ბს-956-920(კ-08) 13 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 29 ოქტომბერს შ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის გორის ფილიალის მიმართ და კუთვნილი ანაბრის თანხის დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1990 წლამდე საქართველოს ,,........ბანკში" მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს შეტანილი ჰქონდათ 15000 მანეთამდე ანაბარი. საჭიროებისას მოსარჩელემ ,,.......ბანკიდან” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მოითხოვა მისი კუთვნილი ანაბარი, რის დაბრუნებაზეც უარი ეთქვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ სს ,,გ-ი ბანკი” ჩაება.
გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაება.
აღნიშნული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლების თანახმად, მოცემულ საქმეში სს “გ-ი ბანკის” ნაცვლად სათანადო მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იქნა მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან ამ ნორმის თანახმად, საშინაო ვალში აღებული იყო ის თანხა, რომელიც მიღებული იყო ანაბრებზე რიცხული ნაშთების ინდექსაციის შედეგად. საქმის მასალებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით კი დადგენილი იყო, რომ დავის განხილვის დროისათვის არ იყო მომხდარი ანაბრებზე რიცხული ნაშთების ინდექსაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ანაბრებზე რიცხული თანხების ინდექსაცია არ მომხდარა, შესაბამისად, შ. გ-ს არ წარმოშობია მოთხოვნის უფლება, ვინაიდან სახელმწიფო ვალში აღებულ იქნა მოსახლეობის ანაბრების ინდექსაციის შედეგად მიღებული თანხა და არა თვით ანაბრები. ამდენად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობას მოსარჩლის მიერ საბჭოთა მანეთებში შეტანილი ანაბრის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება შ. გ-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 ნოემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის ¹ბს-735-701(კ-07) განჩინებაზე, რომლითაც ვ. გ-ას, ე. გ-ას, ლა., ლი. და ა. რ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.