ბს-954-918(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ, ა.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონი (მოპასუხე)
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ა.-მ 2006 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის ¹...-ე... სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹55 ბრძანების ბათილად ცნობა, სასკოლო სასწავლო გეგმაში საკორექციო საგნის ,,ჯგუფურის” აღდგენა, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით რ. ა.-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹55 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებითი გაცდენილი დროის ანაზღაურების თაობაზე გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/4377-06 რ. ა.-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონის მიმართ, ქმედების განხორციელების თაობაზე შეწყდა წარმოებით დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ა.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით რ. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე _ ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონს ქმედების განხორციელება _ სასკოლო სასწავლო გეგმაში საგნის ,,ჯგუფურის” აღდგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ა.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; რ. ა.-ს უარი ეთქვა ქ. თბილისის ¹...-ე ... სკოლა-პანსიონისათვის ქმედების განხორციელების _ სასკოლო გეგმაში საგნის ,,ჯგუფურის” აღდგენაზე.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, სკოლის სამეურვეო საბჭო გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო დებულებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდირებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელობიდან პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებლი სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, ხოლო სასკოლო სასწავლო გეგმიდან საგნის ამოღების უფლებამოსილება მას არ გააჩნდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სამეურვეო საბჭო თანხმობას გამოხატავს არა მხოლოდ სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე, არამედ სასკოლო სასწავლო გეგმების თაობაზეც. ამავე კანონის 46- მუხლით რეგლამენტირებულია პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები, რომლის ,,ა” პუნქტის თანახმად, პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად სკოლის სამეურვეო საბჭო კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქციებიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო თავად აერჩია დამატებითი საგანი, ამიტომ პალატამ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის დამტკიცებამდე არ არსებობდა ნორმატიული აქტი, რომელიც სკოლას შესაძლებლობას მისცემდა დამოუკიდებლად აერჩია სასწავლო საგნები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა გამოქვეყნდა სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ¹...-ე სკოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგო ქმედებას, რადგან დამტკიცებული სასწავლო გეგმა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პედაგოგიური საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-34-ე მუხლებით დადგენილი დანაწესის დარღვევის თაობაზე, რადგან სკოლის სასწავლო გეგმის დამტკიცება და ჯგუფური მეცადინეობის სასწავლო გეგმიდან ამოღების საკითხი გადაწყდა სამეურვეო საჭბოს და არა პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლისა და მე-13 მუხლის საფუძველზე მოპასუხის ვალდებულებაზე მოსარჩელე ჩაება პედაგოგიური საბჭოს მიერ ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან 2006 წლის 15 სექტემბრის ¹1 ოქმის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა.-ე მიწვეული იყო პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, სადაც დაფიქსირებულია მისი მოსაზრება ,,ჯგუფურის” საგნის ამოღებასთან დაკავშირებით, რითაც არ დარღვეულა კანონის ზემოხსენებული ნორმები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, კასატორი აღნიშნავს, რომ უწყება მას პირადად არ ჩაბარებია, რის გამოც სასამართლო პროცესის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოში პროცესი უკვე ჩატარებული იყო. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 38-ე მუხლის ,,დ” პუნქტი, ასევე ამავე კანონის 46-ე მუხლის ,,ა” პუნქტი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.