Facebook Twitter

¹ბს-948-905(კ-06) 14 თებერვალი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1997 წლის 10 აპრილს ნ. ა-ემ და ნ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და ქ. ბათუმში, .......-ისა და .......-ის ქუჩების კვეთაში მდებარე ¹34-97 სახლმფლობელობისა და მასში შემავალი მიწის ნაკვეთის დაბრუნება მოითხოვეს.

2004 წლის 27 სექტემბერს ა. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მამის _ ნ. ზ-ისა და ნ. ა-ის სარჩელი ყოფილი საბჭოთა ხელისუფლების დროს მათი წინაპრებისათვის ქ. ბათუმში, ყოფილი ........-ისა და ..........-ის ქუჩების კვეთაში მდებარე ¹34-97 უკანონოდ ჩამორთმეული სახლმფლობელობის _ საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო ნ. და ნ. ა-ებმა გაიფორმეს თავიანთი წილი, როგორც მათი საკუთრება, რის შემდეგაც ხსენებული წილი გაყიდეს. 1999 წლის 20 სექტემბერს ს. პ-ამ და პ. პ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 1997 წლის 8 მაისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა საქმის წარმოება არ განახლებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და ქ. ბათუმში, ყოფილი .......-ისა და ........-ის ქუჩების კვეთაში მდებარე ¹34-97 სახლმფლობელობის მისთვის, როგორც კანონიერი მემკვიდრისთვის, დაბრუნება, ასევე 1994 წელს პ. პ-ის სახელზე უკანონოდ გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, რომ 2004 წლის 13 მაისს ნ. ა-ე გარდაიცვალა, ხოლო მისმა შვილმა ა. ა-ემ, როგორც გარდაცვლილი ნ. ა-ის უფლებამონაცვლემ, 2004 წლის 27 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენით, ფაქტობრივად, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. აღნიშნული განჩინებით მოცემულ საქმეში ნ. ა-ის უფლებამონაცვლედ ჩაება ა. ა-ე და განახლდა საქმის წარმოება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება პ. პ-ი, ხოლო იმავე სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. შ-ის სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

2005 წლის 30 აგვისტოს ა. ა-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ პ. პ-ის, ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის ნოტარიუს ვ. ნ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა სახლმფლობელობის ნახევარი, რომელიც 1931 წელს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მის ბებიას _ ნ. ქ-ეს. აღნიშნული ქონება _ 477,98 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 56,92 კვ.მ საერთო ფართის ორი ოთახი მდებარეობდა ქ. ბათუმში, ........-ისა და .......-ის ქუჩების კვეთაში, ¹34-97-ში. მოპასუხე პ. პ-ი მეუღლე ს. პ-თან ერთად, მდგმურის უფლებით ცხოვრობდა სადავო სახლმფლობელობაში, ხოლო 1994 წლის 2 დეკემბერს უკანონოდ მოახდინა სადავო ოთახების პრივატიზაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა პ. პ-ის სახელზე 1994 წლის 2 დეკემბერს უკანონოდ განხორციელებული სადავო ოთახების პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, ზემოაღნიშნული სახლმფლობელობის ლიტერ “ბ” ნაგებობის 56,92 კვ.მ საერთო ფართის ორი ოთახისა და 358 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლმფლობელობა ა. ა-ის ბებიამ _ ნ. ქ-ემ 1991 წელს შეიძინა, ხოლო აღნიშნული სახლის მოუვლელობის გამო, ბათუმის ¹....... საუბნო სასამართლოს 1940 წლის 19 იანვრის დადგენილებით, ნ. ქ-ეს მიეცა 2 თვის ვადა ხსენებული სახლის შეკეთებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩაირიცხებოდა კომუნალურ ფონდში. პ. პ-ს ეკავა დასახელებული სახლმფლობელობის ნაწილი _ ხის “სარაია”, მოცემული საქმის მასალებით კი არ დასტურდებოდა, რომ პ. პ-ი სადავო სახლში ცხოვრობდა, ამასთან, მან 1994 წელს განახორციელა ბინის პრივატიზაცია იმ ფართზე, რომელიც ქ. ბათუმის მერიას ეკუთვნოდა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო ფართი ა. ა-ის წინაპრებისა იყო, არამედ იგი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მისი დამქირავებელი იყო პ. პ-ი, რის გამოც ა. ა-ის სარჩელი იყო უსაფუძვლო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინება ა. ა-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ა-ემ წარადგინა ცნობა ქ. ბათუმის საბინაო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პ. პ-ს არ გააჩნდა ორდერი იმ საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც მას ეკავა, რის გამოც ა. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა 1994 წელს პ. პ-ის სახელზე გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, იყო საფუძვლიანი. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო იურიდიული შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის თარიღის თაობაზე და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მის დაუსწრებლად, რის გამოც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების მიღება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.