Facebook Twitter

¹ბს-964-925(კ-07) 28 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) _ 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “ა-ი”, დირექტორი _ რ. ც-ე, წარმომადგენელი _ მ. ქ-ე

მოპასუხე სარჩელში _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 29 ნოემბერს შპს “ა-მა” სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 593-595-ე მუხლების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს “ა-ს” შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება 25 წლის ვადით, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში 2005 წლის 22 თებერვალს. იჯარით რიცხულ მიწაზე შპს “ა-ის” მიერ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღდგა კომუნიკაციები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გარემონტდა ცალკეული შენობები, აღდგა 6000 კვ.მ-მდე სათბური, განხორციელდა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ვარაუდობდა საიჯარო ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას, რასაც სჭირდებოდა 3000000 ლარი და ამ მიზნით მოიძია ინვესტორი, რომელიც დათანხმდა პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე გაეწია ფინანსური დახმარება. აღნიშნული თანამშრომლობით განხორციელდებოდა წარმატებული ბიზნესი და დასაქმდებოდა 50-მდე ადამიანი. ინვესტორმა სხვა დოკუმენტებთან ერთად მოითხოვა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რისთვისაც მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით გაუუქმებია 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, როგორც კანონის უხეში დარღვევით მიღებული, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს “ა-ს” შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 4.2 პუნქტი მეიჯარეს აკისრებდა ვალდებულებას, წერილობით შეეტყობინებინა მოიჯარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის, აგრეთვე, გაუქმების შესახებ, რაც იმავე გამგეობას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ხსენებული ხელშეკრულების გაუქმების დროს ძალაში იყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით, ამ შპს-ს უფლება ჰქონდა, პირდაპირი პრივატიზების წესით მოეხდინა აღნიშნული მიწის საკუთრებაში აღრიცხვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი წესი. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მოამზადა და გამოსცა აქტი, რომლითაც გააუქმა 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება და მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება, რომ მოსარჩელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, არ აცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და შესაბამისად, არ მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მასში და წარმოედგინა თავისი მოსაზრება, რითაც დაირღვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც მოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-99-ე მუხლებში. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელი იყო კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტის გაუქმება, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.

მოსარჩელის მტკიცებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო კანონმდებლობის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შპს “ა-ზე” საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში, მისი ძალაში შესვლის დღიდან; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება საიჯარო ურთიერთობის რეგისტრაციის განახლების უზრუნველყოფის შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება შპს “ა-ის” ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის რეგისტრაციის განახლების უზრუნველყოფა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ა-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 25 წლის ვადით, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში 2005 წლის 22 თებერვალს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 27 მარტის წერილის შესაბამისად, არ იყო ჩარიცხული მიწის სარეფორმო ფონდში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის მიწის რეფორმის ფონდი არ დამტკიცებულა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების ტიპური ფორმა. აღნიშნული ფორმა არ ითვალისწინებდა საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას მიწის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვის მოტივით, რამდენადაც არ იყო დასრულებული მიწის რეფორმა, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში, მაშინ, როცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......-ის ტერიტორიაზე იყო ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომლებიც უმიწო ან მცირემიწიან კომლებზე არ გაცემულა და იმ დროისათვის მიწის რეფორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საერთოდ შეჩერებული იყო.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტით დაირღვა ასევე მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, მოიჯარის თანხმობით შეეწყვიტა ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ა-ის” თანხმობა საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამის შესახებ მოსარჩელისათვის არ უცნობებიათ და აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის საშუალებით.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. დასახელებულ შემთხვევაში, სახეზე იყო გასაჩივრებული აქტის შპს ,,ა-ის” საიჯარო ხელშეკრულების ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის რეფორმის საკოორდინაციო კომისიის 2005 წლის 5 ივნისის ¹3 ოქმით ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების გამგეობებს დაევალათ მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მათ მიერ დადებული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმების უზრუნველყოფა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის რეფორმის საკოორდინაციო კომისიის 2005 წლის 5 ივნისის ¹3 ოქმის საფუძველზე გაუქმდა შპს ,,ა-თან” დადებული საიჯარო ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული ოქმით გამგეობას დაევალა კანონმდებლობის საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობას უნდა დაეცვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5, მე-6 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავებით დადგენილი წესები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდებოდა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას არ უცნობებია შპს ,,ა-თვის” ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. იმავე კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებდა ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ იყო დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლით ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა იყო სამი თვე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეული იყო აღნიშნული ნორმების მოთხოვნებიც.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის მიწის სარეფორმო ფონდი არ იყო დამტკიცებული და შესაბამისად, შპს ,,ა-თვის” იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი არ ჩარიცხულა სარეფორმო ფონდში. ამდენად, საჯარო ინტერესი _ მიწის რეფორმის განხორციელება _ მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველზე. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. შპს ,,ა-თან” დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველი იყო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება, რაც სადავო 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით გაუქმდა.

იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული სადავო აქტის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა ჩანაწერი იჯარის უფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, რისი კანონიერი საფუძველიც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას არ გააჩნდა. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება წარმოადგენდა კანონიერ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-მა” მოიპოვა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით დაიკანონა იჯარის უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7 ჰა მიწის ნაკვეთზე. აპელანტმა ვერ მიუთითა ხსენებული აქტის ბათილად ცნობის კანონიერ საფუძველზე. ერთადერთ საფუძველს, რითაც აპელანტი შეეცადა დაესაბუთებინა 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების კანონიერება, წარმოადგენდა მიწის რეფორმის განხორციელებისადმი სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ინტერესი, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნა გამყარებული.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტაციას სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევის შესახებ და მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად შპს “ა-ის” მიწვევა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 98-ე მუხლების თანახმად, სავალდებულო იყო. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ, რაიონის გამგეობის მიერ 1999-2005 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ” ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით გაუქმდა 1999-2005 წლებში იმავე რაიონის გამგეობის მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით მიღებული რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებები, მათ შორის _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე შპს ,,ა-სა” და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება ორთაბათუმის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე, მანამდე შპს ,,მ-ეზე” იჯარით გაცემული მიწებიდან, 7 ჰა მიწის ნაკვეთზე, 25 წლის ვადით.

კასატორის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წლიდან 1998 წლის დასრულებამდე სათანადოდ არ ჩატარებულა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით დადგინდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებზე (ოჯახებზე), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ, მაგრამ არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა 2006 წლის 31 დეკემბრამდე. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დასახელებულ პერიოდში, ფაქტობრივად, სავალდებულო იყო, განხორციელებულიყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა. იმ პერიოდისათვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის განხორციელებისათვის ხელვაჩაურის რაიონში არ იყო საკმარისი რაოდენობის სამართლებრივად დაუტვირთავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც საბოლოოდ შეუძლებელს ხდიდა ამ რაიონში მიწის რეფორმის ჩატარებას. აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა განხორციელებულიყო იმ სახელმწიფო მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლება და მიწის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვა, რომლებიც დატვირთული იყო საიჯარო ურთიერთობებით. აღნიშნულის შესახებ იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის რეფორმის საკოორდინაციო კომისიამ.

კასატორის მტკიცებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის რეფორმის საკოორდინაციო კომისიამ 2005 წლის 5 ივლისის ¹2 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების გამგეობებს დროულად უნდა უზრუნველეყოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონულ სამმართველოებთან ერთად მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მათ მიერ დადებული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება, აგრეთვე, კონტროლი გაეწიათ შპს ,,ს. მ-ის” მიერ გაფორმებული საქვეიჯარო ხელშეკრულებების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისათვის. აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, მოსარჩელე შპს ,,ა-სა” და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების 3.11 პუნქტი ითვალისწინებდა მოიჯარის ვალდებულებას, იჯარით აღებული მიწის ფართობის მეიჯარისათვის ვადაზე ადრე დაბრუნების შესახებ, სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების მესამე თავის 3.4 და 3.5 პუნქტებში მითითებულია იმ პირობებზე, როდესაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ხორციელდება საიჯარო მიწის ამოღება და განმარტებულია შემდგომი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა იმავე რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შპს ,,ა-სა” და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას შორის დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება.

კასატორი განმარტავს, რომ, ვინაიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და უშუალოდ ხელვაჩაურის რაიონში, მიმდინარე პერიოდისათვისაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ ჩატარდა მიწის რეფორმა და აღნიშნულის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რაიონის მცირემიწიანობა, დასახელებული საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთი შესაძლებელია ჩაირიცხოს მიწის სარეფორმო ფონდში. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთი არ უნდა დატვირთულიყო რაიმე უფლებით და იგი უნდა წარმოადგენდეს თავისუფალ მდგომარეობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ ზემოაღნიშნული საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საიჯარო წლის დამთავრების პერიოდისთვის.

კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელების აუცილებლობას – მიწის რეფორმის ჩატარებას, მაგრამ საკმარისი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების არქონის და წინამდებარე მნიშვნელობის ყოფითი პრობლემების არსებობით, მიმდინარე პერიოდამდე კვლავ ვერ ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში დასახელებულ შემდეგ გარემოებებზე: უპირველეს ყოვლისა, თავად ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ა-ს” შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ თუ ადგილი ექნება არსებითი მნიშვნელობის სახელმწიფო საჭიროებას, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს, ხოლო თავად ხელშეკრულება მოიჯარეს ავალდებულებს, დაუბრუნოს მესაკუთრეს საიჯარო ქონება. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ შეაფასა ზემოაღნიშნული სამართლებრივი გარემოება და უსაფუძვლოდ განმარტა, რომ რაიონის გამგეობის მოქმედება აღნიშნული საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, უკანონო იყო.

