Facebook Twitter

¹ბს-962-923(კ-07) 3 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს ,,.....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 7 ივნისს სს ,,...." სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,....” და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების - აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 17 აგვისტოს ¹33 დადგენილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სს ,,...." სამეწარმეო რეესტრში გატარდა 21.06.96წ. საწარმოს საწესდებო კაპიტალში შედიოდა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹16-ში მდებარე მაღაზია. მოსარჩელის განმარტებით, სს ,,....." დააფუძნა აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ. 12.05.99წ. ბათუმის მერმა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიმართა სააქციო საზოგადოების კაპიტალში სახელმწიფო წილის შემცირების ხარჯზე ზემოაღნიშნული მაღაზიის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის თხოვნით. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტით დაკმაყოფილდა ბათუმის მერის თხოვნა და ქ. ბათუმში, კ. .... ქუჩის ¹16-ში მდებარე მაღაზია გადაეცა ქ. ბათუმის მერიას, სს ,,...." სახელმწიფოს მიერ გატანილი წილის ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,...." და ქონება მის საკუთრებაში გადავიდა. მოსარჩელის მოსაზრებით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტით შეილახა სს ,,...." საკუთრების უფლება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა უფლებამოსილების გადამეტებით და შპს ,,...." უკანონოდ მოიპოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. მოსარჩელის განცხადებით, გასაჩივრებული აქტი ფაქტობრივად ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენდა, რის გამოც მისი გასაჩივრების მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობას, სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღდგენასა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის სადავო ქონების მის სახელზე დარეგისტრირების დავალდებულებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.08.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის შუამდგომლობა და აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო საქმეში ჩაება მესამე პირად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,..." შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ქ. ბათუმში .... ქ. ¹11-ში მდებარე შპს ,,..." ქონებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,..." სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,...." ჩამოერთვა და მოსარჩელეს დაუბრუნდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹16-ში მდებარე 34 806 ლარად შეფასებული მაღაზია; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი, შესაბამის სამსახურებს დაეკისრათ გადაწყვეტილების შესაბამისად სადავო ქონების რეგისტრაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,....", აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და აჭარის ა/რ მთავრობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, შპს ,,...." საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,...." სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი მისი ბათილად გამოცხადების დღიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო ქონების სს ,,...." სახელზე აღრიცხვა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...", აჭარის ა/რ მთავრობამ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ქ. ბათუმის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა კაბინეტის 01.12.92წ. ¹1074 გადაწყვეტილებით სადავო ქონება გადაეცა ბათუმის ფეხსაცმლის სამრეწველო სავაჭრო გაერთიანებას. 29.06.99წ. სს ,,..." აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ქონების ქონების მართვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹83 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე სადავო ქონება ქ. ბათუმის მერიას გადაეცა. 30.09.99წ. ქონების მართვის სამინისტრომ დააფუძნა შპს ,,...", რომლის საწესდებო კაპიტალში შევიდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹16-ში მდებარე მაღაზია. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით ქონება განიკარგა სამეწარმეო რეესტრში სს ,,..." საერთო კრების გადაწყვეტილების რეგისტრაციამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ მიიღო ადმინისტრაციული აქტი იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო სადავო ქონების მესაკუთრეც რომ ყოფილიყო, სადავო ქონების განკარგვის უფლებამოსილება ასეთ შემთხვევაშიც არ ექნებოდა, ვინაიდან სახელმწიფო ქონების განკარგვა ქონების მართვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რაც ზაკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე, არარა ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდა, რომელზეც ზაკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ ვრცელდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადები. მართალია, ზაკ-ის მე-60 მუხლი არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მიღებულია 24.06.05წ., მაგრამ ამავე კოდექსის 218.2 მუხლი ითვალისწინებს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუ სახეზეა ზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (ადმინისტრაციული აქტის არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემა).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს ,,...." სადავო ნივთის უკანონო მესაკუთრეა, ვინაიდან ნივთი მას არ შეუძენია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც 172-ე მუხლის საფუძველზე სს ,,..." უფლებამოსილი იყო საკუთარი ნივთი გამოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და აჭარის ა/რ მთავრობამ.

