¹ბს-953-914(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 5 ივლისს თ. წ.-მ და ნ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹18ა-ში. აღნიშნული ბინის გასხვისების მიზნით, მათ მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სახლის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტიდან ამონაწერის მოთხოვნით, რაზეც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მათ უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 9 ივნისის, 2004 წლის 11 ნოემბრის და 2005 წლის 18 იანვრის წერილებით მოსარჩელეებს ერიცხებოდათ დავალიანება, რის საფუძველზეც მოხდა თ. წ.-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გირავნობის უფლების რეგისტრაცია.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საგადასახადო ინსპექციის აღნიშნული დავალიანება შეეხებოდა მოსარჩელეთა მიერ მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის “... ბანკის” წარმომადგენლობაზე იჯარით გადაცემის შედეგად მიღებული იჯარის შემოსავალს, რაც, მოსარჩელეთა განმარტებით, მათ, როგორც შემოსავალი, არ მიუღიათ, კერძოდ, 1995 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელეებსა და “... ბანკის” წარმომადგენლობას შორის გაფორმდა საიჯარო და ასევე ოფისისათვის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ჩატარების ხელშეკრულებები, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, “... ბანკს” მოსარჩელეებისაგან 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹18ა-ში მდებარე მშენებარე სახლი, იმ პირობით, რომ ხუთი წლის ბინის ქირით მოხდებოდა მშენებლობის დასრულება. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 6 თვე, რისთვისაც ნ. ჩ.-მ და თ. წ.-მ “... ბანკისაგან” მშენებლობისათვის ავანსად მიიღეს 210 000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 1995 წელს მოსარჩელისა და “... ბანკის” მიერ დაქირავებულმა კომპანია “ა.-მა” 6 თვეში დაასრულა სამშენებლო სამუშაოები და “... ბანკმა” მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მის მიერ გადახდილი თანხით შესრულებული სამშენებლო სამუშაოები და “... ბანკის” წარმომადგენლობისათვის გათვალისწინებული საოფისე შენობა.
მოსარჩელეთა განცხადებით, “... ბანკის” მიერ მათთვის ავანსად გადარიცხული თანხა – 210000 აშშ დოლარი მათ, როგორც შემოსავალი, არ მიუღიათ და იგი მოხმარდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ხარჯებს.
მოსარჩელეები ასევე უთითებდნენ, რომ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2002 წელს ¹01-05 50/887 წერილით მიმართა თბილისის პროკურატურას თ. წ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით საშემოსავლო გადასახადების თავის არიდების ფაქტზე. თბილისის პროკურატურის მიერ მოკვლეულ იქნა მასალები და 2002 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ნ. ჩ.-ს და თ. წ.-ს მიერ “... ბანკიდან” მიღებული თანხა 210000 აშშ დოლარი არ იყო შემოსავალი და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოხმარდა ოფისის მშენებლობისათვის წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებს.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებეში ასევე უთითებდნენ იმ დროს მოქმედ “ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, “ფიზიკურ პირთა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოებიდან, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებიდან მიღებული შემოსავლის მთლიანი თანხა დაბეგვრის მიზნით მცირდება იმ შემოსავლის მიღებასთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯების თანხით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეები ითხოვდნენ, სასამართლოს მოპასუხისათვის დაევალებინა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 12 ნოემბრის ¹04/03/644, 2004 წლის 9 ივნისის ¹01-05-06/1594 და 2005 წლის 18 იანვრის ¹0107/04/42 შეტყობინებების გაუქმება - ქ. თბილისში ...-ის ქ. ¹18ა-ში მდებარე თ. წ.-ს საკუთრებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირების მოთხოვნის შესახებ.
მოსარჩელეებმა 2006 წლის 31 ივლისის განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 12 ნოემბრის ¹04/03/644; 2004 წლის 9 ივნისის ¹01-05-06/1599 და 2005 წლის 18 იანვრის ¹0107/04/42 შეტყობინებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. წ.-ს და ნ. ჩ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 12 ნოემბრის ¹04/03/644; 2004 წლის 9 ივნისის ¹01-05-06/1599 და 2005 წლის 18 იანვრის ¹0107/04/42 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებები და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბიუჯეტის წინაშე ნ. ჩ.-სა და თ. წ.-ს დავალიანების საკითხთან დაკავშირებით.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის დასაბუთებული, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებებით. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა პროცესში მოწმის სახით ჩართულიყო საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგენი, რადგან 2002 წლის 5 მარტის ¹62 შემოწმების აქტის საფუძველზე მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 64161 ლარის გადახდა, რომელიც დღემდე გადაუხდელია და მისი გადაუხდელობის გამო ზემოთ ხსენებული წერილების საფუძველზე გავრცელდა გირავნობის უფლება მათ ქონებაზე, საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, პროცესში მოწმის სახით საგადასახადო შემოწმების აქტის ავტორის ჩართვას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში აღნიშნავდა, რომ ეთანხმება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას ერიცხება გირავნობა/იპოთეკის უფლება ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 12 ნოემბრის ¹04/03/644, 2004 წლის 9 ივნისის ¹01-05-60/1599 და 2005 წლის 18 იანვრის ¹0107/04/42 შეტყობინებებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო განხილვისას აპელანტის წარმომადგენელი იპოთეკის უფლების წარმოშობას ასაბუთებდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 5 მარტის შემოწმების აქტის არსებობით, რომელიც მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, რადგან აღნიშნული შეტყობინების აქტი არ მოიძებნა. აპელანტის მითითებით, ასევე საქმეში არსებული ქ. თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორის 2002 წლის 3 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ირკვეოდა, რომ არსებობდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001 წლის 26 დეკემბრის შუალედური და 2002 წლის 5 მარტის საგადასახადო შემოწმების ¹62 აქტები, რომელთა თანახმად, ნ. ჩ.-ა და თ. წ.-ა საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულნი არ იყვნენ, როგორც საცხოვრებელი ფართის იჯარით გამქირავებლები, ასევე საგადასახადო დეკლარაციები არ ჰქონდათ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი და არ აწარმოებდნენ შემოსავლებისა და ხარჯების დოკუმენტურ აღრიცხვას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, მან ვერ დაასაბუთა მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომელიც დაედო საფუძვლად გასაჩივრებულ აქტებს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეუძლებელია გასაჩივრებული აქტების სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად დასაბუთებული და საფუძვლიანია სადავო აქტები, ვინაიდან დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას; ხოლო, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული შეფასებები და დასკვნები დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად სასამართლოს თვითონ მოეპოვებინა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და გათვალისწინებული, რითაც სასამართლომ დაარღვია პროცესის მონაწილე მხარის კანონით მონიჭებული უფლება და შესაბამისად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.