¹ბს-951-908(კ-06) 27 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სპს ,,...-ის” დირექტორი ე. დ.-ე და სხვები
მოწინააღმდეგე მხარე - -აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მესამე პირები – ქ. ბათუმის მერია; შპს ,,ბ.-ა”; შპს ,,ე.-ი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სპს ,,...-ის” დირექტორმა ე. დ.-მ და სხვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ სპს ,,..." არის მრავალდარგოვანი ფირმა ,,კ.-ის” სამართალმემკვიდრე, რომელზეც ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის სამსახურის მიერ 1993 წლის 27 მაისს გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა-პროექტი ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩის ¹1-ში ...-ის ასაშენებლად.
პროექტის შესაბამისად 43.71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენდა შენობა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში, ბათუმის ...-ის მომიჯნავედ, რის შემდეგაც სპს ,,..." ((ე. დ.-ე და სხვები) ფაქტობრივად ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. 2005 წლის 3 მარტს სპს ,,...-ის" მიერ შესყიდულ იქნა 43.71 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ხაზინაში გამოსასყიდი თანხის ერთჯერადი შეტანით.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 25 აპრილს სპს ,,...-ის" (ე. დ.-ე და სხვები) დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. იმავე დროს მისთვის ცნობილი გახდა რა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განზრახული ჰქონდა ბათუმის ...-ის გაყიდვა, მიმართა აღნიშნულ სამინისტროს, რომ არ დაეშვა შეცდომა და ...-თან ერთად გასაყიდად არ გაეტანა სპს “...”-ის (ე. დ.-ე და სხვები) კუთვნილი ობიექტი.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა არ გაითვალისწინა ე. დ.-ის კანონიერი მოთხოვნა და უარი უთხრა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში მდებარე 43.71 კვ.მ მიწის ფართისა და მასზე არსებული ნაგებობის სპს ,,...-ის" (ე. დ.-ე და სხვები) საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ აუქციონის წესით გასაყიდად გამიზნული ობიექტისაგან არ გამიჯნა მისი კუთვნილი ქონება, რითაც დაირღვა მისი კანონიერი უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის 2005 წლის 24 მაისის უარის თქმის აქტის გაუქმებასა და ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში მდებარე ...-ის ¹1140 ... პუნქტის შენობისა და შენობის ქვეშ არსებული 43.71 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ მოპასუხეების დავალდებულებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სპს ,,MN"--ის (ე. დ.-ე და სხვები) სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 24 მაისის უარის თქმის აქტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში მდებარე ...-ის ¹1140 ... პუნქტის შენობა და შენობის ქვეშ არსებული 43.71 კვ.მ მიწის ფართი საჯარო რეესტრში გაეტარებინა სპს ,,...-ის" (ე. დ.-ე და სხვები) საკუთრებად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება უნდა შეესაბამებოდეს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრების უფლება მიენიჭებათ ამ კანონის მიღებამდე მათ სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხოლო დადგენილი წესით გამოყოფა, აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ სპს “...-ს" მიწის ნაკვეთი გამოყოფილი უნდა ჰქონოდა ქალაქის საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით. აგრეთვე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ როგორც წესი, პირველ რიგში, ხდება მიწის ნაკვეთის გამოყოფა და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოებზე პროექტისა და ნებართვის დამტკიცება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ჯერ მოხდა პროექტის დამტკიცება არარსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწის გამოყოფა შემდეგშიც არ მომხდარა, თუმცა სასამართლო ამას უმნიშვნელო უზუსტობას უწოდებს და მიაჩნია, რომ, რადგან აჭარის ა/რ ვაჭრობის სამინისტრომ ქ. ბათუმის მერიას ბალანსზე გადასცა სადავო მიწის ნაკვეთი, ეს შეიძლება ჩაითვალოს მიწის გამოყოფის ფაქტად, თუმცა რაიმე აქტი მიწის გამოყოფის თაობაზე არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონით, ვინაიდან მიწის ნაკვეთის გამოყოფა არ მომხდარა ამ კანონით განსაზღვრული წესით.
