Facebook Twitter

¹ბს-956-917 (კ-07) 1 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. დ-ა, თ. მ-ე, თ. ე-ა, ა. წ-ა, ო ა-ე, მ. მ-ე, მ. გ-ი, ბ. ხ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2007 განჩინება

დავის საგანი _ წელთა ნამსახურობის მიხედვით თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. დ-ამ, თ. მ-ემ, თ. ე-ამ, ა. წ-ამ, ა. გიორგაძემ, ო. ა-ემ, მ. მ-ემ, მ. გ-მა და ბ. ხ-ემ სარჩელი აღძრეს მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ და ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ვადის ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მუშაობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში _ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მთავრობის 22.04.05წ. ¹76-ე დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 28.04.05 ¹116კ, ¹121კ, ¹117კ, ¹111კ, ¹149კ, ¹157კ, ¹120კ, ¹158კ ბრძანებებით. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეკუთვნით წელთა ნამსახურების დანამატის ანაზღაურება და დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლების გამო კომპენსაციის გადახდა 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი გათავისუფლების შესახებ სათანადო წესით არ ყოფილან გაფრთხილებული კანონით დადგენილი ერთი თვის ვადაში, რის გამოც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის თანახმად უნდა აუნაზღაურდეთ ხელფასი გაფრთხილების ვადის ყოველი გადაცილებული დღისათვის. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ შესაბამისი განცხადებით მიმართეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელმაც უარი განაცხადა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მათი გათავისუფლების პერიოდისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ერთ-ერთმა მოსარჩელემ _ ა. გ-ემ სარჩელზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.07წ. განჩინებით საქმის წარმოება ა. გ-ის მოთხოვნის ნაწილში წარმოებით შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.02.07წ. გადაწყვეტილებით მ. დ-ას, თ. მ-ის, თ. ე-ას, ა. წ-ას, ო. ა-ის, მ. მ-ის, მ. გ-ის და ბ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეების სასარგებლოდ 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, აგრეთვე მოსარჩელეთათვის ნამსახურობის წლების დანამატის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის ნამსახურევი წლების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეებისათვის 9 დღის ვადაგადაცილებული ხელფასის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის ხელფასის გათვალისწინებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 29.12.04წ. კანონის თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. მითითებული ცვლილება არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05 წ. გადაწყვეტილებით. ნორმა ძალადაკარგულად ჩაითვალა გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, ხოლო მისი აღსრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2006 წლის 1 იანვარი. ამგვარად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლების დროისათვის _ 28.04.05წ. მოქმედებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა წელთა ნამსახურობისათვის სახელფასო დანამატსა და გათავისუფლებისას კომპენსაციას და შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არ ყოფილან გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთი თვის ვადაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის შესახებ მათ შეიტყვეს “ენერგეტიკის შესახებ” კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე” 22.03.05წ. კანონის გამოქვეყნებიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაცია. კანონი გამოქვეყნდა 12.04.05 წ., ხოლო მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ 03.05.05წ., შესაბამისად, მათ გაფრთხილების ვადის გადაცილებისათვის, უნდა ანაზღაურებოდათ 9 დღის ხელფასი.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.07წ. განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.02.07წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერებული იყო 2005 წლის 1 ინავრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2006 წლის 1 იანვარი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 23.12.05წ. კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შეჩერებული მუხლები ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და ძალაში 01.01.06წ. შევიდა. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ვადის გადაცილებისათვის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ზეპირი ფორმით გაფრთხილებული იყვნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც საკმარისად უნდა ჩაითვალოს, რადგან კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული გაფრთხილების სპეციალური ფორმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.02.08 განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნამსახურევი წლების გათვალისწინებით მოსარჩელეთათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო საჩივარი მოსარჩელეებისათვის 2 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციისა და 9 დღის ვადაგადაცილებული ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 09.07.2007 განჩინება მოსარჩელეთა სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის მიხედვით სახელფასო დანამატის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში _ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა ,,ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე” 22.03.05წ. კანონის და საქართველოს მთავრობის 22.04.05წ., ¹76-ე დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 28.04.05 ¹111კ, ¹116კ, ¹117კ, ¹120კ, ¹121კ, ¹149კ, ¹157კ, ¹158კ ბრძანებებით.

სააპელაციო სასამართლომ წელთა ნამსახურობის მიხედვით სახელფასო დანამატის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისას მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც მოსარჩელეთა გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით ადგენდა, რომ, შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა მოსამსახურეს ეძლეოდა დანამატი ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: 5 წლამდე - 10%, 5-დან 10-წლამდე _ 20%, 10-დან 15-წლამდე _ 25%, 15 წელი და მეტი _ 30%.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით, მოპასუხეს _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეებისათვის წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება, თითოეული მოსარჩელის ნამსახურები წლების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის საგანი წელათა ნამსახურობის მიხედვით სახელფასო დანამატის ანაზრაურების ნაწილში დასაზუსტებელი იყო, კერძოდ, არც სასარჩელო განცხადებაში და არც განხილვის პროცესში მოსარჩელეებს არ დაუზუსტებიათ თუ დროის რა პერიოდს ეხებოდა წელთა ნამსახურობის მიხედვით სახელფასო დანამატის ანაზღაურების მოთხოვნა, გაურკვეველია აგრეთვე თითოეული მოსარჩელის ნამსახურევი წლები და შესაბამისად ის, თუ რა პროცენტული განაკვეთებით მოითხოვეს მოსარჩელეებმა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეზუსტებინა თითოეული მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში, დაედგინა თითოეული მოსარჩელის თანამდებობრივი განაკვეთი, დანამატის პროცენტული ოდენობა, რომელსაც მოითხოვდნენ მოსარჩელეები, შრომის წიგნაკებიდან ამონაწერების გამოკვლევის შედეგად უნდა დადგენილიყო მოთხოვნათა შესაბამისობა ნამსახურებ წელთა ოდენობაზე დადგენილ პროცენტულ განაკვეთთან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების, დავის გადასაწყვეტად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ იყო შესაძლებელი მსჯელობა მოსარჩელეებისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი თანხების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დაკისრების სამართლებრივ ასპექტებზე (სსკ-ის 244-ე მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ საჭიროა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, დავის გადასაწყვეტად საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.07წ. განჩინება მოსარჩელეების – მ. დ-ას, თ. მ-ის, თ. ე-ას, ა. წ-ას, ო. ა-ის, მ. მ-ის, მ. გ-ის, ბ. ხ-ის სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის მიხედვით სახელფასო დანამატის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება