Facebook Twitter

ბს-961-922(კ-07) 30 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ფ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მესამე პირი – რ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.07წ. განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ფ-ემ 20.01.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს მოპასუხე გონიოს თემის საკრებულოს მიმართ და აღნიშნა, რომ 1990 წელს ცალკე კომლად გამოეყო სოფ. გონიოში, კვარიათის უბანში მდებარე ძირითად კომლს. გამოყოფის დღიდანვე მიმართავდა გონიოს თემის საკრებულოს, რათა გამოეყოთ 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მამისეული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკრებულო ვალდებული იყო გამოეყო მისთვის მიწის ნაკვეთი, გამოეცა ამის შესახებ გადაწყვეტილება, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა აქტები. გონიოს თემის საკრებულოს რაიმე რეაგირება არ მოუხდენია, რითაც მოსარჩელეს მიაყენა მორალური და მატერიალური ზიანი. უფრო მეტიც, მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ფარულად მიეზომა ქალაქში მაცხოვრებელს – რ. ა-ეს. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ რ. ა-ემ 16.03.97წ. მიმართა საკრებულოს ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით, ნაკვეთის გამოსაყოფად საკრებულომ 27.03.97წ. გამოსცა დათვალიერების აქტი, რწმუნებულთა კრებამ 01.04.97წ. მიიღო გადაწყვეტილება, შეადგინა დათვალიერების აქტი და უთარიღო დასკვნა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ნაკვეთის გამოსაყოფად დადგენილი პროცედურები არ დასრულებულა, კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად არ გამოცემულა საკრებულოს გადაწყვეტილება და მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე არ უარყოფს მის მიერ მოყვანილ ფაქტებს და მზადაა გამოსცეს ახალი აქტები. საქართველოს პრეზიდენტის 22.03.96წ. დადგენილების 2 პუნქტზე დაყრდნობით მოსარჩელე ითხოვდა მისი კომლისათვის ნაკვეთის გადაცემას, 1999 წლის 1 იანვრამდე ნაკვეთზე დოკუმენტაციის გაფორმებას. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტების შეცვლა, გონიოს თემის საკრებულოსათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის მატერიალური (5000ლ) და მორალური (2000ლ) ზიანის ანაზღაურება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 27.02.06წ. განჩინებით სარჩელი არ იქნა დაშვებული და საქმის წარმოება შეწყდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.06წ. განჩინებით თ. ფ-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 27.02.06წ. განჩინება და თ. ფ-ის სარჩელი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 05.02.07წ. განჩინებით გონიოს თემის საკრებულოს ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტი, იმავე დღეს მიღებული განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, რ. ა-ე ჩართულ იქნა საქმეში მესამე პირად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.02.07წ. გადაწყვეტილებით თ. ფ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.07წ. განჩინებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.02.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შექმნილმა კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა რ. ა-ის თხოვნის დაკმაყოფილება და შეარჩია სამოსახლო მიწის ნაკვეთი კვარიათში, კოოპერატიული მეურნეობის ¹4 ბრიგადის ტერიტორიაზე. სოფელ გონიოს რწმუნებულთა კრების ¹1 ოქმით დამტკიცდა კომისიის მიერ წარდგენილი დათვალიერება-შერჩევის აქტი და რ. ა-ეს, როგორც მესამე კატეგორიის კომლს გამოეყო სარეფორმო ფონდში რიცხული 0,12 ჰა ციტრუსების ფართობი, 27.03.96წ. შედგა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტი, 02.07.99წ. გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი ¹22/9-2, 03.10.08წ. საკუთრების უფლებით ნაკვეთი გატარდა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში, რითაც დაცული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწა გამოყოფილია მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹42 და 16.02.92წ. ¹128 დადგენილებების შესაბამისად, დაცულია აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” კანონის 22.2 მუხლით დადგენილი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ 27.03.97წ. დათვალიერების აქტის და 01.04.97წ. რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ თ. ფ-ე ცალკე კომლად არის რეგისტრირებული, იგი 1990 წლიდან აღრიცხულია პირველი კატეგორიის კომლად და მინისტრთა კაბინეტის 06.02.92წ. ¹128 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად ეკუთვნის პირველი კატეგორიის კომლისათვის დადგენილი ოდენობით ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის გამოყოფა უნდა მომხდარიყო მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით. მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო 0,12 ჰა ნაკვეთი მას გამოეყო და ფლობს რაიმე დოკუმენტით დადასტურებული არ არის. საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულების მე-4 პუნქტით ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოა შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის არსებობა: მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გეგმის თანდართვით, საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია. ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან თ. ფ-ეს არ გააჩნია არცერთი, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ თ. ფ-ეს ნაკვეთი გამოეყო, რაზედაც საკომლო წიგნში გაკეთდა ჩანაწერი. სოფელ გონიოს რწმუნებულთა კრების @¹1 ოქმის, ნაკვეთის გამოყოფის 27.03.96წ. აქტით, 02.07.99წ მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 0,12 ჰა ნაკვეთის მესაკუთრეთ საჯარო რეესტრში კანონმდებლობის სრული დაცვით რეგისტრირებულია რ. ა-ე. სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად მოქმედებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია, ჩანაწერი ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად უსაფუძვლოა თ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა რ. ა-ის სახელზე აღრიცხული 0,12 ჰა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 31.07.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ის მიერ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ რ. ა-ზე ნაკვეთის გადაცემისას დაირღვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების და გამოცემის წესი, გადაწყვეტილება გამოტანილია მტკიცებულებების კანონიერების შემოწმების გარეშე, არ დაკმაყოფილდა გონიოს საკრებულოს მოთხოვნა მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ მიღება-ჩაბარების აქტი დაედო საფუძვლად საკუთრების დამადასტურებელ საბუთს და გადაწყვეტილების გამოტანას. რ. ა-ის ნაკთევის გაცემა მოხდა სზაკ-ის 601 მუხლის დარღვევით, მიღება-ჩაბარების აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევის შესახებ აღინიშნა სასარჩელო განცხადებაში, წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, აქტის ბათილობას სთხოვდა აქტის გამომცემი ორგანო, გონიოს საკრებულოს გამგებელი მაგრამ სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე, მიუხედავად ამისა სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება დასტურდება გონიოს საკომლო წიგნის მიწის გამოყოფის პარაგრაფში ჩანაწერით, რომელიც სზაკ-ის 58-ე მუხლის დარღვევით მოსარჩელის შეუტყობინებლად იქნა შესწორებული.

