Facebook Twitter

ბს-942-903(კ-07) 10 სექტემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) _ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ნ. შ.-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.07წ. განჩინება

დავის საგანი _ ბინით უზრუნველყოფა ან თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

01.09.06წ. ნ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხულოს რაიონის სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, 1989წ. ეროზიის შედეგად მისი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹შ-1745 და ¹646 საგარანტიო ცნობებით აღმასკომმა იკისრა ვალდებულება 1989-1990წწ. დაწყებული 45 ბინიანი საცხოვრებელი სახლის დასრულების შემდეგ გადაეცა ბინა დაზარალებული ოჯახისათვის. მითითებული დაპირება აღმასკომს არ შეუსრულებია. ნათესავების დახმარებით რაიონის ცენტრში შეიძინა ერთ ოთახიანი ბინა, რომელიც 1993წ. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ხულოს რაიონის გამგეობამ იკისრა ბინით მისი უზრუნველყოფის ვალდებულება. ვალდებულების შესრულებამდე, დროებით შეასახლა სასტუმროში. მოსარჩელემ ხულოს რაიონის გამგეობისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულება ან 10 000 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

ხულოს რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხე ხულოს რაიონის გამგეობას შეუძინოს და საკუთრებაში გადასცეს მოსარჩელე ნ. შ.-ს ხულოს რაიონის დაბა ხულოს ტერიტორიაზე 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ღირებულების ეროვნული ვალუტით საცხოვრებელი ბინა ან სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტით.

ხულოს რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხულოს რაიონული სასამართლოს 26.10.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ გასცა დაპირება, რომელიც კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მოპასუხის დაპირება ზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. მოპასუხემ ადმინისტრაციული დაპირებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეასრულა, რაც ზიანს აყენებდა მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, აპელანტის მიერ მითითებული 4 000 ლარი ნ. შ.-ს მიღებული არა აქვს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზაკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მოქმედების შესრულება, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სააპელაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში სკ-ის 1008-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორის განცხადებით, გამგეობის მიერ ნ. შ.-თვის წერილობით გაცემული პასუხი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. მასში მითითებულია მხოლოდ, რომ დაბის ცენტრში 45 ბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნებოდა ეროზიაში მოხვედრილი მოსახლეობა და არა უშუალოდ ნ. შ.-ე. გამგეობას მოსარჩელის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აუღია. ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ ეროზიის შედეგად დაზარალებულ ნ. შ.-ის ოჯახს გაეწია 25 000 ლარის ოდენობით ფულადი დახმარება და სახელმწიფომ შეუძინა ქ. ბათუმში საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელეს თავისი ოჯახისაგან უნდა მოეთხოვა წილი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.02.08წ. განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი დავის საგანს შეადგენს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ან კომპენსაციის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული იქნა წერილობითი დაპირება დავის საგანთან დაკავშირებით. ზაკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველგვარი დაპირება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის საფუძვლად. ასეთად მიიჩნევა მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება. საქმეში დაცული ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 15.08.89წ. ¹შ-1745 წერილობითი პასუხის ტექსტით ირკვევა, რომ გაიცა დაპირება ეროზიით დაზარალებულთა სიაში განმცხადებლის შეყვანის თაობაზე და არა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ. წერილი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას ნ. შ.-ის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებაზე, დასაკმაყოფილებელი ფართის ოდენობაზე.

ხულოს რაიონის გამგეობის 24.08.06წ. ¹ბ-1334 პასუხში მითითებულია, რომ გამგეობას 2006 წლის ბიუჯეტში თანხით დახმარების გაწევის საშუალება არ გააჩნდა, ხოლო მშენებარე საცხოვრებელი სახლის დასრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნებოდა მისი მოთხოვნა (ს.ფ. 26). ამდენად, მითითებული წერილობითი პასუხიც შეიცავს ბინით უზრუნველყოფის დაპირებას გარკვეული პირობით (მშენებარე საცხოვრებელი სახლის დასრულების) დადგომის შემთხვევაში, აღნიშნული პირობა არ დამდგარა, შესაბამისად არ არსებობს პირის კანონიერი ნდობის უფლება. 45 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნ. შ.-ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის დაპირებას შეიცავს ს.ფ. 18-ზე დაცული 10.10.92წ. წერილობითი პასუხი, რომელიც გაცემულია არა მოპასუხის, არამედ ხულოს რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ (ს.ფ. 18). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - გამგეობის წერილობითი დაპირების არსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დადგენილი არ არის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, კერძოდ, დადგენილი არ არის ეროზიული მოვლენების შედეგად დაზარალებულ ნ. შ.-ს გაეწია თუ არა დახმარება. საქმეში დაცული 27.05.93წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ხულოს რაიონის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის რწმუნებულმა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, საკუთრების უფლებით უსასყიდლოდ გადასცა ნ. შ.-ს დაბა ხულოში მდებარე ხულოს რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი 1 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა (ს.ფ. 12). საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, აღნიშნული ერთოთახიანი ბინის მოსარჩელისათვის გამოყოფის საფუძველი და სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ ფაქტს. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტიქიით დაზარალების შემდეგ ბინა ნ. შ.-ის მიერ იქნა შესყიდული. დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, ხომ არ იყო გაცემული ბინა სტიქიით მიყენებული ზიანის, კერძოდ 1989 წელს ეროზიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების საკომპენსაციოთ. აღნიშნულის გარკვევა მით უფრო საჭირო იყო იმის გათვალისწინებით, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა თავის სააპელაციო საჩივარში საგანგებოდ აღნიშნავდა ნ. შ.-ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, უფრო მეტიც, აპელანტი უთითებდა, რომ დაწვის შემდგომ მოსარჩელე შესახლებული იქნა დაბა ხულოს სასტუმროს შენობაში, ხოლო გამოსახლების შემდეგ მასზე გაიცა 4 ათასი ლარის კომპენსაცია. უკეთუ მითითებული ბინა ეროზიით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ გადაეცა ნ. შ.-ს, საკასაციო პალატის აზრით, ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად ხანძრის შედეგად მისი განადგურებისა, ეროზიით მიყენებული ზიანი ანაზღაურებულად უნდა ჩაითვალოს და შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. შ.-ის მოთხოვნას საფუძვლად არ უდევს ხანძრისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ბინა, მდენარე დაბა ხულოში, ...-ის ქ. ¹15-ში, განადგურდა ხანძრის შედეგად. საქმის მასალებში დაცულია ხულოს რაიონის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლების შესახებ ხულოს რაიონის გამგეობის მიერ შედგენილი მონაცემები, რომლის თანახმად, ხანძრის შედეგად ნ. შ.-თვის მიყენებულმა ზარალმა 5200 ლარი შეადგინა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული ნ. შ.-ის იმჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ბათუმი.

