¹ბს-960-921(კ-07) 27 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ., ე. და მ. კ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 16 ოქტომბერს ე., მ. და მ. კ.-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ წარმოადგენდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ცხოვრობდნენ ქობულეთის პანსიონატ “...-ში” და როგორც ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, მინიჭებული ჰქონდათ _ საოჯახო ნომერი _ 00004.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2006 წელს მიმდინარე პრივატიზაციის დროს, მაშინ, როდესაც კომპანია “აჭ.-მ” შეისყიდა სს “ა.-ის” 100%-იანი და სს “მ.-ის” 52,8%-იან აქციათა პაკეტები, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრა, რომ კომპანია “აჭ.-ის” უნდა უზრუნველეყო სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს “მ.-ში” შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების _ დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ პანსიონატ “...-დან” გამოსახლების შემდეგ, მიმართეს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მათი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დაკისრება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ე., მ. და მ. კ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ამასთან, მოსარჩელეებს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე., მ. და მ. კ.-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ე., მ. და მ. კ.-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე., მ. და მ. კ.-ებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანაბრად, თითოეულს _ 33,33 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე., მ. და მ. კ.-ები იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად (საოჯახო ¹00004) ქობულეთში პანსიონატ “...-ში”, სადაც დაკავებული ჰქონდათ სამი ოთახი. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით კომპანია “აჭ.-ი” ვალდებული იყო უზრუნველეყო სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს “მ.-ში” შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების _ დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით. მოსარჩელეთა ოჯახი პანსიონატ “...-დან” გამოსახლებულ იქნა, რის სანაცვლოდაც დ. კ.-მ, ოჯახის წევრების _ მოსარჩელეების რწმუნებით მიიღო, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული 7000 აშშ დოლარის საკომპენსაციო თანხა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პანსიონატ “...-ის” შენობიდან მოსარჩელეთა გამოსახლება მოხდა 2006 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ ოჯახის სახელით საკომპენსაციო თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო დ. კ.-ე. გამოსახლების შემდეგ, 2006 წლის 16 ოქტომბერს, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდებოდა დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილებთან იდებოდა წერილობითი შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა ოჯახთან არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათი გამოსახლება პანსიონატ “...-ის" შენობიდან მოხდა ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ. ამდენად, ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, მოსარჩელეები არ ექვემდებარებოდნენ დროებითი საცხოვრებელი ფართით დამატებით უზრუნველყოფას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ადგილი არ ჰქონდა უკანონო ქმედების განხორციელებას. მოპასუხის უარი მოსარჩელეების დრობითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე არ აყენებდა ზიანს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს, ვინაიდან მოპასუხე მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ფულადი კომპენსაციის გაცემით სახელმწიფომ შეასრულა თავისი მოვალეობა დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ვინაიდან ფულადი კომპენსაცია იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებზე, მათ შორის, მოსარჩელეთა ოჯახზეც გაიცა მათი თანხმობით, სახელმწიფოს მიერ დროებით საცხოვრებლად გამოყოფილი ფართის სანაცვლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დასაბუთებული იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, ხოლო მოსარჩელეთათვის სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებული იყო გადაეხადა სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგებოდა, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდებოდა თანაბრად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი უნდა დაეკისრებინა თანაბრად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება მ., ე. და მ. კ.-ებმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ., ე. და მ. კ.-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ., ე. და მ. კ.-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან კასატორებს მოცემულ არაქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარზე არ აქვთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის 30 პროცენტის _ 90 ლარის თანაბარწილად გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ., ე. და მ. კ.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. მ., ე. და მ. კ.-ებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი _ 90 ლარის თანაბარწილად გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.