¹ბს-94-94(კ-08) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 სექტემბერს რ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების ანაზღაურება 1282,71 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1994 წლის 7 ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ...... განყოფილებაში, ხოლო 2001 წლის 17 აპრილიდან ..... განყოფილებაში მედდად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ¹1618 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენდა სულ _ 1282,71 ლარს, კერძოდ, მას მისაღები ჰქონდა ხელფასის სახით 423,67 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,07 ლარი, კვარტალური ჯილდო _ 123,59 ლარი და მატერიალური დახმარება _ 66,38 ლარი (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა რ. ჩ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 423,67 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო _ თანამდებობრივი სარგო საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებით. ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის თანახმად, ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას, ბიუჯეტით გათვალისწინებულია ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული ასიგნებათა მოცულობით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მითითებული ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლომ 2007 წლის 18 სექტემბერს გაცემული ¹3-11/6867 ცნობა ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ იგი არ შეიცავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან რაიმე სახის დაპირებას მასში აღნიშნული თანხების ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 22-23).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინიტროსაგან მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს. აპელანტმა აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა განმარტა, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაეყენებინა იმ დღიდან ერთ თვეში, რაც დადგენილია ხელფასის გაცემის დღედ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში საოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სამ წელში (ს.ფ. 27-29).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ რ. ჩ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებისას არ მიუღია მისი კუთვნილი სახელფასო დავალიანების თანხა. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ ნაწილში დავა საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად არ გადაწყვიტა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 43-46).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანებას. კასატორმა ასევე განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება _ ცნობა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან კვარტალური ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების დავალიანებად აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე, არამედ მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს (ს.ფ. 50-53).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.