საკასაციო სასამართლოს 05.03.08წ. განჩინებით თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მამისეული საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ სადავო 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი თ. ფ-ეს არ გამოყოფია, ნაკვეთს იგი ფლობს ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე, არ ადასტურებს რ. ა-ის ნაკვეთის გამოყოფის მართლზომიერებას. ის გარემოება, რომ თ. ფ-ეს არ წარმოუდგენია საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ ¹327 ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ერთ-ერთი დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გეგმა, საგადასახადო სია) არ ადასტურებს რ. ა-ის სადავო ნაკვეთის გამოყოფის მართლზომიერებას. ამასთანავე, გაურკვეველია თუ რის გამო არ გამოეყო მიწის რეფორმის შედეგად თ. ფ-ის კომლს მიწის ნაკვეთი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ თ. ფ-ე საქართველოში მიწის რეფორმის დაწყებამდე, ცალკე კომლად იყო გამოყოფილი გონიოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 25.05.90წ ¹76 გადაწყვეტილებით, იგი პირველი კატეგორიის კომლად 1990 წლიდან არის აღრიცხული. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.02.92წ. ¹128 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაცემა უნდა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. თ. ფ-ე არის სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქე, რაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48, 06.02.92წ. ¹128, 10.03.92წ. ¹290 დადგენილებების თანახმად წარმოადგენს თ. ფ-ის პირველი კატეგორიის კომლად მიკუთვნების საფუძველს. მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტის მიხედვით ქალაქად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად და საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწები გადაეცემათ დადგენილი ნორმის მიხედვით, სოფლად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე მიწების გაცემის შემდეგ. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. ა-ეს მიწის ნაკვეთი გამოეყო მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 და 06.02.92წ. ¹128 დადგენილებების შესაბამისად, დაუსაბუთებელია რ. ა-ის მიწის ნაკვეთის გამოყოფა პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთით არ არის დაკმაყოფილებული პირველი კატეგორიის კომლი. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი არგუმენტაცია წინააღმდეგობრივია, სასამართლო აღიარებს იმას, რომ თ. ფ-ის კომლი პირველი კატეგორიის კომლს განეკუთვნება და მას ეკუთვნოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი პირველი კატეგორიის კომლისათვის დადგენილი ოდენობით, აღნიშნული გამორიცხავს მესამე კატეგორიის კომლისათვის ნაკვეთის გამოყოფის შესაძლებლობას. უსაფუძვლოა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ დაცულია ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის 22.2 მუხლით დადგენილი ვადა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა დადგენილ ვადაში მიწის ნაკვეთების გამოყოფას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები კომლებისათვის (ოჯახებისათვის), ხოლო რ. ა-ე საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად (ტ.1, ს.ფ. 55) არის ქ. თბილისის მაცხოვრებელი. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კაბინეტის 16.01.93წ. ¹39 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად რაიონებს უნდა შეერჩიათ დადგენილების დანართით დამტკიცებული ოდენობის ფარგლებში ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის გადასაცემი ფართობები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით, საქმეზე გარკვევას საჭიროებს გამოყოფილი იყო თუ არა სადავო ნაკვეთი ქალაქში მაცხოვრებელი პირისათვის გასანაწილებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დეტერმინირებულია ნაკვეთზე უფლების წარმოშობის დოკუმენტით. რ. ა-ის სახელზე შედგენილი იმ დოკუმენტაციის ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ რ. ა-ის რეგისტრაციას, თავისთავად გამოიწვევს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, თ. ფ-ის სასარჩელო განცხადებაში (ტ.1, ს.ფ. 2-3) არაერთგზის არის აღნიშნული რ. ა-ის ნაკვეთის გადაცემის აქტების ბათილად ცნობის, ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლისა და ნაკვეთის მის სახელზე გაფორმების შესახებ. ამდენად, სკ-ის 312-ე მუხლზე მითითება, რომლის თანახმად მოქმედებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია, ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, არ ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის რ. ა-ის გადაცემის კანონიერებას, მით უფრო, რომ საჯარო რეესტრში ჩანაწერი განხორციელდა ნაკვეთზე სასამართლოში დავის აღძვრის შემდეგ. გარდა ამისა, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ითხოვდა რ. ა-ის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ყველა აქტის ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანს შეადგენს მხოლოდ დათვალიერების აქტი-დასკვნა და გონიოს კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 01.04.97წ. ოქმი, ამასთანავე აღნიშნულის მიუხედავად საქმეში მოპასუხედ არ ჩართულა გონიოს კოოპერატიული მეურნეობა.