სააპელაციო პალატის სხდომაზე გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნ. შ.-ის ოჯახს სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით დახმარება გაეწია ფულადი კომპენსაციის გაცემის (21 000 მანეთი) და ბინის გამოყოფის სახით. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 16.06.89წ. გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმად ხულოს რაიონის სოფ. ...-ში მდებარე ი. ბ.-ის სახლი საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის გამო დაექვემდებარა განსახლებას. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილით ი. ბ.-ის მიმართ ირკვევა, რომ 1991 წელს მის ოჯახს სტიქიის შედეგების საკომპენსაციოდ გამოეყო 15 000 მანეთი, ქ. ბათუმში შეუძინეს ოროთახიანი კაპიტალური ბინა, ამასთანავე დამატებით შესთავაზეს საქართველოს სხვა რაიონში ჩასახლებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა – საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა და ტრანსპორტის ხარჯების გაწევა, სურვილის შემთხვევაში უნდა მიემართათ ხულოს რაიონის მიგრაციის განყოფილებას. საქმეში დაცულია აგრეთვე ხულოს რაიონის გამგებლისათვის წარდგენილი დიოკნისის თემის საკრებულოს გამგებლის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, სოფელ ...-ში მცხოვრებ ი. ბ.-ს გაეწია დახმარება ეროზიის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. სააპელაციო პალატის მიერ არ გარკვეულა მოსარჩელის კავშირი ი. ბ.-ის კომლთან, განჩინება გამოტანილ იქნა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების გარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების თანახმად ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განმხილველი მოსამართლე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს ზომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შესაგროვებლად. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღების ინტერესებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია სტიქიით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის ოჯახისათვის გაწეული დახმარების საკითხი. სზაკ-ის მე-9 მუხლის თანახმად კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება, კანონიერი ნდობის საფუძველი არ შეიძლება იყოს აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება. ამდენად, მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობას წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ობიექტურ მხარეს, ანუ იმას ეწინააღმდეგება თუ არა დაპირება კანონმდებლობას და არა იმას იცოდნენ თუ არა დაპირების მიმცემმა ან დაინტერესებულმა მხარემ ამ დაპირების კანონსაწინააღმდეგობის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარის მიერ დახმარების აღმოჩენის ვალდებულების არსებობის დადგენისათვის სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ სზაკ-ით, მაშინ, როდესაც აჭარის ა.რ. მაღალმთიანი რაიონებიდან სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის ზომები, სტიქიით დაზარალებულთა რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებები გათვალისწინებული იყო საკავშირო და რესპუბლიკური ორგანოების რიგი დადგენილებებით, კერძოდ სსრკ მინისტრთა საბჭოს 06.05.98წ. ¹220; საქართველოს კპ ცკ და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 06.05.98წ. ¹220;O საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 14.06.89წ ¹285; 09.10.89წ. ¹497; 20.09.89წ. ¹481 და სხვ. დადგენილებებით. აღნიშნული აქტები ითვალისწინებდნენ სტიქიონის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შეღავათებს, კერძოდ, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის დადგენას საჭიროებს კასატორების მიერ აღნიშნული დადგენილებებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის ან მათზე შეღავათების გაუვრცელებლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს შეადგენს. გასაჩივრებული განჩინებიდან გაურკვეველია თუ რა ფართის საცხოვრებელი ბინის ან სახლის დაკმაყოფილება დაეკისრა მოპასუხეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას მოპასუხეზე დაკისრებული თანხის (10 000 აშშ დოლარის) ოდენობასთან, აგრეთვე მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძენი სახლის ღირებულებასთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ არ ეთანხმებოდა 10 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინის მოსარჩელისათვის შეძენის ან 10000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების მისთვის დაკისრებას, აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მთლიანად, ამდენად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ აპელანტი არ ხდიდა სადავოდ ბინის ღირებულებას.

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაცდენის უარსაყოფად სააპელაციო პალატა უთითებს სკ-ის 1008-ე მუხლზე. აღნიშნული ნორმა ადგენს დელექტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების სამწლიან ხანდამულობის ვადას იმ მომენიტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოსარჩელეს ეროზიის შედეგად ზიანი 1989 წელს მიადგა, ხოლო სარჩელი ნ. შავაძის მიერ 01.09.06წ. იქნა აღძრული. ამდენად, არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ყველა გარემოება, საქმეზე დადგენილი არ არის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.