Facebook Twitter

ბს-946-910(2კ-08) 13 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ. ა-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 იანვარს ტ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹..... სამხედრო ნაწილში. სამსახურში მუშაობის დროს მოსარჩელეს მიუღებელი დარჩა ხელფასი _ 672,85 ლარი, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 174,88 ლარი, კვების კომპენსაცია _ 778,70 ლარი და მივლინების თანხა _ 18 ლარი, სულ კი დავალიანების თანხამ შეადგინა 1644,40 ლარი. ხსენებული დავალიანების აუნაზღაურებლობით მოსარჩელეს მიადგა არსებითი ზიანი, რამაც საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფულად გამოხატულებაში შეადგინა 3000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ დავალიანების _ 1644,40 ლარის, ზიანის _ 3000 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე _ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

საქმეში წარმოდგენილი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მიერ 2007 წლის 6 ნოემბერს გაცემული ¹376 ცნობის თანახმად, ტ. ა-ის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს: ხელფასი _ 672,85 ლარს, კვარტალური ფულადი ჯილდო _ 174,88 ლარს, კვების კომპენსაცია _ 778,70 ლარს, მივლინება _ 18 ლარს, სულ კი დავალიანების თანხა _ 1644,40 ლარს (ს.ფ. 4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 865,73 ლარის გადახდა; ტ. ა-ს უარი ეთქვა კვების საკომპენსაციო თანხის, ზიანის სახით 3000 ლარისა და საადვოკატო მომსახურების სახით 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელფასის, მისი კომპონენტის _ ჯილდოსა და სამივლინებო თანხის მოთხოვნებზე მოსარჩელეს არ ჰქონდა გაშვებული ხანდაზმულობის ვადა, ხოლო 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების შესახებ ტ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2008 წლის 8 იანვარს _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები კი იყო უსაფუძვლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით ტ. ა-ის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. ა-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ. ა-ს უარი ეთქვა კვების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ა-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 778,70 ლარის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ტ. ა-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 778,70 ლარის ანაზღაურება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. ა-ის მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 1998-2000 წლების ხელფასის, კვარტალური ფულადი ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მივლინების ანაზღაურების თაობაზე, არ იყო ხანდაზმული, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 12 დეკემბრის ¹9/4156 წერილით აღიარებულ იქნა დავალიანების, მათ შორის, კვების კომპენსაციის დავალიანების არსებობა და გაცემულ იქნა დაპირება შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, საკითხის განხილვისა და დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ტ. ა-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 ნოემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ა-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.