Facebook Twitter

¹ბს-948-909(2კ-07) 5 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ.-ე და თ. ქ.-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ზიანს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 5 იანვარს რ. დ.-მ და თ. ქ.-ა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ წელთა ნამსახურობის, სხვა დანამატებისა და კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹89 ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც მათ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹89 ბრძანება მათი დაკავებული თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ შინაგან საქმეთა ორგანოში 2004 წლის 22 ოქტომბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა იმ პერიოდის ხელფასის ანაზღაურება, რა დროსაც მუშაობდნენ შს ორგანოში, აგრეთვე ხელფასთან ერთად საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობისათვის დანამატის ანაზღაურება.

მოსარჩელეების განმარტებით, ამჟამინდელი სარჩელით ითხოვედნენ იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მათ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიადგათ, ვინაიდან, მუშაობის შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.3 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებისა და საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის ¹568 ბრძანებით 2004 წლის 01 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე თანამდებობრივ განაკვეთებზე დაწესებულ დანამატებს. მიუხედავად მოპასუხისადმი მოსარჩელეთა წერილობითი მიმართვისა, მათთვის არ აუნაზღაურებიათ მოთხოვნილი თანხა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების შემდეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას წელთა ნამსახურობის დანამატის, სხვა დანამატებისა და კომპენსაციების სახით რ. დ.-ის სასარგებლოდ – 1471,94 ლარისა და თ. ქართველიშვილისათვის – 1035,9 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. დ.-ისა და თ. ქ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 22 ოქტომბრიდან მოსარჩელეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდამდე მოპასუხის ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახით, რ. დ.-ის სასარგებლოდ 844,84 ლარისა და თ. ქ.-ის სასარგებლოდ 617,03 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შსს აჭარის ა/რ მთავარმა სამმართველომ; რ. დ.-მ და თ. ქ.-მ.

აპელანტი შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველო სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რ. დ.-ს და თ. ქ.-ს ანალოგიური მოთხოვნით 2005 წლის 13 ივნისს შეტანილი ჰქონდათ სარჩელი სასამართლოში, რომელშიც მითითებული იყო ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საფუძვლად უდევს 2007 წლის 5 იანვრის სარჩელს და რომელზეც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ,,პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანამატებისა და კომპენსაციების ანაზღაურებაზე, ვინაიდან კანონი ხელფასის ცნებაში ითვალისწინებს თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

აპელანტის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა მათი მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა იდენტურია ადრე დაყენებული სასარჩელო მოთხოვნისა, რომელზედაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო საქმისწარმოება, ვინაიდან არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

აპელანტები – რ. დ.-ე და თ. ქ.-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს, რ. დ.-ისა და თ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,პოლიციის შესახებ” კანონის 31.3 მუხლით თანამშრომელი პოლიციაში ნამსახურობისათვის იღებს: ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს; ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს; გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგია დანიშნული; დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

აღნიშნული ნორმის განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლიციელის ხელფასს წარმოადგენს მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, ხოლო სხვა დანარჩენი პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებია.

სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის - აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ბრალით მოსარჩელეების იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.3 მუხლით გათვალისწინებული ხელფასის გარდა.

,,პოლიციის შესახებ” კანონის 31.3 მუხლის ,,ბ” პუნქტით თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციის მუშაკი იღებს სასურსათო ულუფის ღირებულებასაც.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ 2004 წლის 22 ოქტომბრიდან მოსარჩელეები უკანონოდ იქნენ დათხოვნილი პოლიციის ორგანოებიდან. მოსარჩელეთა სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლება არის მოპასუხე აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს ბრალეული ქმედება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებისათვის სოციალური გარანტიების სახით ხელფასზე ფულადი დანამატის (კომპენსაციების) მიუღებლობის საფუძველი გახდა შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹89 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ისინი უკანონოდ გათავისუფლდნენ სამსახურიდან. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა წოდებისათვის დადგენილი განაკვეთის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის თაობაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხა შედიოდა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის ანაზღაურებული ხელფასის ოდენობაში, ე.ი. რ. დ.-ს და თ. ქ.-ს მიღებული ჰქონდათ თანამდებობრივი განაკვეთის დანამატი, რაც გამორიცხავდა ამ თვალსაზრისით მათთვის ზიანის მიყენების ფაქტს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შსს აჭარის ა/რ მთავარმა სამმართველომ; რ. დ.-მ და თ. ქ.-მა.

