Facebook Twitter

ბს-966-927(3კ-07) 26 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. ფ-ა და თ. ა-ე (მოპასუხეები ძირითად სარჩელზე, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელზე), ზ. ფ-ა (მესამე პირი).

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ბ-ი” (მოსარჩელე ძირითად სარჩელზე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ბ-ის” გაკოტრების მმართველმა თ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-ისა და ნ. ფ-ას მიმართ და 17.06.05წ. ¹....... და ¹...... ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და 20.05.05წ. საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიის 05.08.1999წ. გადაწყვეტილებით ზ. ფ-ას გამოეყო ქ. ბათუმში, ...... ქ. 13-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობის ასაშენებლად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზ. ფ-ამ მიიღო საკუთრებაში და შემდეგ 17.06.05წ. ¹....... და ¹........ ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნახევარი მიყიდა შპს “ბ-ის” დირექტორს თ. ა-ეს, ხოლო მეორე ნახევარი ნ. ფ-ას, რომლებიც მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 20.05.05წ. ჩანაწერებით. ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 05.08.1999წ. გადაწყვეტილება ზ. ფ-თვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად ქ. ბათუმის მთავრობამ მიუთითა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 28.10.98წ. კანონის მესამე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობასა და საკუთრებაში განკარგვა მმართველობის ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. მოსარჩელის აზრით, მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა მისგან გამომდინარე ყველა იურიდიული მნიშვნელობის აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. ფ-ამ და თ. ა-ემ ქ. ბათუმის მთავრობისა და შპს ,,ბ-ის” მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, ხოლო თ. ა-ემ ასევე მოითხოვა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება.

შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.05წ. გადაწყვეტილებით დადგინდა ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად მათ მერიის აქტის მიმართ გაუჩნდათ კანონიერი ნდობა და განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება (მიწის ნაკვეთის შესყიდვა). ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ბათილად ეცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც 17.06.05წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს არის მოკლებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.05.06წ. განჩინებით საქმის წარმოება შპს ,,ბ-ის” გაკოტრების მართველისათვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების ნაწილში შეწყდა მოსარჩელე თ. ა-ის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.04.06წ. განჩინებით ზ. ფ-ა სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაება მე-3 პირად. ამავე სასამართლოს 08.11.06წ საოქმო განჩინებით ძირითად სასარჩელო მოთხოვნაზე, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტამდე, ანუ შეგებებული სარჩელების განხილვამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.11.06წ. საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერების ბათილად ცნობის მოთხოვნა განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სარჩელის ამ ნაწილში გამოხმობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.12.06 წ. გადაწყვეტილებით ნ. ფ-ასა და თ. ა-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ ¹45 დადგენილების პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეილება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის გამოეყო ზ. ფ-ას. უკანასკნელმა აქტის საფუძველზე საკუთრებაში მიიღო უძრავი ნივთი და განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, კერძოდ, გაასხვისა იგი თ. ა-ესა და ნ. ფ-ზე, რომლებიც ამჟამად მიწის მესაკუთრეებად არიან რეგისტრირებულნი საჯარო რეესტრში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს აქტის მიმართ. დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა კი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბათუმის მერიამ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.12.06წ. გადაწყვეტილების და 08.11.06წ. და 08.12.06წ. წინმსწრები განჩინებების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დაუშვებელი იყო საქმის წარმოების შეჩერება თავდაპირველ სარჩელზე შეგებებული სარჩელის გადაწყვეტამდე, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლომ გამოიტანა საოქმო განჩინება და არ მისცა მხარეებს მისი გასაჩივრების უფლება, მაშინ, როდესაც საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინებაზე დაშვებულია კერძო საჩივრის შეტანა. აპელანტის მოსაზრებით საქმე არსებითადაც არასწორად იყო გადაწყვეტილი და არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.07.07წ გადაწყვეტილებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ა-ესა და ნ. ფ-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი 08.11.06წ და 08.12.06წ წინმსწრები განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება. ბათუმის მერიის 05.08.1999 წ. ¹36 გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს (ბათუმის მერიის) მხრიდან კანონსაწინააღმდეგო დაპირებას და მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგოდ უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) გადაცემას ზ. ფ-თვის საკუთრებაში. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ” 28.10.1998 წ. კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანხამად, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ზ. ფ-ას 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი კონკურსის ან აუქციონის წესით არ გადასცემია, ფაქტიურად მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა პირდაპირი წესით, რისი უფლებაც ბათუმის მერიას არ გააჩნდა. მითითებული კანონის 3.8 მუხლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, ზ. ფ-ზე მიწის ნაკვეთის გადაცემა განხორციელდა კანონდარღვევით არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო აქტის ბათილობის გამომრიცხავი გარემოება და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტის საფუძველზე დაინტერესებული მხარის, ზ. ფ-ას, მიერ განხორციელებული იყო იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, აქტის გამომცემ ორგანოს უფლება ჰქონდა ბათილად ეცნო იგი. შესაბამისად ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. ¹45 დადგენილების გამოცემით არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 და 218-ე მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა მიწის ნაკვეთის შემძენების თ. ა-ისა და ნ. ფ-ას კანონიერი ნდობის არსებობაზე, რადგან ქონების შეძენისას მათ კანონიერი ნდობის უფლება გააჩნდათ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ, რომლითაც ნასყიდობის საგანი ზ. ფ-ას სახელზე იყო რეგისტრირებული და არა 05.08.1999 წ. ¹36 გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც ზ. ფ-ას გადაეცა მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას 08.11.06წ. და 08.12.06წ წინმსწრები განჩინებების გაუქმების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.12.06 საოქმო განჩინება, რომლითაც გაუქმდა თ. ა-ისა და ნ. ფ-ას შეგებებული სარჩელების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, საქმეში არ მოიპოვება და არც საქმის სხვა მასალებით დასტურდება ასეთი განჩინების მიღების ფაქტი, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.11.06წ. საოქმო განჩინება თავდაპირველ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია საოქმო განჩინების ფორმით და სსკ-ის 282-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით არ არის განმარტებული კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს აზრით, განჩინება არსებითად სწორია და საპროცესო დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გამორიცხულია. სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს უფლება ჰქონდა ძირითად სარჩელზე შეეჩერებინა საქმის წარმოება შეგებებული სარჩელის განხილვამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ნ. ფ-ამ, ზ. ფ-ამ და თ. ა-ემ, რომლებმაც გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და ბათუმის მერიის 17.02.07წ. გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის მერიის 05.08.1999წ. გადაწყვეტილების კანონიერება დადგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.05წ. გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გარეშე, რაც წარმოადგენს სსკ-ის 421-ე და 422-ე მუხლებისა და მთელი მე-11 კარის დარღვევას. სასამართლომ არ იმსჯელა იმის შესახებ, თუ რატომ შეიცვალა პოზიცია ქ. ბათუმის მთავრობამ და თავისი აქტით ბათილად ცნო მერიის 05.08.1999წ. გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 8 თვის შემდეგ მაშინ, როდესაც აღნიშნული აქტის კანონიერების შემოწმებისას წარმოადგენდა მოპასუხეს და სასამართლოსაგან მოითხოვდა აქტის ძალაში დატოვებას. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტის მიმართ მათ არ გააჩნდათ კანონიერი ნდობა და ნდობა გამომდინარეობდა მხოლოდ რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციიდან, რადგან ისინი იყვნენ სასამართლო პროცესის მონაწილეები და კანონიერი ნდობაც ძირითადად სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. ბათუმის მერიის 05.08.1999წ. გადაწყვეტილებით არ მომხდარა ზ. ფ-თვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით მიყიდვა, არამედ მას სახლის ასაშენებლად გამოეყო ბ-ის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, სანაცვლოდ კი მან დათმო ქალაქის სხვა ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე სხვადასხვა დროს გადაიხადა სხვადასხვა ოდენობის თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ იგი კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია. სასამართლომ არ იმსჯელა მათ მიერ მითითებულ ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილების ბათილობის ერთ-ერთ საფუძველზე. კერძოდ, დადგენილება გამოტანილი იქნა დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე, რომლებიც არ იყვნენ მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ას, ნ. ფ-ას და თ. ა-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ ¹36 გადაწყვეტილებით ზ. ფ-ას ქ. ბათუმში, ....... ქუჩის ¹13-ში გამოეყო მიწის ნაკვეთი სამსართულიანი შენობის ასაშენებლად. გამოყოფილი ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. ფ-ას სახელზე, ხოლო 17.06.02წ. ამ უკანასკნელის მიერ გასხვისდა თ. ა-ესა და ნ. ფ-ზე ¹...... და ¹....... ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომელთა საფუძველზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა ჩანაწერები და მიწის ნაკვეთები აღირიცხა მყიდველების თ. ა-ისა და ნ. ფ-ას საკუთრებად. ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილებით სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად დადგენილებაში მიეთითა ,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 28.10.98წ. კანონის 3.4 მუხლზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არის საკმარისად დასაბუთებული სააპელაციო პალატის მოსაზრება ქ. ბათუმის მერის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების მიმართ შეგებებული მოსარჩელეების კანონიერი ნდობის არარსებობის შესახებ. ქ. ბათუმის მერის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელეების კანონიერი ნდობის საკითხის არსებობაზე სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა არამხოლოდ სზაკ-ის 601.4 და 9.2 მუხლების, არამედ აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.05წ კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გათვალისწინებით. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ნდობა შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ზ. ფ-ას, ხოლო ნ. ფ-ას და თ. ა-ეს კანონიერი ნდობა შესაძლოა ჰქონოდათ მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია (სკ-ის 185-ე, 312.1 მუხლები) ადასტურებს ნ. ფ-ას და თ. ა-ის კანონიერ ნდობას არა მხოლოდ საჯარო ჩანაწერის, არამედ იმ აქტის მიმართაც, რომელიც საფუძვლად დაედო ასეთ ჩანაწერს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული, სანოტარო წესით დადასტურებული უძრავი ქონების ნასყიდობის 17.06.05წ. ხელშეკრულების მიხედვით ნოტარიუსის მიერ შემოწმებულ იქნა ნასყიდობის საგანი (უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი), რომელიც საკუთრების უფლებით ნამდვილად ეკუთვნოდა გამყიდველს, რაც ....... და ...... სანოტარო აქტების მიხედვით, საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად, დასტურდებოდა აგრეთვე მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 65,69), რომლის კანონიერება თავის მხრივ აღიარებულია კანონიერ ძალაში მყოფი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.05წ. გადაწყვეტილებით. ხსენებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ-ის” სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის Dშესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო. შპს ,,ბ-ის” წარმომადგენელი საქმეზე იყო თ. ა-ე, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩართული იყო ზ. ფ-ა. მოპასუხეს საქმეში წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერია, რომელმაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვდა მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების კანონიერების ცნობას, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან რამოდენიმე თვეში თავად ცნო ბათილად მითითებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის, სსკ-ის 10-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ. ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არა აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. საქართვლოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან მათი აღსრულების შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით. ადმინისტრაციული ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ყოველნაირად შეუწყონ ხელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. შეგებებული სარჩელის ავტორები თავის სასარჩელო მოთხოვნას ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. ¹45 დადგენილების 1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის ბათილად ცნობის შესახებ აფუძნებენ სწორედ იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული დადგენილებით ბათილად ცნობილი აქტის კანონიერება დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქმის განხილვისას მონაწილეობდნენ იგივე მხარეები, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ქონდა უფლება ბათილად ეცნო 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილება. 05.05.05წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობასთან ერთად იმსჯელა მის საფუძვლიანობაზეც და არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერია არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სადავო ნაკვეთი. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, ასევე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა ქ. ბათუმის სასამართლოს 05.05.05წ. გადაწყვეტილების და ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. სადავო დადგენილების გამოცემის სამართლებრივ საფუძველზე. დავის გადაწყვეტისას არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ მიმართებით შეგებებული სარჩელის ავტორთა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ არ წარმოადგენს შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასკვნა ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. შესაბამისად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ ¹36 გადაწყვეტილების მიმართ კასატორების კანონიერი ნდობის არ არსებობის შესახებ. სზაკ-ის 601-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. აქტის ადრესატს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, კერძოდ ზ. ფ-ამ მიწის ნაკვეთი მიყიდა თ. ა-ეს და ნ. ფ-ას. კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებაზე – სასკ-ის 9.2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატის მითითება არ არის საკმარისად დასაბუთებული ვინაიდან სასამრათლოს არ შეუფასებია საქმეში დაცული ქ. ბათუმის სასამართლოს 05.05.05წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილების სადავო ნაწილით მერიის 05.08.99წ ¹36 გადაწყვეტილება არის არა არარა აქტად გამოცხადებული, არამედ ბათილად ცნობილი. მართალია სზაკ-ის 601 მუხლი არ განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ ვადებს, მაგრამ ცხადია, რომ სამართლებრივი გარკვეულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება, აქტის არარად ცნობისაგან განსხვავებით, შეზღუდულია დროის გარკვეული ფარგლებით. მიწის ნაკვეთი ზ. ფ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა ზ. ფ-ას სახელზე, ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. ¹45 დადგენილებით, ამდენად მერიის სადავო დადგენილების კანონიერების დასადგენად სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო დადგენილების გამოცემის ხანდაზმულობის საკითხზე.

მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ის გარემოება, რომ სადავო დადგენილებით ბათილად ცნობილი მერიის 05.08.99წ. გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ხასიათის, სზაკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირის მიერ მიწის ნაკვეთის გადაცემას ანუ სზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, არ ადასტურებს სადავო დადგენილების მართლზომიერებას, ვინაიდან ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილების სადავო ნაწილით ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილება გამოცხადდა ბათილად, ხოლო არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემა არის აქტის არარად აღიარების და არა ბათილად ცნობის საფუძველი.

არ არის საკმარისად დასაბუთებული აგრეთვე ქ. ბათუმის მთავრობის სადავო დადგენილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი ზ. ფ-ას გადაეცა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების დარღვევით. სააპელაციო პალატის სხდომაზე ზ. ფ-ამ განაცხადა, რომ მას ნაკვეთი გადაეცა მოცლის წესით (ტ.2, ს.ფ. 49), ზ. ფ-ას მიერ სხვა ფართის ჩაბარების სანაცვლოდ, რაც გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთის ზ. ფ-თვის გადაცემას კონკურსის ან აუქციონის წესით. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატას არ გაურკვევია ამ მიმართებით საქმის გარემოებები.

კასატორები მიუთითებენ ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. დადგენილების სადავო ნაწილის ბათილად ცნობის ფორმალურ საფუძველზეც, კერძოდ ნ. ფ-ა და თ. ა-ე, როგორც სადავო ნაკვეთის ახალი მესაკუთრეები და მაშასადამე სასკ-ის მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად დაინტერესებული პირები, არ იყვნენ მოწვეულნი ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო ზ. ფ-ას მიერ ნაკვეთის გაყიდვის შესახებ, მიუხედავად ამისა ნ. ფ-ა და თ. ა-ე ადმინიტსრაციულ წარმოებაში ჩაბმული არ ყოფილა, რითაც დაირღვა სზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებს არ უმსჯელიათ შეგებებული სარჩელით გასაჩივრებული აქტის ფორმალური კანონიერების ასპექტებზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მთავრობის მიერ სადავო აქტის გამოცემა მოხდა სზაკ-ის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, აღნიშნული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნლოვანს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რეგისტრაციის სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში კასატორების ჩაბმა, ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 05.05.05წ. გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებზე მოცემულ დავასთან მიმართებით და ამ თვალსაზრისით შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე, ქ. ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების მიმართ კასატორების კანონიერი ნდობის არსებობაზე, სზაკ-ის 601 და 218-ე მუხლებთან სადავო აქტის შესაბამისობაზე. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადავო დადგენილებასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გამოითხოვოს ქ. ბათუმის მერის მოადგილესთან ჩატარებული ადმინისტრაციული მოსმენის 15.02.06წ. ¹2 ოქმი, დაადგინოს ბათუმის მერიის 05.08.99წ. ¹36 გადაწყვეტილების გამოცემის წინაპირობები, კერძოდ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის ფაქტის არსებობა.

საკასაციო საჩივრები არ შეიცავენ რაიმე არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი წინმსწრები განჩინებების გაუქმებასთან დაკავშირებით, კასატორებს ამ მიმართებით არც საკასაციო პალატის სხდომაზე მოუყვანიათ რაიმე არგუმენტი, კასატორებმა აღნიშნეს, რომ საკასაციო მოთხოვნით გადაწყვეტილების ეს ნაწილი მოცული არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ფ-ას, ზ. ფ-ას და თ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.12.06წ. გადაწყვეტილება და თ. ა-ეს და ნ. ფ-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.