Facebook Twitter

ბს-966-930(კ-08) 13 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 28 ივნისს ლ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან 1995 წლის ჩათვლით მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ესკადრილიის საჰაერო ძალებში, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო ესკადრილიის საჰაერო ძალების ¹..... ნაწილში გადავიდა. აღნიშნული სამხედრო ნაწილი სამხედრო ნაწილის რეორგანიზაციისას, “საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების თანახმად, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. “საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების თანახმად, აღნიშნული ქვედანაყოფები არსებული საშტატო რიცხოვნობით უნდა გადასცემოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რა დროსაც უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელის სამხედრო სამსახურში დატოვება ან კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან გათავისუფლება.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არ გამოცემულა, რის გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება ჰქონდა, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით ან დადგენილებით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და 2005 წლის 1 იანვრამდე იღებდა ხელფასს.

საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2005 წლის 1 იანვრიდან სახელფასო დავალიანების _ 6503,22 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება.

მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლდა მოხდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. შესაბამისად, იგი ვერ დაინიშნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რაიმე თანამდებობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. შ-ის სასარგებლოდ 2005 წლის იანვრიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ შეასრულა “საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების მე-5 პუნქტით დაკისრებული მოვალეობა, მოეხდინა გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკომპლექტება, გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოპასუხეს კონკრეტული წერილობითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გზით უნდა გადაეწყვიტა მანამდე შინაგანი ჯარების დაქვემდებარებაში შემავალი თანამშრომლის – ლ. შ-ის, როგორც საჯარო მოხელის სამართლებრივი მდგომარეობა, რადგან “საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულება არ წარმოადგენდა დოკუმენტს, რომლითაც მოხდა ლ. შ-ის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული ბრძანებულება წარმოადგენდა შუალედურ აქტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. შ-ის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის. “საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹616 ბრძანებულების საფუძველზე გამოცემულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2005 წლის 2 იანვრის ¹4 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹409 ბრძანებებს მოპასუხის მხრიდან უნდა მოჰყოლოდა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გადაწყდებოდა ლ. შ-ის სამართლებრივი მდგომარეობა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ ლ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ დაწერილა, მიუთითებდა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა სახელმწიფოსთან შრომით ურთიერთობაში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით, დადგენილებით ან განკარგულებით. თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ლ. შ-ი აღარ ითვლებოდა მის სამსახურში მყოფ საჯარო მოხელედ, მას უნდა დაეცვა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნა და ლ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა გაეფორმებინა შესაბამისი აქტით, ხოლო საქალაქო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მოსარჩელის პირადი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ნამდვილად მსახურობდა შინაგანი ჯარის იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდებოდა შესაბამისი ბრძანებით, დადგენილებით ან განკარგულებით. მოპასუხის მიერ არ ყოფილა უარყოფილი ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის პერიოდში მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ რაიმე აქტი გამოცემული არ ყოფილა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო ლ. შ-თვის აენაზღაურებინა 2005 წლს 1 იანვრიდან გათავისუფლების დღემდე სახელფასო დავალიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მისი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.