¹ბს-966-920(კ-06) 27 სექტემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები (მოსარჩელეები) _ გ. გ.-ი, ნ. ნ.-ე, ნ. ჭ.-ი, დ. ჭ.-ე, ნ. კ.-ე, მ. ლ.-ე, ი. ბ.-ი, ე. ნ.-ე, მ. ლ.-ე, მ. ჭ.-ე, ლ. გ.-ე, მ. მ.-ე, თ. კ.-ე, ზ. მ.-ე, მ. ს.-ე, ე. ხ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი ე. ბ.-ე; ზესტაფონის რაიონის საფინანსო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ხელფასის მომატება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 1 ივნისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლებმა _ გ. გ.-მ, ნ. ნ.-მ, ნ. ჭ.-მ, დ. ჭ.-მ, ნ. კ.-მ, მ. ლ.-მ, ი. ბ.-მ, ე. ნ.-მ, მ. ლ.-მ, მ. ჭ.-მ, ლ. გ.-მ, მ. მ.-მ, თ. კ.-მ, ზ. მ.-მ, მ. ს.-მ, ე. ხ.-მ მოპასუხეების _ ზესტაფონის რაიონის გამგეობისა და გამგეობის საფინანსო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების შესაბამისად მინიმალური ხელფასის _ 115 ლარის ოდენობით რანგების მიხედვით შრომის ანაზღაურების განსაზღვრა და მათ მიერ აღებულ და აუღებელ ხელფასს შორის სხვაობის _ 31218 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელეთა სამსახური _ ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია წარმოადგენს ზესტაფონის გამგეობის საბიუჯეტო ორგანიზაციას და მოსარჩელეებზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 9.8 მუხლისა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 12.1“ა” მუხლის მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ, დაამტკიცონ დაქვემდებარებული დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში. ასეთ ნორმატივს წარმოადგენს “ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო მათი ხელფასი (ს.ფ. 2-3).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს დაევალათ ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსისა და ინსპექციის მუშაკების მიმართ შესაბამისად _ 300 ლარისა და 115 ლარის ოდენობით ხელფასის დადგენა 2006 წლის 1 ივნისიდან. სარჩელი 2005 წლის 1 სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში სხვაობის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ზესტაფონის რაიონის გამგეობის რაიონულ სამსახურს და იგი შექმნილი იყო ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹53 დადგენილებით. ინსპექცია წარმოადგენდა ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებული ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს თანახმად საქართველოს სანიტარული კოდექსის 13.7 მუხლისა და მასზე მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებდა აღნიშნული სამინისტრო. შესაბამისად, ამ სამსახურის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებოდნენ და თავისუფლდებოდნენ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულებით დადგენილი იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო 115 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გავრცელებულიყო მოსარჩელეებზე, ვინაიდან “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულების 27-ე თავით განსაზღვრულია რაიონის აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობები, 98-ე მუხლის მიხედვით უფროს საჯარო თანამდებობად ითვლება სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულებით მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 300 ლარით. რაც შეეხება “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” ბრძანებულებაში აღნიშნული მოსარჩელეთა სხვა თანამდებობებისათვის სარგოების მითითებული ოდენობით გაცემას, უპირობოდ სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, განსხვავებით შრომის ანაზღაურების სარგოს მინიმალური ზღვარისა, რომლის გაცემა დამოკიდებულია არა ნორმატიულ ვალდებულებებზე, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბიუჯეტის ფარგლების შესაძლებლობაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა აღებულ და აუღებელ ხელფასს შორის სხვაობის დაკისრების თაობაზე, რადგან 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება არ ითვალისწინებს მისი მიღებიდან ავტომატურ რეჟიმში შესრულების ვალდებულებას. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, ზესტაფონის რაიონის 2005 წლის რაიონული ბიუჯეტი უკვე შესრულებულია. “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გაცემის უფლებამოსილება წყდება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დადგენილი წესით წარდგენილი აქვს ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების გამო (ს.ფ. 58-60).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის რაიონის გამგეობამ და გამგეობის საფინანსო სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
აპელანტთა მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის მე-4 დანართი ეხება აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს, ხოლო რაიონების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს რაიონის გამგეობა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულება ვერ გავრცელდება სანიტარულ ინსპექციაზე, რადგან აღნიშნული სამსახური არ ასრულებს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს. ამასთან, აპელანტის მითითებით, ბრძანებულება განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარს, რაც სავალდებულო შესასრულებლად არ უნდა ჩაითვალოს. ამდენად, სასამართლომ დაუსაბუთებლად დაადგინა 300 ლარი. ზედა ზღვარი არ გულისხმობდა მისი შესრულების იმპერატიულობას და ამ ზღვარის რეგულირება შესაბამისი ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში რაიონის საკრებულოსა და გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა, რაც, აპელანტთა მითითებით, მათ განახორციელეს კიდეც. 2006 წლის 14 ივნისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის თანახმად, რომლითაც ადგილობრივ ორგანოებს მიეთითათ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამომდინარე, მოეხდინათ საბიუჯეტო დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოების გაზრდა, ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 5 ივლისის ¹60 გადაწყვეტილებით სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში ხელფასები გაორმაგდა (ს.ფ. 62-63).
