Facebook Twitter

¹ბს-958-919(კ-07) 19 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2005 წლის 6 ივნისს ვ. ლ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელ ი. კ.-ის, საქართველოში გაერთიანებული ერების წარმომადგენელ ჰ. ტ.-ის, საქართველოში გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა და საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენლის მიმართ და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და პოლიტიკურ პატიმრად აღიარება, საქართველოდან გასვლის ნებართვის მიღება და მოპასუხეებისაგან სოლიდარულად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით 350000 ევროსა და 350000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურება.

2006 წლის 6 დეკემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო სასამართლოს შეთავაზებაზე – არასათანადო მოპასუხეები შეეცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროთი, განაცხადა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ლ.-ი 1989-1997 წლებში იმყოფებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში და სამშობლოში (რუსეთში) გააგზავნეს დასაბრუნებელი მოწმობით. 2002 წელს არალეგალურად შემოვიდა საქართველოში და 2003 წლიდან უკანონოდ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, არის მოქალაქეობის არმქონე პირი.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევს სავიზო და სარეგისტრაციო რეჟიმს და არ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 10 ნოემბრის ¹1367 ბრძანებით დადგენილ იქნა, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი ვ. ლ.-ი გაძევებულ უნდა იქნეს საქართველოდან, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნა საქართველოდან სომხეთში გაძევების შესახებ ვერ იქნა შესრულებული, ვინაიდან ამ უკანასკნელს არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად, უცხოელზე, რომელიც უკანონოდ შემოვიდა საქართველოში ან აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილებას იღებს და აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა საქმეში არასათანადო მოპასუხეთა სათანადო მოპასუხით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროთი შეცვლის თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე, შესაბამისად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე მითითებით, დასახელებული გარემოება სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.

რაც შეეხება მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, ამ უკანასკნელის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებით ვ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. ლ.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ვ. ლ.-ის საკასაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.