Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-959-915(კ-06) 15 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე ინდმეწარმე “დ. ა-ს” სარჩელისა გამო მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე). საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2006 წლის 13 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე “დ. ა-მ” მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის ¹274 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, ასევე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2005 წლის 24 დეკემბრის ¹274 შეტყობინების მოქმედების შეჩერება (ს.ფ. 2-3).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “დ. ა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც ინდმეწარმე “დ. ა-ს” დაეკისრა 4000 ლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹274 საგადასახადო მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 24 დეკემბრის ¹274 შეტყობინება გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და 2005 წლის 24 დეკემბრის შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ. 39-42).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 45-47).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 65-69).

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 77-78).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში საკასაციო საჩივარზე ხელმომწერი საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ საკასაციო საჩივრის შემოტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციას გაუგრძელდა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალა ინსპექციის მოადგილე ი. ტ-ს მიერ საკასაციო საჩივრის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უშუალოდ ინსპექციის უფროსის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სათანადო ასლების დართვით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადებით აღნიშნული ხარვეზი კვლავ არ იყო შევსებული და საკასაციო საჩივარი კვლავ არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წარმოებაში მიღების პირობებს. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და დატოვებულ იქნებოდა განუხილველად.

ზემოაღნიშნული განჩინების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციას ჩაბარდა 2007 წლის 30 იანვარს. მიუხედავად ამისა, კასატორს _ ფოთის საგადასახადო ინსპექციას დღემდე არ შეუვსია საკასაციო საჩივრის ხარვეზი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.