Facebook Twitter

¹ბს-95-95(კ-08) 25 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. მ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.05.04წ. განჩინებით კ. გ.-ა და მ. ხ.-ა გამოსახლებულ იქნენ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული, ქ. თბილისში, ...-ის მე-... მ/რ-ის კორპ. ¹10-ში მდებარე ¹ 42 ბინიდან, რომელიც მის კანონიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა აღსასრულებლად. აღსრულების ეტაპზე, 2005 წლის 12 ოქტომბერს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნულ მისამართზე მის სახელზე გაცემული სამოსამსახურო ბინის ორდერი, რაც შემდგომში აღნიშნული ბინიდან კ. გ.-ს თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძველი გახდა. სასამართლომ ისე განიხილა ზემოაღნიშნული ორდერის ბათილად ცნობის საკითხი, რომ მისი ოჯახისათვის არ უცნობებია სასამართლო განხილვისა და საერთოდ საქმის წარმოების შესახებ. სასამართლომ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ უზრუნველყო ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას მხარის სავალდებულო მონაწილეობა, რითაც გამოტანილი გადაწყვეტილებით უშუალოდ შეეზღუდა და დაირღვა მისი უფლებები.

განცხადების ავტორმა მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.05.06წ. განჩინებით ლ. მ.-ის განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ლ. მ.-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...-ის მე-... მ/რ-ის მე-10 კორპუსის ბინა ¹42 ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბინა სარგებლობის უფლებით გადაეცა ა. მ.-ის ოჯახს და 1998 წლის 9 ოქტომბერს გაიცა ორდერი, რომელშიც ბინის დამქირავებელ ა. მ.-თან ერთად შეყვანილ იქნა მისი დედა _ ლ. მ.-ე. ა. მ.-ე გარდაიცვალა 2000 წლის 4 დეკემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.05.04წ. განჩინებით, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 20.11.03წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. მ.-ის და თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და კ. გ.-ა თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით განსაზღვრულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობები. მითითებული მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, ასეთს წარმოადგენს, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო "გ" პუნქტის თანახმად კი პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლ. მ.-ე არ უნდა ყოფილიყო კ. გ.-ს სასარჩელო განცხადების განხილვისას მოწვეული, როგორც დაინტერესებული პირი (მესამე პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) მოპასუხეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის ხელშემწყობი ცენტრის მიმართ, ბინის ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან აღნიშნული სასამართლო დავის შედეგად გაუქმებული იქნა ის ბინის ორდერი, რომელშიც დამქირევებელ ა. მ.-თან ერთად შეყვანილი იყო ლ. მ.-ე, ამასთან არსებობს ლ. მ.-ის და თავდაცვის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სადავო ბინიდან კ. გ.-ს გამოსახლების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. მ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სრულად არ გამოიკვლია ისინი, რითაც დაარღვია სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლები, განჩინება დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც გაუქმდა საცხოვრებელ ბინაზე ა. მ.-ის მიმართ გაცემული სამსახურეობრივი ორდერი, მოწვეული არ ყოფილა ლ. მ.-ე, რომელიც საქმეში წარმოადგენდა ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ის მტკიცებულებები და გარემოებები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, კერძოდ, სასამართლოს არ დაუდგენია თუ როდის გახდა ცნობილი ლ. მ.-თვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.11.05წ. გადაწყვეტილების არსებობა. სასამართლოს არ დაუდგენია დღეის მდგომარეობით ვის საკუთრებაშია და რა სამართლებრივი დოკუმენტაციის საფუძველზე სადავო ბინა. ორდერის გაუქმების საფუძველი გახლდათ ის გარემოება, რომ ორდერი გაცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და ამ საკითხზე თავის დროზე მიმდინარეობდა გამოძიება, რაც ცნობილი იყო ლ. მ.-თვის. ამასთან ამ საქმეში ლ. მ.-ე არ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებულ პირად ჩართული რადგან ის დოკუმენტი (ორდერი) რაზეც ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა საქმეში მესამე პირად ჩართვაზე, თავისი არსით არის არარა აქტი და იგი არანაირ უფლებას არ წამოშობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.