კასატორმა ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნა, რომ სს ,,...." საწესდებო კაპიტალში 29.06.99წ. აქციათა 77,5% მესაკუთრე სახელმწიფო იყო. 29.06.99წ. საერთო კრებაზე მიღებულ იქნა საწესდებო კაპიტალიდან წილის ნატურით გატანის შესახებ გადაწყვეტილება. მიღებული გადაწყვეტილება 21.09.99წ. გატარდა სამეწარმეო რეესტრში. კასატორის აზრით, სასამართლოს შეეძლო ბათილად ეცნო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი, მაგრამ სს-ის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად უნდა ემსჯელა სააქციო საზოგადოების საერთო კრების 29.06.99წ. გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. კასატორს მიაჩნდა, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი უნდა ყოფილიყო სასამართლოს განსჯის საგანი, რომლის გაუქმების გარეშეც სადავო ნივთის მიკუთვნება ამა თუ იმ პირისადმი არავითარ ზიანს არ აყენებდა მოსარჩელეს. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ შეგნებულად არ იქნა გასაჩივრებული სააქციო საზოგადოების საერთო კრების 29.06.99წ. გადაწყვეტილება, ვინაიდან ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 15.2 მუხლით განსაზღვრულია, რომ პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს მათი მიღებიდან ორი თვის ვადაში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მიერ ასევე არ იქნა განსაზღვრული სადავო ქონების სააქციო საზოგადოებისათვის გადაცემის შემდეგ, ვისი წილის სახით უნდა შესულიყო ქონება საწესდებო კაპიტალში. კასატორის განმარტებით, მიუხედავად საკასაციო პალატის მითითების, გამოეთხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 09.07.99წ. ¹109 დადგენილება და გამოეკვლია სს ,,...." აქციონერთა კრების 29.06.99წ. ოქმი - აღნიშნული საკითხი არც სააპელაციო და არც რაიონული სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. კასატორმა, ქ. ბათუმის მერიამ, სააპელაციო პალატის 19.05.06წ. განჩინების გაუქმება და სს ,,...." სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის 3.3 მუხლის მეორე აბზაცი, რომლის თანახმად, შესატანის უკან დაბრუნება კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისათვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული უნდა იყოს სამეწარმეო რეესტრში. კასატორს მიაჩნდა, რომ სახელმწიფომ, როგორც პარტნიორმა, გააკეთა ის, რისი უფლებამოსილებაც გააჩნდა - დაიბრუნა შესატანის ნაწილი საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით და ზედმეტად გატანილი შესატანის კომპენსირება განახორციელა სს ,,....", სს ,,...." და სს ,,..." შესაბამისი ღირებულების აქციების გადაცემის გზით.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების მე-2 პუნქტი მისი ბათილად გამოცხადების მომენტიდან, მაგრამ იმავდროულად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა. ერთი მხრივ, სადავო აქტი სასამართლომ ბათილად ცნო მისი ბათილად გამოცხადების დღიდან და ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები და სამართლებრივი შედეგები დატოვა ძალაში. ძალაში დარჩა ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული მოქმედება, რომლითაც შპს ,,..." საკუთრებაში აღირიცხა სადავო ქონება, იმავდროულად, სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო უძრავი ქონების სს ,,...." საკუთრებაში აღრიცხვა.