კასატორი აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ. დ.-ისა და თ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹89 ბრძანებით რ. დ.-ე გათავისუფლდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, ხოლო თ. ქ.-ი ამავე ქვეგანყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

რ. დ.-მ და თ. ქ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით რ. დ.-ის და თ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად გამოცხადდა მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანება და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამუშაოზე 2004 წლის 22 ოქტომბრიდან. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდამდე.

2005 წლის 13 ივნისს რ. დ.-მ და თ. ქ.-მ კვლავ აღძრეს სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოსაგან მოითხოვეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება ხელფასის შესაბამისი დანამატების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულ სარჩელზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 8 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელფასის ცნებაში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი, რაიონული კოეფიციენტი, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატი, ულუფის დანამატი და კანონით გათვალისწინებული სხვა დანმატები და კომპენსაციები კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია როგორც პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და გამიჯნულია ხელფასის ცნებისაგან, რის საფუძველზეც მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ მხოლოდ განაცდური ხელფასი თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთის გაანგარიშებით.

წინამდებარე სარჩელის საფუძველზე მხარეებმა ახალი საფუძვლით მიმართეს სასამართლოს და ამჟამად მოითხოვეს სამუშაოდან მოპასუხის ბრალით მათი მოცდენის პერიოდისათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების მიუცემლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა მისივე ბრალით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება რ. დ.-ის სასარგებლოდ 844,84 ლარის, ხოლო თ. ქ.-ის სასარგებლოდ 617,03 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ემყარება კანონის არასწორ განმარტებას, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

პროცესუალურ მოწინააღმდეგეებზე თ. ქ.-სა და რ. დ.-ზე როგორც შს ორგანოს თანამშრომლებზე, ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" მოთხოვნები. მითითებული დებულების 76-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოს ის თანამშრომლები, რომლებიც უსაფუძვლოდ იქნენ დათხოვნილი შს ორგანოებიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე შს ორგანოებში და სპეციალურ წოდებაში.

იმავე დებულების 79-ე მუხლის თანახმად, შს ორგანოდან უსაფუძვლოდ დათხოვნილ თანამშრომლებს აღდგენის შემთხვევაში აუნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

როგორც ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, მუხლი შეიცავს მითითებით დისპოზიციას, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს და მის დასაზუსტებლად მიუთითებს მოქმედ კანონმდებლობაზე.

"საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, შს ორგანოს მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. ამდენად შს ორგანოს თანამშრომლებზე როგორც საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი იმ საგამონაკლისო ნორმების გათვალისწინებით, რომელიც დადგენილია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონითა და ზემოაღნიშნული დებულებით.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლი განსაზღვრავს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის მოთხოვნის ფარგლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლების შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის მიმართ იმთავითვე დაადგინა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და განსაზღვრა ზიანის ფარგლები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციის მხრიდან მოხელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაში. იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ. დ.-სა და თ. ქ.-ს სრულად აუნაზღაურდათ განაცდური ხელფასი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციის მხრიდან აღარ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის დამატებითი სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებას, და თვლის, რომ აღნიშნული მუხლის შინაარსი გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების შესაძლებლობას და ყურადღებას მიაქცევს თავად მუხლის კონსტრუქციას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამდენად, როგორც ნორმის ანალიზი ცხადყოფს, მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობას კანონმდებელი ადგენს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა. ანუ მითითებული ნორმა გამორიცხავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში არ დასტურდება აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მხრიდან ბრალეული ქმედების ფაქტი, რაც შეუძლებელს ხდის მითითებული ნორმის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა აჭარის ა/რ შს სამმართველოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. დ.-ისა და თ. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.