¹ბს-965-926(კ-07) 11 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებაზე /ს. ჭ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - გ. ც.-ის, ვ. ჯ.-ის და კ. დ.-ის მონაწილეობით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის არარა აქტად აღიარებისა და მიწის ნაკვეთის ფართის საზღვრების დადგენის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ს. ჭ.-მ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის არარა აქტად აღიარება /იხ. ს.ფ. 3/.
რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი გ. ც.-ის საკუთრებაზე /იხ.ს.ფ. 44-45/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ 58-59/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ზ. ჭ.-მ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ 60/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ს. ჭ.-ისა და გ. ც.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 1820-188/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჭ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისათვის, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი განჩინება. /იხ.ს.ფ. 203-208/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 10 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 229-230/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორმა – ს. ჭ.-მ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 237-239; 240/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 10 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 229-230/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის – ს. ჭ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.