Facebook Twitter

¹ბს-943-904(კ-07) 27 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – მ. კ-ე

მოწინააღმდეგე მახრე – ნოტარიუსი ნ. ფ-ე

მესამე პირები _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა; რ. ვ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 20 ნოემბერს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნოტარიუს ნ. ფ-ისა და მესამე პირების: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და რ. ვ-ას მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობის 2000 წლის 31 იანვრის ¹52 დადგენილების საფუძველზე, მას, როგორც სამხედრო ნაწილის საბინაო-საქსპლუატაციო სამსახურის .....-ს გამოეყო ...... ქ. ¹19-ში მდებარე სამხედრო ნაწილის სამსახურებრივ საცხოვრებელ სახლში ერთოთახიანი ბინა ¹5 და გაიცა მის სახელზე ბინის ორდერი ¹..... . გამგეობის ზემოაღნიშნულ ¹52 დადგენილებას საფუძვლად დაედო ¹..... სამხედრო ნაწილის ბინების განაწილების კომისიის 2000 წლის 3 იანვრის სხდომაზე მიღებული დადგენილება, რომელსაც ესწრებოდა მესამე პირი – რ. ვ-ა, რომელიც იმ დროისათვის მუშაობდა იმავე სამხედრო ნაწილში ......-ის უფროსად. ქ. ზესტაფონის გამგეობის 2000 წლის 31 იანვრის ¹51 დადგენილებით რ. ვ-ას იმავე სამხედრო ნაწილის სამსახურებრივ სახლში, მდებარე ..... ქ. ¹19-ში, გამოეყო ოროთახიანი ბინა (I სადარბაზო, მესამე სართული 28,4 კვ.მ) და გაიცა მის სახელზე ბინის ორდერი. ვინაიდან რ. ვ-თვის გამოყოფილ საცხოვრებელ ¹6 ბინაში ცხოვრობდა მოქალაქე ღ-ის ოჯახი, ზემოაღნიშნული ბინის გამოთავისუფლებამდე, მან თავისი ერთოთახიანი ბინა დროებით საცხოვრებლად დაუთმო რ. ვ-ას, როგორც აფხაზეთიდან ლტოლვილს. რ. ვ-ა მას ჰპირდებოდა, რომ გამოათავისუფლებდა მის საცხოვრებელ ერთოთახიან ბინას, მაგრამ მოატყუა. 2006 წლის ოქტომბერში მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 26 აპრილს, ქ. ზესტაფონის გამგეობის დადგენილების საფუძველზე, რ. ვ-ას გამოეწერა ორდენი ..... ქ. ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთოთახიან ¹5 ბინაზე, ხოლო 2005 წლის 8 ივნისს მოახდინა სანოტარო წესით ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების პრივატიზაცია. რ. ვ-ამ გააერთიანა ზემოაღნიშნული ბინები და ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2005 წლის 8 ივნისს რ. ვ-ას სახელზე განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.

მოპასუხეებმა და მესამე პირებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოთხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 8 ივნისის სანოტარო წესით გაფორმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ...... ქ. ¹19-ში მდებარე ¹5 ერთოთახიანი ბინის (18,7 კვ.მ) პრივატიზაციის ნაწილში.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი სახლები უსასყიდლოდ გადაეცემოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებელი ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამავე დადგენილებით, პრივატიზაციას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა და საერთო საცხოვრებელში არსებული ბინა. საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი, რის შესახებაც ფორმდებოდა მხარეებს შორის ხელშეკრულება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე არსებობდა ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ორი ორდერი, ამასთან, ორდერების გაცემის პერიოდისათვის სადავო ქონება არ წარმოადგენდა ქ. ზესტაფონის მერიის ბალანსზე რიცხულ ქონებას, რაც სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა რ. ვ-ამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ სანოტარო წესით გაფორმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ერთ-ერთ პირობად მიიჩნია ის გარემოება, რომ ახალი ორდერის ამოწერის პერიოდისათვის ქ. ზესტაფონში, ..... ქ. ¹19 არ იმყოფებოდა ქ. ზესტაფონის მერიის ბალანსზე, რაც არასწორია, ვინაიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ახსნა-განმარტებებით დაადასტურა, რომ ქ. ზესტაფონში, .... ქ. ¹19-ში არსებული სახლი ირიცხებოდა ქ. ზესტაფონის მერიის ბალანსზე, ამჟამად კი _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერი, სადაც ...... ქ. ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის, რომლის საერთო ფართია 74 კვ.მ, მესაკუთრედ მითითებულია ქ. ზესტაფონის გამგეობა. ამდენად, მის სახელზე გამოწერილი ბინის ორდენი, რომელიც ამოწერილია 2005 წლის 18 აპრილს და შემდგომში სანოტარო წესით გაფორმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, არის კანონიერი.

აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ ბათილად ცნო ქ. ზესტაფონში, ..... ქ. ¹19-ში, ბინა ¹5-ზე სანოტარო წესით გაფორმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, თუმცა იგი ამჟამადაც, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ითვლება ბინის კანონიერ მესაკუთრედ.

ხოლო, რაც შეეხება ბინაზე ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ორი ორდერის არსებობას, მ. კ-ის მიერ წარმოდგენილი კრების ოქმი, თითქოს იგი ესწრებოდა სამხედრო ნაწილში კრებას, როდესაც მას გამოუყვეს ბინა ...... ქ. ¹19-ში, ბინა ¹5, ყალბია, არამართებულია, ვინაიდან იგი აღნიშნულ კრებას არ დასწრებია და არც იცოდა ამის შესახებ.

აპელანტის მითითებით, მ. კ-ეს არასდროს არ მიუმართავს არც მისთვის და არც სამართალდამცავი ორგნოებისათვის იმის თაობაზე, რომ უკანონოდ ფლობდა მის ბინას და არ მოუთხოვია დარღვეული უფლებების აღდგენა. თუ არსებობს ზესტაფონის გამგეობის მიერ გაცემული ორი სამართლებრივი აქტი, ეს არის გამგეობის, ადმინისტრაციული ორგანოს, შეცდომა და არ არის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მესამე პირის _ რ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹19-ში მდებარე სახლი წარმოადგენდა ¹..... სამხედრო ნაწილის სამსახურებრივ საცხოვრებელ ბინას. სასამართლომ ზემოაღნიშნული სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის 2000 წლის 3 იანვრის ¹14 ოქმზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ..... ქ. ¹19-ში მდებარე სახლში საბინაო საექსპლუატაციო სამსახურის უფროსს მ. კ-ეს სარგებლობაში გამოეყო ხსენებულ მისამართზე ¹5 ერთოთახიანი ბინა 18,7 კვ.მ-ით. ქ. ზესტაფონის გამგეობის 2000 წლის 31 იანვრის დადგენილებით, ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, მ. კ-ზე გაიცა საცხოვრებელი ბინის ორდერი, ამავე დადგენილებით, რომელსაც საფუძვლად დაედო ¹...... სამხედრო ნაწილის ბინების განაწილების კომისიის 2000 წლის 3 იანვრის დადგენილება, რ. ვ-ას, როგორც იმავე სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილეს ......-ის დარგში, გამოეყო ..... ქუჩაზე სამხედრო ნაწილის სამსახურებრივ საცხოვრებელ სახლში ¹6 ოროთახიანი ბინა, ფართით 28,4 კვ.მ და გაიცა ბინის ორდერი.

2005 წლის 26 აპრილს ქ. ზესტაფონის გამგეობის ¹11 დადგენილებით ე. ვ-ას გამოეწერა ¹..... სამსახურებრივი ორდერი იმავე მისამართზე ¹5 ერთოთახიან ბინაზე, რომელზეც გამგეობას 2000 წლის 3 თებერვალს მ. კ-ზე გაცემული ჰქონდა ¹..... ორდერი.

ქ. ზესტაფონის გამგეობამ ხსენებული ¹11 დადგენილება მიიღო ისე, რომ არ იმსჯელა 2000 წლის 31 იანვრის ¹51 დადგენილებისა და ხსენებული ორდერის კანონიერებაზე.

2005 წლის 8 ივნისს ქ. ზესტაფონის გემგობის წარმომადგენელმა ა. ა-ემ და რ. ვ-ამ გააფორმეს ¹5 და ¹6 ბინებზე პრივატიზაციის ხელშეკრულება, რაც დამოწმდა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის საგნიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სადაო ¹5 ერთოთახიანი ბინის პრივატიზაციების საკითხთან დაკავშირებით სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ¹.... ბაზის უფროსის 2005 წლის 11 მაისის ¹168 თანხმობის შემთხვევაში, რაიონის გამგეობას, როგორც მესაკუთრეს, სრული უფლება ჰქონდა 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, მოეხდინა ბინის პრივატიზება.

იმ მომენტიდან, როდესაც მ. კ-ემ დათმო ან დაკარგა მასზე გაცემული ორდერის რეალიზაციის უფლება, ზესტაფონის რაიონის გამგეობას სრული უფლება ჰქონდა მიეღო ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ხოლო 2000 წლის თებერვლის ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე 2005 წლის 26 აპრილს რ. ვ-ას სასარგებლოდ მიღებული აქტის გასაჩივრების ყველა დასაშვები ვადები მ. კ-ის მიერ გაშვებულია და ამ საკითხს ვერ გახდიდა და არც გაუხდია სადავოდ. ამდენად, რაიონული სასამართლოს მიერ ხსენებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმებისათვის საფუძვლად, სააპელაციო სასამართლის მითითებით, არ გამოდგება ორი ადმინისტრაციული აქტისა და ორდერების არსებობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹19-ში მდებარე სახლი წარმოადგენდა ¹..... სამხედრო ნაწილის სამსახურებრივ საცხოვრებელ სახლს. 2000 წლის 03 იანვარს მითითებული სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის ¹14 ოქმის საფუძველზე, ...... ქ. 19-ში მდებარე სახლში კასატორს სარგებლობისათვის გამოეყო ¹5 ერთოთახიანი ბინა 18.7 კვ/მ. ამავე ოქმის საფუძველზე ქ. ზესტაფონის გამგეობის 2000 წლის 31 იანვრის დადგენილებით მ. კ-ზე გაიცა ორდერი. ქ. ზესტაფონის გამგეობის იმავე წლის 31 იანვრის ¹51 დადგენილებით, ...... ქუჩაზე მდებარე სამხედრო ნაწილის სამსახურებრივ საცხოვრებელ სახლში ¹6 ოროთახიანი ბინა ფართით 28,4 კვ/მ გამოეყო პროცესუალურ მოწინააღმდეგეს რ. ვ-ას.

2005 წლის 26 აპრილს ქ. ზესტაფონის გამგეობის ¹11 დადგენილებით ამ უკანასკნელზე ამოიწერა მე-2 სამსახურებრივი ორდერი ¹..... , იმავე მისამართზე მდებარე სახლში ¹5 ერთოთახიან ბინაზე, რომელიც ¹.... ორდერით გაცემული იყო კასატორ მ. კ-ზე.

2005 წლის 08 ივნისს ქ. ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენელსა და რ. ვ-ას შორის გაფორმდა ¹5 და ¹6 ბინებზე პრივატიზაციის ხელშეკრულება, რაც დამოწმდა სანოტარო წესით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

კასატორი მ. კ-ე მიიჩნევს, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი მიეღო 26.04.05 წლის ¹11 დადგენილება და რ. ვ-ზე გაეცა ¹.... ორდერი იმ პირობებში, როდესაც ძალაში იყო მასზე იმავე სადავო ბინაზე გაცემული ორდერი.

საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მატერიალური თუ საპროცესო ნორმების გამოყენების მართებულობა და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ორდერი წარმოადგენდა საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს. უდავოა, რომ კასატორზე ქ. ზესტაფონის გამგეობის 2000წლის 31 იანვრის დადგენილებით გაცემულია ¹...... ორდერი, რომელიც მას აძლევდა ქ. ზესტაფონში მდებარე სახლის ¹5 ბინაში შესახლების უფლებას. ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ იგივე ორდერი გარდა შესახლების უფლებისა ორდერის მფლობელს აკისრებდა რიგ ვალდებულებებს. კერძოდ, ორდერის გაცემიდან 10 დღის განმავლობაში ორდერის მფლობელი ვალდებული იყო დაეკავებინა ბინა და ორდერის ასლი ჩაებარებინა საბინაო-საექსპლუატაციო კანტორაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ორდერი კარგავდა ძალას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კასატორი, მართალია, სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მ. კ-ეს ¹5 სადავო ბინა არ დაუკავებია, მაგრამ იმავდროულად აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება და იმავე მუხლის საფუძველზე ვალდებულია გაიზიაროს სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ კასატორს ბინა არ დაუკავებია.

მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა და აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მ. კ-ემ დათმო ან დაკარგა მასზე გაცემული ორდერის რეალიზების უფლება, ზესტაფონის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო მიეღო ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და როგორც მესაკუთრეს განეკარგა სადავო ბინა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ფართში 10 დღის განმავლობაში შეუსახლებლობა წარმოშობდა ორდერის ავტომატურ რეჟიმში გაუქმების საფუძველს, გამგეობა არ იყო ვალდებული რ. ვ-ზე ორდერის გაცემა მოეხდინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოახდენდა წინა ორდერის გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს საქმეში კასატორის მხრიდან მტკიცებულებების წარმოუდგენლობის ფაქტს და აღნიშნავს, საქმეში შესაბამისი მასალების არარსებობა, საკასაციო სასამართლოს ართმევს კასატორის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.

რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის არსებობის თაობაზე, კერძოდ იმის შესახებ, რომ ის სასამართლო პროცესზე მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში ს.ფ. 124 განთავსებულია გზავნილი, რომლითაც მ. კ-ეს, მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შეტყობინება საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის თარიღისა და დროის მითითებით. იმავე საქმეში ს.ფ. 126 წარმოდგენილია გზავნილის დაბრუნების დასტური წარწერით: ,,მ. კ-ე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. იმავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში დაცული გზავნილის დაბრუნების დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსს, რომლის თანახმადაც, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის შესაბამისად მ. კ-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კ. შ-ეს. საქმეში ს.ფ. 127 დაცულია გზავნილი, რომლითაც დასტურდება კ. შ-თვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი. ამასთან, საქმეში არ მოიძიება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა წარმომადგენლის პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტს. რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის უარყოფის დამატებით საფუძველს.

იმ შემთხვევაში, თუ კასატორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების საკითხს, რის თაობაზეც მხარეებს დამატებითი შეტყობინება არ გაგზავნიათ, აღნიშნული ასევე ვერ ჩაითვლება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლი ერთმანეთისაგან განასხვავებს სასამართლოს უფლებამოსილებას სხვა დროისათვის გადადოს საქმის განხილვა ან გააგრძელოს საქმის განხილვა. საგულისხმოა, რომ იმავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამოუცხადებელი მხარეებისათვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს ეკისრება მხოლოდ საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში, რაც შეეხება საქმის გაგრძელებას, ამ შემთხვევაში კანონმდებელი შეტყობინების ვალდებულებას არ ადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოქმედება შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მითითებული მოტივებით გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.