Facebook Twitter

¹ბს-957-918(კ-07) 5 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

29.09.06წ. ინდმეწარმე “...-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახის წევრს დაგვიანებით ჩაჰბარდა ¹94 საფოსტო გზავნილი, რომლის არსებობის შესახებაც მან შეიტყო 10.09.06წ., როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ეწვია ქონებაზე ყადაღის დასადებად. 11.09.06წ. განცხადებით მიმართა თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსს, რაც დასტურდებოდა განცხადების ასლზე ხელის მოწერით, თუმცა განცხადების პასუხი არ მიუღია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 15.03.06წ. ¹4/IV შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არ შეიცავდა საგადასახადო ვალდებულების ჯამურ ოდენობას და საგადასახადო დავალიანების მოცულობას ლარებში, ხოლო 15.03.06წ. ¹4/V შეტყობინება საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ არ იყო ხელმოწერილი საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ. მოსარჩელის განცხადებით, სადავო აქტებში მითითებული თანხის დარიცხვის საფუძველი მისთვის უცნობია. მოსარჩელემ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თელავის საგადასახადო ინპექციის 15.03.06წ. ¹4/IV შეტყობინების, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ამავე ინსპექციის 15.03.06წ. ¹4/IV შეტყობინების ბათილად ცნობა და სადავო თანხის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა. 22.11.06წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და თელავის საგადასახადო ინსპექციის 01.04.05წ. ¹6 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობაც მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 24.11.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 01.04.05წ. ¹6 საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 15.03.06წ. ¹4/IV შეტყობინებები.

თელავის რაიონული სასამართლოს 24.11.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 24.11.06წ. გადაწყვეტილება, ე. ე.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 01.04.05წ. ¹6 საგადასახადო მოთხოვნა, 15.03.06წ. ¹4/IV შეტყობინებები საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, აპელანტს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო 2001 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე. აღნიშნული შემოწმების აქტი მოპასუხემ ვერ მოიძია და სასამართლოს ვერ წარუდგინა. საქმის მასალებში დაცული არ იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დამდგენი ძირითადი დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო გასაჩივრებული აქტების სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა სადავო აქტების მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში ე. ე.-ს საგადასახადო მოთხოვნა არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით, რაც საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ" პუნქტის თანახმად, განიხილება ვალდებულების აღიარებად და მის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება.

კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი სახის ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ქონების აღწერას, ამ ქონების განკარგვის აკრძალვას, მაგრამ არა ჩვეულებრივი საწარმოო მიზნით გამოყენებას და სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შესანახად გადაცემას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით და ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე. მოცემულ შემთხვევაში გამოცემული იქნა მხოლოდ შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციულ აქტად იქნეს მიჩნეული. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაშვებულიყო განსახილველად, რადგან ყადაღის დადების შესახებ შეტყობინება არ აყენებს ზიანს და არც კანონიერ უფლებას უზღუდავს მოსარჩელეს.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს. მოსარჩელე ე. ე.-მა საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტიურად გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

კასატორის აზრით, სარჩელი არ უნდა ყოფილიყო დასაშვებად ცნობილი და მისი დასაშვებობის საკითხის განხილვის სტადიაზე უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება, რადგანაც სარჩელი აღიძრა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რასაც თავიდანვე აღიარებდა მოსარჩელე, მაგრამ საპატიოდ მიიჩნევდა ვადის გაშვებას და განმარტავდა, რომ სადავო შეტყობინებები ჩაბარდა მის მეუღლეს, რომელსაც ავადმყოფობის გამო დაავიწყდა აღნიშნული აქტების დროულად ადრესატისათვის გადაცემა. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა გურჯაანის ფოსტის ცნობა და ფოსტის ჟურნალის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სადავო შეტყობინებები ჩაბარებული აქვს თვითონ მოსარჩელეს. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ვადის დაღვევით წარდგენილად არ მიიჩნია.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში დასაშვებობის საკითხის განსახილველად საქმის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.10.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.