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ასევე გ. გ.-მ და სხვებმა, რომელთაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სასამართლოს მითითებას, რომ აღებულ და აუღებელ ხელფასს შორის სხვაობის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა მისი მიღებიდან ავტომატურ რეჟიმში შესრულების ვალდებულებას, კასატორები არ დაეთანხმნენ. მათი მითითებით, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალური სარგო განისაზღვრა 115 ლარით და ბრძანებულება ამოქმედდა 2005 წლის 1 სექტემბრიდან, რის გამოც “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად იგი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში და გაზრდილ ხელფასზე უფლება სწორედ ამ თარიღიდან წარმოეშვათ. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ზესტაფონის რაიონის ბიუჯეტი უკვე შესრულებული იყო, ვინაიდან “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო 2006 წლის ბიუჯეტში ახალი საფინანსო წლის დასაწყისში გაეთვალისწინებინა გარდამავალი საბრუნავი სახსრების მოცულობა ხარჯების გადამეტებით, ასევე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ ბიუჯეტის შემოსავალსა და ხარჯებში დადგენილი წესით ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის გაზრდის გარეშე. ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებითი შემოსავალი ან შემოსავლის ხარჯზე მეტობა, რომელიც წარმოიქმნა შემოსავლის გეგმების გადაჭარბებით, შესრულებისა და ხარჯების ეკონომიით რჩება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს განკარგულებაში, ამოღებას არ ექვემდებარება და გამოიყენება მისი შეხედულებისამებრ. ამდენად, აპელანტების აზრით, რაიონული ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო წლის დამთავრებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და რაიონის გამგეობა ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა გაზრდილი ხარჯები ბიუჯეტში პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან და შეეტანა ცვლილება (ს.ფ. 66-67).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონის გამგეობისა და გამგეობის საფინანსო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება ეხება თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს, რაზეც ნათლად მიუთითებს თვით ეს ბრძანებულება და მის შესაბამის დანართებში მოცემული თანამდებობები. ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 5 ივლისის ¹67 გადაწყვეტილებით სანიტარულ ინსპექციაში გაორმაგდა ხელფასები. აღნიშნული ხელფასები დამტკიცდა 2005 წლისათვის მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 12.1“ა” მუხლის შესაბამისად. სახელფასო თანხების ოდენობის განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლისა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურის უფროსისათვის 300, ხოლო დანარჩენ თანამშრომელთათვის _ 115 ლარის ოდენობით თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისა და, ასევე, უკვე მიღებული სახალფასო დანამატების შესახებ (ს.ფ. 169-173).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა _ გ. გ.-მ და სხვებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორთა მითითებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 8“დ” მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები კომპეტანციის ფარგლებში აწარმოებენ ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციას. საქართველოს სანიტარული კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ქალაქსა და რაიონში “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებული ფუნქციების განხორციელების მიზნით იქმნება ქალაქისა და რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს აღნიშნული სამინისტრო სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მეშვეობით.
ზემოხსენებული კანონების მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აპრილის ¹53 დადგენილებით შეიქმნა ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია და გამგეობის ამავე დადგენილებით დამტკიცდა აღნიშნული ინსპექციის დებულება.