კასატორი მიიჩნევდა, რომ განსახილველი საქმისწარმოება სასამართლოს სასკ-ის 22.3 მუხლის საფუძველზე უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი მოსარჩელეს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა. კასატორის აზრით, თუ სასამართლო სადავო აქტს მიიჩნევდა ბათილად, მაშინ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება, ხოლო თუ სადავო აქტს არარა აქტად მიიჩნევდა, მაშინ მას ბათილად გამოცხადების მომენტამდე აქტის საფუძველზე განხორციელებული სამართლებრივი შედეგები არ უნდა დაეტოვებინა ძალაში. კასატორმა აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.01.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ ისე დატოვა უცვლელად, რომ ბუნდოვანი დარჩა - ბათილად ცნო თუ არარა აქტად აღიარა სადავო აქტი. კასატორმა მიუთითა აგრეთვე, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორმა აჭარის ა/რ მთავრობამ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 17.08.99წ. ¹33 დადგენილების გამოცემით, სს ,,...." უშუალო და პირდაპირი ზიანის მიყენების ფაქტი არ დგინდებოდა. სადავო დადგენილებით მერიას გადაეცა ქონება, რომლის საწესდებო კაპიტალიდან ამოღება და მის სანაცვლოდ სს ,,...." და ,,..." აქციების მიღება სს ,,...." საერთო კრებამ ერთხმად გადაწყვიტა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აჭარის ა/რ მთავრობას მიაჩნდა, რომ სს ,,...." არ ჰქონდა აღნიშნული მოთხოვნის დაყენების უფლება და მას, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, უარი უნდა ეთქვას სარჩელზე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სადავო აქტი ისე ცნო ბათილად, რომ სამოტივაციო ნაწილით აქტის ბათილობის საფუძველზე საერთოდ არ უმსჯელია. სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში დაასაბუთა ზაკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის არარად აღიარების მართებულობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად, ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სს ,,...” აქციონერთა საერთოO კრების 1999 წლის 29 ივნისის ¹1 ოქმის საფუძველზე აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაეცა სააქციო საზოგადოების 1389425 ლარის საბალანსო ღირებულების ქონება, მათ შორის, მაღაზია, სს ,,...” აქციონერთა საერთოი კრების 1999 წლის 29 ივნისის ¹1 ოქმის საფუძველზე განხორციელდა პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალიდან შესატანის უკან დაბრუნება, რაც ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებაში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, რაც რეგისტრირებულ უნდა იყოს სამეწარმეო რეესტრში. სააპელაციო პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში აქციონერთა საერთო კრებამ გამოხატა ნება და მიიღო გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის შემცირების ხარჯზე რიგი ქონების, მათ შორის ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹16-ში არსებული არასაცხოვრებელი ფართის ნატურით გატანის შესახებ. ასეთი ფორმით კაპიტალის შემცირებამ საზოგადოებისათვის შესაბამისი სამართლებრივი შედეგი გამოიწვია გადაწყვეტილების მიღებიდან საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციამდე. ამდენად, აღნიშნული მაღაზია, სადავო აქტის მიღების დროს, სს ......” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იყო და საწარმოს საკუთრებას არ წარმოაედგენდა. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ თვად საზოგადებას უნდა უზრუნველეყო წესდებისა და სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, სახელმწიფომ კი შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოახდინა ზედმეტად გატანილი ქონების კომპენსირება.

ფაქტობრივი მდგომარეობით, 1999 წლის 29 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული დადგენილება რეგისტრირებულია საჯარო რეეტრში, იგი გაუქმებული არ არის და ძალაშია.

საყურადღებოა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 17 აგვისტოს დადგენილების მე-2 პუნქტი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელეების მოთხოვნა იმავდროულად არის ხანდაზმული, ვინაიდან სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილება მიღებულია 1999 წლის 17 აგვისტოს, მომდევნო თვის 17 სექტემბრისთვის იგი ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, ხოლო მითითებული აქტი გასაჩივრებულია 2004 წლის 7 ივნისს, რაც შეეხება მოსარჩელე სს ,,....” უფლებადამცავ ინტერესს განსახილველი საქმის მიმართ, ცხადია, რომ ქონება, რომელზეც ის აცხადებს პრეტენზიას სარჩელის შეტანის დროისათვის, მის საკუთრებას არ წარმოადგენდა, შესაბამისად გასაჩივრებული აქტის ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს არ აყენებს და არც უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...”.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული 1999 წლის 17 აგვისტოს დადგენილება წარმოადგენს სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელს. ამ მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად.

სზკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად: 1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს; 2. კანონით დადგენილ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითად ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას, ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს, ან კანონიერ ინტერესს; 3. დაინტერებული მხარისათვის ფოტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია; 4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში; მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს არ წარმუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 1999 წლის 17 სექტემბერს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,...” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად სს ,,....” საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სს ,,...” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სს ,,....” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას სს ,,....” საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. სს ,,....” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101502;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.