ასევე გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე გასცა ცნობა ბათუმის სანაპირო დასახლების ადმინისტრაციამ და სპს “MN"-ს დაუდგინა, რომ მას საკუთრებაში გააჩნია 43.71 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი მასზე წილობრივად დამაგრებულ 43.71 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნული ცნობა, აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და კანონიერ საფუძველს მოკლებულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს “ბ.-ის" ტერიტორიაზე და წარმოადგენს მის საკუთრებას და შპს “ბ.-ა" პრივატიზებულ იქნა აუქციონის წესით და მის კანონიერ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “ე.-ი", ხოლო სასამართლო არცკი დაინტერესებულა და არ გამოუკვლევია, თუ ვის ქონებაზე ანიჭებს საკუთრების უფლებას სპს “...-ს". სასამართლოს მსჯელობა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ გასხვისებულა აუქციონის წესით, არასწორია, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს “ბ.-ის" საკუთრებაში არსებულ მიწაზე და იგი აუქციონის წესით მიეყიდა შპს “ე.-ს".
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სპს ,,...-ისათვის" (ე. დ.-ე და სხვები) სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია.
ამავე სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,ბ.-ა” და შპს ,,ე.-ი”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სპს ,,MN--ის" (ე. დ.-ისა და სხვების) სასარჩელო განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 43,71 კვ.მ ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენს რიგ დოკუმენტებს, მათ შორის უნდა წარადგინოს მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც 1998 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ორმაგდება.
ამავე კანონის პირველი მუხლის “ვ" პუნქტით, მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მისი დამოწმებული ასლი.
ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი არ გადაიხდის ამ კანონით დადგენილ ერთჯერად საზღაურს, იგი ვალდებულია 1999 წლის 31 დეკემბრამდე მიწის ნაკვეთი გააფორმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სარგებლობის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა) ფორმით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სპს “MN-ს" (ემენ დაბითაძე და სხვები) 1999 წლის 31 დეკემბრამდე არ გააჩნდა შესაბამისი სამსახურის მიერ მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო 1999 წლის 31 დეკემბერის შემდეგ სადავო მიწის ნაკვეთი არ გაუფორმებიათ საქართველოს სამოქალაქო კანონით დადგენილი სარგებლობის (იჯარა, აღნაგობის, უზუფრუქტი, ქირავნობა) ფორმით. გარდა აღნიშნულისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რაც არ გააჩნია სპს “...-ს" (ე. დ.-ე და სხვები) და მისი მოთხოვნა ასევე არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც: “უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში".
სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ ასევე არ არის დაცული ერთჯერადი საზღაურის გადახდის კანონით დადგენილი წესი, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭებისას ფიზიკური თუ იურიდიული პირი 1998 წლის 31 დეკემბრამდე იხდიდა ერთჯერად საზღაურს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ერთჯერადი საზღაური ორმაგდება, სპს “...-მა" (ე. დ.-ე და სხვები), როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2005 წელს გადაიხადა მხოლოდ მიწის გამოსყიდვის ერთჯერადი საზღაური.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სადავო 43.71 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედის შპს “ე.-ს" მიერ აუქციონის წესით შესყიდულ 888 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რომელიც ამჟამად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც მისი საკუთრება. სპს “...-ის" (ე. დ.-ე და სხვები) დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 24 მაისის უარის თქმის აქტის გაუქმება და იმავე სამსახურის დავალდებულება, გაატაროს 43.71 კვ.მ მიწის ნაკვეთი სპს “MN-ის" (ე. დ.-ე და სხვები) საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში, ხოლო მას სადავოდ არ გაუხდია შპს “ე.-ის" მიერ მის სახელზე 888 კვ.მ ნაკვეთის რეგისტრაციის მონაცემთა სიზუსტე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად: “რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია," ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს “MN-მა".
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რადგანაც არ გაითვალისწინა ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით აჭარის ა/რ ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის დადგენილი ვადა 2005 წლის 31 დეკემბრამდე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ" ქვეპუნქტი, როდესაც ამ კანონით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადასაცემად აუცილებელ დოკუმენტად არ მიიჩნია საქმეში არსებული, ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის სამსახურის მიერ 1993 წლის 27 მაისს გაცემული ნებართვა და სათანადო პროექტი ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში ... პუნქტის ასაშენებლად, რომლის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება შეუძლებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული აკრძალვის გამო, რადგანაც სათანადო უფლებით აღჭურვილმა პირმა _ სპს “...-ის" უფლებრივმა წინამორბედმა ფირმა “კ.-მა", ამ აქტების საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები: ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური პროექტის შესაბამისად, საკუთარი სახსრებით ააგო შენობა-ნაგებობა, რომელშიც უკვე 12 წელიწადია ფუნქციონირებს ნებადართული ... პუნქტი.
ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის სამსახურის მიერ 1993 წლის 27 მაისს გაცემული, აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე განხორციელებული მშენებლობის შედეგად შექმნილ შენობა-ნაგებობაზე საკუთარი უფლება წარმოეშვა ფირმა “კ.-ს", ამ ახალ შენობა-ნაგებობას ქ. ბათუმის მერიის მიერ მიენიჭა დამოუკიდებელი მისამართი: ქ. ბათუმი, ...-ის ქუჩა ¹1, იმ დროს, როდსაც ბათუმის ყოფილი ...-ის შენობას გააჩნდა სულ სხვა მისამართი: ქ. ბათუმი, ...-ის ქ. ¹1.
1996 წლის 7 თებერვალს, ქ. ბათუმის მთავარმა არქიტექტორმა დაამტკიცა აქტი, რომლითაც განახორციელა ფირმა “...-თან" არსებული ... პუნქტის შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა. თავისი არსით, ეს აქტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარმოადგენს ახლად აშენებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრირებისათვის საჭირო დოკუმენტს.
1996 წლის 24 იანვარს, ქ. ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ, რომელიც იმ დროისათვის ასრულებდა საჯარო რეესტრის ფუნქციებს, გაიცა საქმის მასალებში წარმოდგენილი სქემა-ნახაზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში მდებარე ...-ის მიმღები პუნქტის და ამ პუნქტთან არსებული ფირმის თანაშრომელთათვის განკუთვნილი კაფე-ბარი “...-ს" მფლობელია ფირმა “MN". კასატორის მითითებით, ტექბიურომ მათ უძრავ ქონებას მიანიჭა ცალკე ლიტერი “ა/1" განსხვავებით ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში მდებარე ბათუმის ყოფილი ...-ის შენობისაგან, რომელსაც ჰქონდა ლიტერი “ა".
კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ 2005 წლის 4 მაისს, მან გადაიხადა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონით დაწესებული ერთჯერადი გადასახადი, რითაც, ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთრებაში დაიმკვიდრა მის მიერ სათანადო ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ქვეშ არსებული მიწა.
მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა მას აყვანილი აქვს ბალანსზე და ახორციელებს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების რეგულარულ გადახდებს, რაც დასტურდება არსებული ქვითრებით და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ცნობით ქონებისა და მიწის გადასახადების დავალიანების არარსებობის თაობაზე. ეს ქონება, სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, 2004 წლის 29 დეკემბერს შეფასდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და მის ღირებულებად იმ დროისათვის დადგინდა 47300 ლარი.
კასატორი აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 3 მაისს გაცემული ცნობით, ქ. ბათუმის სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციის უფროსმა დაადასტურა, რომ სპს “...-ს" ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹1-ში 1993 წლიდან საკუთრებაში გააჩნდა 43.71 კვ. მ შენობისა და მიწის ფართი.
ზემოთ მითითებული დოკუმენტები, კასატორის მოსაზრებით, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის შესაბამისად, იგი ჩაითვალოს მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის და მის ქვემოთ არსებული 43.71 კვ.მ მიწის მესაკუთრედ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლი, რომლითაც დაყადაღებული ქონების გასხვისება ითვლება დანაშაულად და ისჯება ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. სადავო 43.71 კვ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას ყადაღა დაედო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის განჩინებით და თუUეს ფართობი შედიოდა შპს “ე.-ს" მიერ აუქციონზე შეძენილ 888 კვ. მ მიწის ფართობში, როგორც ეს დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, ფაქტია, რომ აპელანტის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, სასამართლოს სსსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის ანალოგიით საქმე უნდა გადაეცა საგამოძიებო ორგანოებისათვის და სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად შეეჩერებინა საქმის წარმოება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგანაც სასამართლომ სრულყოფილად არ შეასრულა სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომელიც გააბათილებდა ახსნა-განმარტებაში მოყვანილ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაყადაღებული სპს “...-ის" სარგებლობაში არსებული 43.71 კვ.მ მიწისა და შენობა-ნაგებობის ფართი შედიოდეს შპს “ე.-ს” მიერ აუქციონის წესით შესყიდულ 888 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს _ აპელანტ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გაუსხვისებია ყადაღადადებული ქონება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს ,,...” ე. დ.-ისა და სხვების” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების დარღვევათა თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას მართებულადაა გამოყენებული ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭების ძირითად მარეგულირებელ აქტს.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებების შესაბამისად, შენობა (როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) შესაძლოა იყოს ცალკე უფლების ობიექტი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სპს ,,...” ე. დ.-ისა და სხვების” მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სადავო მიწის ნაკვეთზე სპს-ის უფლებრივი საკითხის დადგენა-გამოკვლევის.
