Facebook Twitter

¹ბს-951-912(კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 25 აპრილს მოსარჩელე დ. რ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მესამე პირის _ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2005 წლის 14 დეკემბრის ¹5530 პასუხის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემის დავალება.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელე, 1991 წლის 25 ივნისიდან 23 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის ...-ის ბატალიონის პირად შემადგენლობაში, 1991 წლის 4 ნოემბრიდან 1992 წლის 21 აპრილამდე _ საქართველოს ეროვნული გვარდიის ...-ის ბატალიონში, 1993 წლის 16 მაისს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ბრიგადის მე-... გაგრის ბატალიონში (ს/ნ ...) ¹169 რიგით ჯარისკაცად (ბრიგადის მეთაურის ბრძანება ¹86 პ.37, ბატალიონის მეთაურის ბრძანება ¹7).

1999 წლის 11 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აჭარის ა/რ-ისა და ქ. ბათუმის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემულ იქნა ცნობა მასზედ, რომ მოსარჩელე ნამდვილად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე.

2003 წლის 4 ივნისის საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ბრიგადის მე-... გაგრის ბატალიონის მეთაური, ამავე ბატალიონის ასმეთაური და ოცმეთაური, ხოლო ადასტურებს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, დგინდება, რომ დ. რ.-ე 1993 წლის 16 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... საარმიო კორპუსის ...-ე ბრიგადის მე-... გაგრის ბატალიონში (ს/ნ ...) ¹169 რიგით ჯარისკაცად (ბრიგადის მეთაურის ბრძანება ¹86 §37, ბატალიონის მეთაურის ბრძანება ¹7) და ბატალიონთან ერთად მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, იყო დისციპლინირებული, დროულად და პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს და იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2003 წლის 4 ივნისს მას აფხაზეთის მეომართა კავშირის მიერ გადაეცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანის მოწმობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში მოსარჩელის სამსახურს ასევე ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი მოწმობა, რომელიც სამხედრო ბილეთის შემცვლელია.

საქართველოს პრეზიდენტის ¹632 ბრძანებულების, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 20 ივლისის ინსტრუქციის შესაბამისად, ვეტერანთა დამადასტურებელი პირადობის მოწმობების დამზადებისა და გაცემის საკითხი განეკუთვნება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას, რომელსაც მიმართა მოსარჩელემ და წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რათა მისთვის მიენიჭებინათ ვეტერანის სტატუსი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამატებით საჭირო იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა, მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელისათვის ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო მოსარჩელის მიმართვაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან მიიღო პასუხი, თითქოს საარქივო მასალებში არ მოეპოვებათ ინფორმაცია მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ (ს.ფ. 1-2).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. რ.-მ მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 14 დეკემბრის ¹5530 პასუხის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება (ს.ფ. 1-2).

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე ცნობის გაცემის აუცილებელი პირობაა საქართველო შეიარაღებულ ძალებში მოსარჩელის ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანების არსებობა და ვინაიდან აღნიშნული ბრძანება არ არსებობს, შესაბამისად ცნობაც ვერ გაიცემა. მესამე პირმა, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ უნდა იქნეს ცნობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რათა აღნიშნულის საფუძველზე მოხდეს ვეტერანთა მოწმობის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 14 დეკემბრის ¹5530 წერილი და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე ცნობის გაცემის საკითხის განხილვა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹5530 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების დადასტურების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, რომელიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული ის გარემოება, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა მოსარჩელის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, მოპასუხე მხარეს კი არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სასამართლომ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების თანახმად, სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და მისი ამორიცხვა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.

ამასთანავე სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაო 2005 წლის 14 დეკემბრის მიწერილობა ეწინააღმდეგება კანონს, რადგან მოპასუხის განმარტებით, ,,ვერ იქნა მოძიებული შეიარაღებული ძალების რიგებში მოსარჩელის ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ ინფორმაცია”.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე თანდართული მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ ასევე წარდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო, არ გამოიკვლია და არ შეაფასა სათანადო წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. რ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (ს.ფ. 51-54).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ისე მოსარჩელე დ. რ.-მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო დ. რ.-მ _ სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 14 დეკემბრის წერილი არის მხოლოდ საინფორმაციო წერილი, რომელიც გაიცა მოსარჩელის განცხადების პასუხად. მისივე მითითებით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2004 წლის 20 ივლისის ინსტრუქციის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ხდება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ. არც ერთ სამართლებრივ აქტში და არც აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული არ არის იმის შესახებ, რომ იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც თავდაცვის სამინისტროს არქივში არ მოიპოვება, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა. აღნიშნული საკითხი შესწავლილ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ს.ფ. 60-61).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. რ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო და კადრის სამხედრო სამსახურებს. კანონის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ერთ-ერთ დამადასტურებელ პირობად ითვლება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და ამორიცხვა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას, ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს კანონიერად დაეკისრა აქტის მომზადება და გამოცემა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 92-95).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაზე. სააპელაციო სასამართლომ 1993 წელს წარმოშობილ ურთიერთობაზე გაავრცელა მისი წარმოშობის შემდეგ მიღებული აღნიშნული ნორმატიული აქტები, რითაც დაარღვია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლი, რადგან დასახელებულ ნორმატიულ აქტებს უკუძალა არ აქვთ. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ,,საბრძოლო მოკვლევის” საფუძველზე, მისი საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის ,,უტყუარად და დასაბუთებულად” მიჩნევა, არ გულისხმობს მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული საბრძოლო მოქმედებებში, სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას. საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დადასტურება და ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. ვეტერანთა სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად იგია ვალდებული ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება (ს.ფ.97-102)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.