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის “კ” ქვეპუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად: “ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, დაამტკიცონ დაქვემდებარებულიდ დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) განაკვეთები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში”. ხსენებული დარეგულირდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულებით “ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ”. აღნიშნული ბრძანებულებით საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) განისაზღვრა 115 ლარით, ხოლო თანამდებობრივ სარგოთა ზედა ზღვარი საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული რანგების მიხედვით განისაზღვრა ბძანებულების დანართების შესაბამისად, კონკრეტულად, მათ შემთხვევაში _ ¹4 დანართის შესაბამისად.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სახაზინო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმათველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება. სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია საბიუჯეტო დაწესებულებაა, შექმნილია რაიონის გამგეობის მიერ, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ინსპექციის თანამშრომლებზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. მართალია, ინსპექციის თანამშრომლებს 2006 წლის ივნისიდან მოემატათ ხელფასები, მაგრამ მინიმალური ხელფასი მომატების შემდეგ განისაზღვრა 50 ლარით, მაქსიმალური კი _ 160 ლარით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ¹726 ბრძანებულებით დადგენილ ოდენობებს. ასევე დარღვეულია ხელფასების მომატების დრო, რადგან ზემოაღნიშნული ბრძანებულება ძალაში შევიდა 2005 წლის 1 სექტემბრიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) უნდა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების შესაბამისად 2005 წლის 1 სექტემბრიდან.
კასატორთა მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება ეხება მხოლოდ თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს, რადგან მათი დაკონკრეტება აღნიშნულ ბრძანებულებაში არ არის მოცემული. ბრძანებულება, კერძოდ, მისი ¹4 დანართი ეხება რაიონების აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობერივი სარგოების განსაზღვრას თანამდებობების მიხედვით და რამდენადაც რაიონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილ სამსახურს, მისი თანამშრომლები ითვლებიან ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეებად (ს.ფ.203-204).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება წარმოადგენს მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით განსაზღვრავს სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრებს საჯარო სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით. სწორედ კანონით მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებშია გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ზემომითითებული 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 115 ლარით, ხოლო თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი თანამდებობრივ დასახელებათა მიხედვით განსხვავებულად დადგინდა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის “პ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის ზედა და ქვედა ზღვარის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო _ საკრებულო. “ადგილობრივი თვითმმართველობის და მართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “კ” ქვეპუნქტი ასევე ადგენს, რომ საკრებულოს ზოგად კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცება.
ზესტაფონის რაიონის გამგებლის 2005 წლის 12 აპრილის ¹4 ბრძანებით დამტკიცებული ზესტაფონის რაიონული სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ინსპექციის დაფინანსების წყაროა: რაიონის ბიუჯეტი, სახელმწიფო შეკვეთის, პროგრამის ან გრანტის განხორციელებისათვის მიღებული სახსრები, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები, დელეგირებული ფუნქციის განხორციელებისათვის, კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
“საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის მე-4 მუხლი ადგენს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, აღიარებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისაგან, აქვს საკუთარი შემოსულობების წყაროები და საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება. აღნიშნული პრინციპი კიდევ უფრო დაკონკრეტებულია კანონში “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ”. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისაგან. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობის ფარგლებს, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს არა აქვთ უფლება, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ექსკლუზიური, ასევე ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი პროგრამებისა და ხარჯების მიმართულებებს, აგრეთვე მათ ოდენობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზესტაფონის ადგილობრივ მმართველობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ქვედა და ზედა ზღვარის ოდენობების რეალიზაცია შეეძლო ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობების და ხარჯების პრიორიტეტულობის საკუთარი შეხედულებით გათვალისწინებით, მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოყოფის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი _ ტრანსფერის გამოყოფის შემთხვევა _ საქმის მასალებით არ დგინდება. მიუხედავად ამისა, საქმის მასალების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის შემდგომ, ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სანიტარულ ინსპექციაში თანამშრომელთა ხელფასები გაორმაგდა, ანუ საკრებულომ გაზარდა ხელფასი, თუმცა გაზრდილი ხელფასი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები იყო. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 2006 წლის 16 თებერვლის ¹48 გადაწყვეტილებით ზესტაფონის საკრებულოს ბიუჯეტში გაიწერა ხელფასის მატებასთან დაკავშირებით რეზერვის თანხა, მაგრამ ზესტაფონის საკრებულოს 2006 წლის 5 ივლისის ¹60 გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული თანხა სხვა დანიშნულებით გადანაწილდა, რაც კასატორებს არ გაუსაჩივრებიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია არსებითად სწორი განჩინება და არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.