თ. ფ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფა უნდა მომხდარიყო ადგილობრივი ორგანოს მიერ შესაბამისი აქტით, მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმად მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. თავის მხრივ, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია იმაზე თუ რამდენად შეესაბამება ხსენებული ნორმით დადგენილ წესს რ. ა-ის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფა, სააპელაციო პალატის ყურადღების მიღმა დარჩა საკითხი რწმუნებულთა კრების უფლებამოსილების შესახებ, არ გარკვეულა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ის აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო რ. ა-ის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაკვეთი რ. ა-ეს გამოეყო საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით, მაშინ როდესაც მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ. ¹503 დადგენილებით და საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ ¹327 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის რეკვიზიტების თანახმად აქტის საფუძველს წარმოადგენს საკრებულოს და არა კოოპერატივის რწმუნებულთა კრების დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა ამ გარემოებაზე (ტ.1, ს.ფ. 20), სასამართლომ ამ საკითხზე არ იქონია მსჯელობა. გარდა ამისა, საქმის მასალებით, კერძოდ სარჩელის შინაარსით დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელისათვის უცნობი იყო რ. ა-ის სახელზე სადავო ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, მოსარჩელე ზოგადად მოითხოვდა ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული აქტების და არა მხოლოდ დათვალიერების აქტის და რწმუნებულთა კრების 01.04.97წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ. ¹503 დადგენილებით მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწის სარგებლობაში გადაცემის ძირითადი დოკუმენტი, სასამართლოს დავის საგნის დაზუსტების შემდეგ უნდა ემსჯელა მისი გამოცემის კანონიერებაზე, მით უფრო, რომ მოსარჩელე პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში ამახვილებდა ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით გამოცემულია ორი სხვადასხვა მაგრამ ერთი და იგივე ნომრით მიღება-ჩაბარების აქტი. მიუხედავად აღნიშნულისა სააპელაციო პალატამ რ. ა-ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტის თვით გაცემის ფაქტი მიიჩნია ნაკვეთის რ. ა-ის საკუთრებაში გადაცემის კანონიერების დამადასტურებელ გარემოებად.

საქმის მასალებით არ დასტურდება თ. ფ-ის მოთხოვნა სადავო ნაკვეთის მის საკუთრებაში ყოფნის აღიარების შესახებ. სასარჩელო განცხადებაში თ. ფ-ე ითხოვს ნაკვეთის რ. ა-ის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული აქტების ბათილად ცნობას, დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას, რის შედეგად ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარებული იქნება არა რ. ა-ე, არამედ თ. ფ-ე. მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა მოპასუხის – გონიოს თემის საკრებულოს მზადყოფნას ნაკვეთთან დაკავშირებით თ. ფ-ის სახელზე გამოსცეს ახალი აქტები. მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნაკვეთის მისი კომლისათვის გადაცემას, ნაკვეთზე დოკუმენტაციის გაფორმებას. აღნიშნულის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 27.02.06წ. განჩინებაში მიეთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემით მიწის მის საკუთრებაში გადაცემას. ამდენად, გარკვევას საჭიროებს თ. ფ-ის მიერ სარჩელის სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძვრა, საქმის ხელახალი განხილვისათვის სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი უნდა დაზუსტდეს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მესამე პირის წარმოდგენილ მოსაზრებას თ. ფ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვის დოკუმენტების თ. ფ-ის გადაცემის შესახებ, თ. ფ-ე დღემდე ფლობდა და სარგებლობდა ნაკვეთით, შესაბამისად ის გარემოება, რომ რ. ა-ის ნაკვეთის გადაცემიდან გასულია სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა არ ადასტურებს თ. ფ-ის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაცდენას.

საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე მესამე პირის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. ფ-ეს არ მიუმართავს ადგილობრივი ორგანოებისათვის ნაკვეთის გამოსაყოფად. ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 29.09.06წ. ¹426 განკარგულებით გამოყოფილი კომისიის დასკვნით (ტ.1, ს.ფ. 56-57) დასტურდება, რომ თ. ფ-ეს არაერთგზის მიუმართავს საკრებულოს გამგეობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სასკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს შეადგენს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე საჭიროა დავის საგნის დაზუსტება, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყოველივე ზემოაღნიშნული, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს და გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.