 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 23 დეკემბერს ა. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ 2003 წლიდან 2005 წლის 12 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1949 წლიდან 1985 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრად. სულ იმუშავა დაახლოებით 40 წელი.
ასაკისა და წელთა ნამსახურობის გამო 1985 წლიდან გავიდა პენსიაზე და ღებულობდა 14 ლარს, შემდეგ 28 ლარს 2005 1 დეკემბრამდე.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2005 წლის ივნისში შეიტყო, რომ პროკურატურის ხაზით ორჯერ გაზრდილა პენსია. საბუთების წარდგენის შემდგომ, საპენსიო ფონდმა პენსია დაუნიშნა არა 2003 წლიდან, არამედ 2005 წლის აგვისტოდან და დანარჩენის ანაზღაურებაზე უთხრა უარი იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2003 წლიდან 2005 წლის 12 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა ა. დ-ის სასარგებლოდ 2003 წლიდან 5005 წლის 12 აგვისტომდე გაზრდილი საპენსიო თანხის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ი 1949-1985 წლებში მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1975-1980 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრი.
2005 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა პენსია ,,პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ორგანული კანონის ,,პროკურატურის შესახებ” მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია სამართალდაცვის, იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკს მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პენსია ენიშნებათ სათანადო ორგანოსათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. დ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, არის ზოგადი, რაც არ შეიძლება იყოს კანონიერი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებით.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის განცხადებით მიმართვის ვადის გაშვება მისი ბრალეულობით არ იყო გამოწვეული, ვინაიდან იგი არის 83 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი, ფიზიკურად მძიმე მდგომარეობაში და განცხადებაზე თანდართული მასალების შეგროვებისათვის დიდი დრო დასჭირდა, რადგან ისინი არქივისათვის იყო გადაცემული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. დ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2006 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. დ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ა. დ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.