კასატორის მტკიცებით, უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას ზემოაღნიშნული საიჯარო ურთიერთობა უნდა შეეწყვიტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის წესების გათვალისწინებით და აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის სამთვიანი ვადის დაცვით. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განუმარტა, რომ რაიონის გამგეობის მიერ აღნიშნული საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საიჯარო წლის დამთავრების პერიოდისათვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელვაჩურის რაიონის გამგეობის მიერ არ იქნა დასაბუთებული, თუ რა იყო აღნიშნული საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. ზემოხსენებულთან დაკავშირებით, როგორც აღინიშნა, წინამდებარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა _ მიწის რეფორმის ჩატარება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში ვერ განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება მიმდინარე პერიოდამდე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შესაძლებელია კვლავ განხილულ იქნეს მიწის რეფორმის გაგრძელების საკითხი და შესაბამისად, სავალდებულო გახდეს გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეფორმო ფონდში ჩასარიცხად განსაზღვრა. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები არ იქნება თავისუფალ (სამართლებრივად დაუტვირთავ) მდგომარეობაში, კვლავ სახეზე იქნება ის სამართლებრივი პრობლემები, რაც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწის რეფორმის ჩატარებას. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად უსაფუძვლო და უკანონოა სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი შპს ,,ა-ზე” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ბათილად ცნოს მის მიერ ადრე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გამომდინარე აღნიშნულიდან, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მოქმედება ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სრულებით შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა ის კანონები, რომლითაც დაასაბუთა თავისი განჩინება. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში წარდგენილ და გაანალიზებულ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ა-ს” შორის დადებული ხელშეკრულების 3.11, 3.4 და 3.5 პუნქტებში მითითებულ იმ პირობებზე, როდესაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ხორციელდება საიჯარო მიწის ამოღება (აღნიშნული საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უგულებელყო მეიჯარის, ანუ საიჯარო ქონების მესაკუთრის საჯარო ინტერესები _ მიწის რეფორმის განხორციელების შესახებ და უსაფუძვლო გარემოებებზე მითითებით, უარი უთხრა აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 19 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 7 თებერვალს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილებით გადაწყდა შპს “ა-ზე” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან 25 წლის ვადით, იჯარით 7 ჰა მიწის ფართობის გაცემა ორთაბათუმის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე ადრე შპს “მ-ეზე” იჯარით გაცემული მიწებიდან და ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს დაევალა შპს “ა-თან” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში მისი რეგისტრაცია (ს.ფ. 18). ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) და შპს ,,ა-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 25 წლის ვადით, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში 2005 წლის 22 თებერვალს (ს.ფ. 3-9). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹29 ოქმის მიხედვით, დადგინდა ხელვაჩაურის რაიონის ორთაბათუმის თემის საკრებულოს შპს “მ-ის” სახელზე რიცხული 7 ჰა მიწის ნაკვეთის 25 წლის ვადით იჯარით გადაცემა შპს “ა-თვის” და იჯარის ყოველწლიური გადასახადის თანხა განისაზღვრა 570 ლარის ოდენობით (ს.ფ. 16-17). ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილებით გაუქმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-21). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის რეფორმის საკოორდინაციო კომისიის 2005 წლის 5 ივნისის ¹2 სხდომის ოქმით ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების გამგეობებს დაევალათ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონულ სამმართველოებთან ერთად, მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, დროულად უზრუნველეყოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მათ მიერ დადებული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება (ს.ფ. 71-72).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) და შპს ,,ა-ს” შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-3 თავის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოიჯარეს უფლება აქვს, ამავე ხელშეკრულების მე-3 თავის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტში განსაზღვრული გაუმჯობესების განხორციელებისათვის, რაც არ შეიძლება გამოყოფილ იქნეს იჯარის ობიექტისაგან და რომელთა არსებობა დადასტურებული იქნება იჯარის ვადის გასვლისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელმოწერილი საიჯარო ობიექტების აღწერის ოქმით, მოითხოვოს აღნიშნულ გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების (ან ნარჩენი ღირებულების) კომპენსაცია. იმავე ხელშეკრულების 3.4 და 3.5 პუნქტების მიხედვით, მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ზარალის ან მოსალოდნელი მოგების კომპენსაცია მეიჯარისაგან, თუ საიჯარო მიწის ნაკვეთი იჯარის ვადის გასვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამოღებული ან გადაცემულ იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ასევე მოითხოვოს კომპენსაცია ხარჯებისა, რომლებიც მოიჯარემ გასწია, თუ ვადამდე ხელშეკრულების მოშლის მიზეზი არ არის მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა. ხსენებული ხელშეკრულების 3.11 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია, იჯარით აღებული მიწის ფართობი ვადაზე ადრე დაუბრუნოს მეიჯარეს სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარეს უფლება აქვს, მოიჯარის თანხმობით შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, აგრეთვე, იჯარის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე, მეორე მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იმავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს კი უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) და შპს ,,ა-ს” შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, მოიჯარის თანხმობით შეეწყვიტა ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, მეიჯარე ვალდებული იყო წერილობით შეეტყობინებინა მოიჯარისათვის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შეასრულა აღნიშნული ვალდებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონით დადგენილი წესით და მოიჯარეს არ დაურღვევია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, იმავე გამგეობამ მაინც გააუქმა ხსენებული იჯარის ხელშეკრულება, ამასთან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯერჯერობით არ იყო განხორციელებული მიწის რეფორმა და იგი უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო სარეფორმო მიწის ფონდი იყო მცირე, რის გამოც დასახელებულმა გამგეობამ გააუქმა მიწების იჯარის ხელშეკრულებები იმისათვის, რომ გამოთავისუფლებული მიწები ჩაერიცხათ სარეფორმო ფონდში. მანვე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებაც გაუქმდა იმ მიზეზით, რომ შესაბამისი მიწა ჩარიცხულიყო მიწის სარეფორმო ფონდში, რაც გათვალისწინებული იყო იმავე ხელშეკრულების 3.11 პუნქტითაც, კერძოდ, მოიჯარე ვალდებული იყო, იჯარით აღებული მიწის ფართობი ვადაზე ადრე დაებრუნებინა მეიჯარისთვის სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე, ხოლო ხსენებულ გამგეობას არ შეეძლო სანაცვლოდ შეეთავაზებინა შპს “ა-თვის” სხვა მიწის ნაკვეთი, რადგან ასეთი არ არსებობდა (ს.ფ. 96-98).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება და მასში მოყვანილი არგუმენტაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებიდან სარეფორმო ფართობების შერჩევისა და დამტკიცების უზრუნველყოფის, ანუ სახელმწიფო საჭიროების თაობაზე, არ არის დასაბუთებული, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) 2007 წლის 27 მარტის ¹358კ/5 წერილის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის საკრებულოში შპს “ა-ზე” იჯარით გაცემული 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ იყო ჩადებული რეფორმის ფონდში (ს.ფ. 45). აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის 2007 წლის 20 თებერვლის ¹05-2/22 წერილის მიხედვით კი, აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2006 წლის 20 მარტის ¹27 დადგენილებით განსაზღვრული ხელვაჩაურის რაიონის მიწის რეფორმის ფონდის დამტკიცება არ განხორციელებულა (ს.ფ. 46). ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ზემოხსენებული წერილების შესაბამისად, შპს “ა-ზე” 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კერძოდ, 2007 წლის 27 მარტის მდგომარეობით, ხსენებული მიწის ნაკვეთი არ იყო ჩარიცხული მიწის რეფორმის ფონდში, ანუ იგი კვლავ არ იყო მიზნობრივად გადაცემული _ არ მომხდარა იმ მიზნის რეალურად განხორციელება, რაც საფუძვლად დაედო დასახელებული ხელშეკრულების შეწყვეტას, მაშინ, როდესაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა), თუ ამ საფუძვლით წყვეტდა საიჯარო ხელშეკრულებას შპს “ა-თან”, მას მაშინვე უნდა გადაეცა ზემოთ დასახელებული 7 ჰა მიწის ნაკვეთი მიზნობრივად.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, ხოლო მიწების გადაცემის პროცესი ამ ეტაპზე იმავე რაიონში გრძელდება უმიწო და მცირემიწიანი კომლებისათვის მიწის ნაკვეთების გადასაცემად, საჯარო ინტერესი კი კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვეთილია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს ამ პირს და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს “ა-ი” გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად არ მიუწვევიათ, მაშინ, როდესაც შპს “ა-ის” მიწვევა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 98-ე მუხლების თანახმად, სავალდებულო იყო და შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აღნიშნული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე შპს “ა-ის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა 2005 წლის 27 დეკემბერს, ხოლო მან ამის შესახებ გაიგო 10 თვის შემდეგ, ამ ხნის მანძილზე კი სერიოზული ხარჯები გასწია სასათბურე მეურნეობისათვის და შეასრულა უამრავი სამუშაო. ამასთან, 2006 წლის იანვარში მოპასუხე გამგეობას მიმართა ინვესტორის მუშაობის დაწყებაზე თანხმობის მისაღებად და ისე მიიღო ამის თაობაზე თანხმობა, რომ ხსენებული ხელშეკრულება უკვე გაუქმებული იყო და მისთვის მაშინაც არ უცნობებიათ მისი გაუქმების შესახებ. მის მიერ იჯარით აღებული ტერიტორია კი შეადგენდა 7 ჰექტარს და მთლიანად იყო დაკავებული სასათბურე და სანერგე მეურნეობით, ხოლო 2 ჰა მიწის ნაკვეთი მთლიანად იყო დაფარული ლითონის სასათბურე კონსტრუქციით, რომლის გამართვაც დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული (ს.ფ. 96-98).

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მოქმედება 2005 წლის 21 იანვრის ¹11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სრულად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს მხოლოდ მეიჯარის, ანუ საიჯარო ქონების მესაკუთრის საჯარო ინტერესებზე მიწის რეფორმის განხორციელების კუთხით და არაფერს ამბობს მოიჯარე შპს “ა-ის” კანონიერ ინტერესებსა და უფლებებზე _ რამდენად იქნა დაცული და გათვალისწინებული მოსარჩელის უფლებები და ინტერესები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ანუ დაცული იქნა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ზიანი ხომ არ მიადგა შპს “ა-ს” ამ გასაჩივრებული აქტით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა) მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნას წარმოადგენს, დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, ანუ დაუშვებელია მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვა კერძო ინტერესის ხარჯზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნება ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) დაევალება მოცემული გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს “ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 27 დეკემბრის ¹163 გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) დაევალოს მოცემული გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.