Facebook Twitter

¹ბს-96-91(კ-07) 1 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. გ-ამ სარჩელი აღძრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღსაურება /იხ. ს.ფ. 3-4/.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანება ¹01/03-01/513 ნ. გ-ას კადრებისა და სპეცსამუშაოების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და ნ. გ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებულ საშტატო ან ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე /იხ. ს.ფ. 52-56/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 58-59/.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შესაბამისად გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 106-111/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 118-129/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის განჩინებით ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 166-179/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანება ¹01/03-01/513 ნ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ნ. გ-ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე /იხ. ს.ფ 210-218/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 228-230/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 242-243/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მხარეთა მიერ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოდგენილი არ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 242-243/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

მოსამართლის ნათია წკეპლაძის

გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ 2007 წლის 1 მაისს განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 243-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით _ არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში მოსარჩელეს _ ნ. გ-ას აუნაზღაურა იძულებითი განაცდური, ხოლო საკასაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან ნაწილშიც მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

მიმაჩნია, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი პროცესუალური კასაცია, ვინაიდან:

მიმაჩნია, რომ კასატორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარში /მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში/ აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) შეიცავდა მართლზომიერ არგუმენტაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძვლის, კერძოდ გ) პუნქტის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე /პროცესუალური კასაცია/, კერძოდ კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლო იყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ამასთან, არ ვეთანხმები საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც განიმარტა, რომ “სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშაკს უნდა ანაზღაურებოდა გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტის გამოცემამდე ხელფასი”, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მოცემული კასაციის დასაშვებობის შემთხვევაში მისი განხილვის პირობებში, შესაძლებელია საკასაციო სასამართლო მისულიყო სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებამდე და დასკვნამდე, რისი თეორიული შესაძლებლობა საკასაციო საჩივრის არდაშვების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება ნ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების ან აღდგენის შესახებ, რაც წარმოადგენდა სადავო საკითხს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევა და შეფასება /რაც დაედო საფუძვლად ნ. გ-ას სამუშაოდან გათავისუფლებას/, და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა არა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მაგალითად, ნ. გ-ას სამუშაოზე უპირობო აღდგენის შესახებ /რა დროსაც მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლება ექვემდებარება აღდგენას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე/ ან პირიქით, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გამოიკვლევს და შეაფასებს რა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა სახის ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს, რომელიც შესაძლებელია იყო, იმავე სამართლებრივი შედეგის _ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების, ან სამუშაოზე დარჩენის თაობაზე, მხოლოდ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილ ერთთვიან ვადაში.

მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების ფარგლები არ არის დაცული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, ნორმის არასწორმა გაგება-განმარტებამ განაპირობა მისი არასწორი გამოყენება; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის მიხედვით სასამართლო აღჭურვილია პროცესუალური უფლებამოსილებით, იმ სამართლებრივი დასკვნის შემთხვევაში, როცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. აღნიშნული გულისხმობს, რომ სასამართლო სადავო საკითხს არ წყვეტს, მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბრძანების კანონიერება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სასამართლო ისე, რომ არ წყვეტს ძირითად სადავო საკითხს _ ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოთხოვნას, წყვეტს თანამდევ იურიდიულ შედეგს _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების პრინციპს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ სადავო საკითხი არსებითად წყდება, სახეზე არ არის მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა _ სადავო საკითხის გადაუწყვეტლობა. მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად არ განაპირობებს პირის “საჯარო მოხელის სტატუსში” აღდგენას, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.2. მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება _ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, რომლის დაკმაყოფილების პირობებშიც იგი შეინარჩუნებდა “საჯარო მოხელის სტატუსს”.

კონკრეტულ შემთხვევაში, ამგვარი უფლება გამოყენებული არ ყოფილა, სადავო აქტის მოქმედება შეჩერებული არ ყოფილა, პირი არ მუშაობდა, არ იღებდა ხელფასს და სადავო აქტის ბათილად ცნობა, მით უფრო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ანუ ისე, რომ სასამართლოს შეფასება არ მიუცია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი იყო თუ არა მოსარჩელის გათავისუფლება, შესაბამისად, სამსახურში აღდგენის საკითხი პოზიტიურად არ გადაწყვეტილა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ამ თვალსაზრისით ალოგიკურია, ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს იურიდიულ შედეგს გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად მიჩნევის შემთხვევაში, მოცემულ დავაში სასამართლომ იმსჯელა არა აქტის მატერიალურ-სამართლებრივ კანონიერებაზე, არამედ პროცედურული დარღვევის /სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემასთან დაკავშირებით/ გამო აქტის არაკანონიერებაზე ანუ ფორმალურ კანონიერებაზე.

მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ნ. გ-თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი, რადგან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი ანაზღაურდება სამუშაოდან უკანონო გათავისუფლებისა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის დროს. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია ნ. გ-ას სამუშაოზე აღდგენის საკითხი, შესაბამისად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე.