Facebook Twitter

¹ბს-946-907(კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 15 დეკემბერს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მისი ოჯახის მიერ გახარჯული გაზის ღირებულების 50%-ის გადახდის დავალება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულის შვილი, რის გამოც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნის გარკვეული სახის შეღავათები სახელმწიფოს ხარჯზე, კერძოდ, მოხმარებული გაზის 50%-ის ღირებულების გადახდა, რის თაობაზეც მან მიმართა ქ. ქუთაისის მერიას, მაგრამ მიიღო უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის მერიას უნდა დავალებოდა, სს ,,ქ-თვის” გადაერიცხა მის მიერ მოხმარებული გაზის ღირებულების 50% (ტ.1, ს.ფ. 1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და არასათანადო მოპასუხე ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეებიის სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. ქუთაისის მთავრობით (ტ.1, ს.ფ. 18).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისის მერიას დაევალა სს ,,ქ-თვის” მ. ა-ის მიერ 2005 წლის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების 50%-ის გადარიცხვა, რაც შეადგენდა 111,58 ლარს.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ფასდაკლება სახელმწიფოს ხარჯზე ღირებულების 50%-ის ოდენობით ხორციელდება, თუ ამ მომსახურებას სახელმწიფო დაწესებულება ახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტ.1, ს.ფ. 25).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების ფასდაკლებით სარგებლობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება, სს ,,ქ-ი” კი კერძო სამართლის სუბიექტია, ამასთან, სახელმწიფოს წილი სს ,,ქუთაისგაზში” მხოლოდ 43%-ია, შესაბამისად, სახელმწიფოს წილის ფარგლებში შეღავათი ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დგინდება. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით კი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო (და არა ადგილობრივი) ბიუჯეტიდან (ტ.1, ს.ფ. 27-28).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სს ,,ქ-ი” (ტ.1, ს.ფ. 39-40).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით ქუთაისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შვილს უწესდება შემდეგი უფლებები და შეღავათები: საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ფასდაკლება სახელმწიფოს ხარჯზე ღირებულების 50%-ის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელწმიფო დაწესებულება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ არ ხდიდა იმ ფაქტს, რომ სს ,,ქ-ში” სახელმწიფოს წილი შეადგენს 43%-ს, რის საფუძველზეც სახელმწიფო დაწესებულება, კერძოდ, ქ. ქუთაისის მერია ვალდებული იყო, განეხორციელებინა კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ტ.1, ს.ფ. 52-55).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. ქუთაისის მთავრობამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მთავრობის საკასაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად (ტ.1, ს.ფ. 104-105).

მეორე კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ა-ს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შვილს, უნდა აუნაზღაურდეს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების, კერძოდ, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის 50%, რაც, კასატორის მოსაზრებით, არამართებულია. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი მის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო, გარდაცვლილი პირის, შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ მეუღლეს, მშობელს და შვილს (ნაშვილებს) უწესდება შეღავათები. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი წარმოადგენს შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს. ამდენად, დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით.

ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ სს ,,ქ-ი” არ წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, რის გამოც მის მიერ განხორციელებულ მომსახურეობას სახელმწიფო ვერ აანაზღაურებს (ტ.1, ს.ფ.64-65).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. 120-126).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება; ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ქონდა ესარგებლა საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების ფასდაკლებით სახელმწიფოს ხარჯზე ღირებულების 50%-ის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებდა სახელმწიფო დაწესებულება. სს ,,ქ-ში” სახელმწიფო წილის არსებობა არ ცვლიდა ამ საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს და მის მიერ განხორციელებული მომსახურეობა ვერ ჩაითვლებოდა სახელმწიფო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მომსახურებად. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაადგინა, რომ ქ. ქუთაისის საკრებულოს მიერ არანაირი ინდივიდუალური ან ნორმატიული აქტი, კომუნალური მომსახურების ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ანაზღაურების წესის დადგენის შესახებ, არ ყოფილა მიღებული მოსახლეობის იმ კატეგორიისათვის, რომელთა რიცხვსაც განეკუთვნებოდა მოსარჩელე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიას მ. ა-ის ოჯახის მიმართ, მოხმარებული გაზის ღირებულების 50%-ის გადახდის თაობაზე, ვალდებულება განსაზღვრული არ აქვს (ტ.2, ს.ფ. 20-23).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეზე სრული მოცულობით ვრცელდებოდა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველო კანონის მე-12 მუხლით დაწესებული შეღავათები. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ქ-ში” სახელმწიფოს წილი შეადგენს 43%-ს. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევდა ქუთაისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამისდა მიუხედავად სარჩელი არ დააკმაყოფილა (ტ.2, ს.ფ. 29-31).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.