როგორც ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს ზემოაღნიშნული კანონის 3.1 მუხლის შინაარსი ცხადყოფს, კანონმდებელმა მიწაზე კერძო საკუთრების უფლების დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთის არსებობის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უფლებადამდგენი დოკუმენტების არასათანადო გამოკვლევა-შეფასების თაობაზე და თვლის, რომ საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
ძირითად მტკიცებულებას, რომელზეც კასატორი აპელირებს, წარმოადგენს ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ 1993 წლის 27 მაისს გაცემული ნებართვა და პროექტი. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მითითებულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემულ ნებართვაში საუბარია მრავალდარგოვანი კოოპერატივი ,,კ.-სათვის” (უფლებამონაცვლე სპს ,,...” ე. დ.-ისა და სხვების”) ...-ის გახსნის ნებართვის მინიჭებაზე. აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ მითითებას მიწის გამოყოფის თაობაზე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სცილდება ქალაქის მთავარი არქიტექტორის კომპეტენციას. რაც შეეხება საქმეში დაცულ პროექტს, მასში საუბარია ,,ვაჭრობის უფლებაზე”, რაც იმთავითვე იყო ცნობილი სპს ,,...” ე. დ.-ისა და სხვების” დირექტორისათვის, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ორგანოებთან მის მიერ წარმოებული მიმოწერა.
აქვე საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: საქმეში ტ.1 ს.ფ. 15 წარმოდგენილია ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა აჭარის ა/რ ვაჭრობის მინისტრისადმი, რომლითაც მერია ითხოვს ბალანსზე გადმოეცეს ...-ის შენობაზე მარცხენა მხრიდან მიშენებული ... პუნქტი.
იმავე საქმეში ს.ფ. 16-ზე დაცულია აჭარის ა/რ ვაჭრობის მინისტრის წერილი ¹2-15, რომლითაც მინისტრი გამოთქვამს თანხმობას ზემოაღნიშნული ობიექტი აყვანილ იქნას მერიის ბალანსზე.
ზემოაღნიშნული დოკუმენტები უდავო დასტურია იმისა, რომ ქონება, რომლის რეგისტრაციასაც კასატორი ითხოვს, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
საქმეში დაცული არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ობიექტის კასატორზე გასხვისების (პრივატიზაციის) ფაქტს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ობიექტი აყვანილია მის ბალანსზე, გარდა იმისა, რომ საქმეში დაცული არ არის ობიექტის ბალანსიდან-ბალანსზე გადაცემის დოკუმენტალური მტკიცებულება, ამასთან საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ ბალანსმფლობელობა არ ნიშნავს ობიექტის საკუთრებაში ქონას და სახელმწიფო ქონების გასხვისების ფორმასა და წესის ადგენს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის 4.3 მუხლის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განაცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებლად მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს.
მითითებული მუხლის მოთხოვნები და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კასატორს არ გააჩნია მიწათსარგებლობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, რაც წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის არასწორი განმარტების თაობაზე, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ დაშვებული უზუსტობა არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს და არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძველს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და მისი შეფასება ხდება როგორც საქმეში დაცული ერთ-ერთი მტკიცებულების. ამასათან საგულისხმოა, რომ ექსპერტის დასკვნა წინამდებარე შემთხვევაში ვერ იმოქმედებს საქმის სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კასატორის უფლებრივი საკითხის დადგენას, კერძოდ აქვს თუ არა მას სადავო ობიექტზე აღმატებული უფლებრივი ინტერესი, რასაც კასატორი ვერ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლოს მხრიდან ასევე გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მე-3 პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანათა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამასახურთან ერთად, საქმეში წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამასახურს დაევალა საკუთრების უფლებით სპს ,,NM” ე. დ.-ისა და სხვებზე” საჯარო რეესტრში გაეტარებინა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩა ¹1-ში მდებარე, ყოფილი ...-ის მარცხენა ფლიგელის ქვეშ არსებული 43,71 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ნაგებობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსობრივი ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად მოხდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ვინაიდან რეგისტრაციის ფაქტით ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა სპს, რის შედეგადაც დაუკმაყოფილებელმა ნაწილმა მიიღო ფორმალური სახე, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აძლევდა გასაჩივრების პროცესუალურ უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპს ,,...” ე. დ.-ისა და სხვების” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს ,,...” ე. დ.-ისა და სხვების” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.