¹ბს-969-923(კ-06) 14 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 10 სექტემბერს ა. ძ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “ბ-ს” მიმართ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა აჭარის ა/რ ვაჭრობის სამინისტროს ქ. ბათუმის საზკვების ტრესტის ¹....... კაფე-სანაყინეს გამგედ. 1994 წლის 14 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად აღნიშნული კაფე განადგურდა. საზკვების ტრესტის გენერალური დირექტორის წერილის საფუძველზე გაცემული ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1995 წლის 12 იანვრის ნებართვით, სათანადო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, კაფე-სანაყინეს თანამშრომლებს საკუთარი სახსრებით ახალი კაფეს მშენებლობის უფლება მიენიჭათ.
მოსარჩელის განმარტებით, ახალი კაფეს აშენებას, 1994 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, 14151 აშშ დოლარი დასჭირდა. 2000 წელს კაფე-სანაყინეს ჩაუტარდა მიმდინარე რემონტი, რაზეც 4720 ლარი დაიხარჯა. მითითებული თანხები მოსარჩელემ გაიღო. 2002 წელს კი ზღვისპირა პარკში პირამიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული კაფე-სანაყინე დაიშალა და მოსარჩელეს სხვა ადგილზე ახალი კაფეს მშენებლობაზე მიეცა ნებართვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის 14151 აშშ დოლარისა და 4700 ლარის ზიანის ანაზღაურების, წარმომადგენლის ხარჯის _ 1150 ლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე შპს “ბ-მ” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, ვინაიდან 2004 წლის ივლისამდე ჯერ სახაზინო საწარმო “ზ-ის”, შემდეგ კი შპს “ბ-ს” დამფუძნებელ პარტნიორს ქ. ბათუმის მერია წარმოადგენდა. მოსარჩელის მოთხოვნა კი დაკავშირებული იყო 2002 წელს განხორციელებულ ქმედებასთან, ანუ, როდესაც აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებდა დამფუძნებელი _ ქ. ბათუმის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ქ. ბათუმის მერია ჩაება.
2005 წლის 27 სექტემბერს ა. ძ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ხოლო მესამე პირად შპს “ბ-ზე” მიუთითა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “ბ-ა” კაფე-სანაყინეს დანგრევის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზეპირ განკარგულებას ასრულებდა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქ. ბათუმის მერიას შეეძლო, ვინაიდან “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის უფლებამოსილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გააჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 14151 აშშ დოლარისა და 4700 ლარის, წარმომადგენლის ხარჯის _ 1150 ლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ქ. ბათუმის მერიისთვის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმის მერიას ა. ძ-ის სასარგებლოდ 14151 აშშ დოლარისა და 4700 ლარის გადახდა დაეკისრა; მასვე დაეკისრა ა. ძ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა, ხოლო 1150 ლარის ოდენობით წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო წესით იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტმა უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაც, საქმეში მისი მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, ა. ძ-ემ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში არასწორად მიუთითა მასზე, როგორც მოპასუხეზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილისა და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შპს “ბ-ა” წარმოადგენდა კერძო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც საკუთარი საქმიანობის შესახებ დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც მასვე ეკისრებოდა.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული კაფე-სანაყინეს დანგრევა მოხდა ქ. ბათუმის მერიის განკარგულებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ა. ძ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; ა. ძ-ის სარჩელი ბათუმის მერიისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა კაფე-სანაყინეს აგების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ქ. ბათუმის მერიის მიერ კაფე-სანაყინეს დანგრევის შესახებ აქტის მიღება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ბ-ის” მოსაზრება, თითქოს კაფე-სანაყინე დაინგრა ქ. ბათუმის მერიის ზეპირი მითითების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ აქტის ზეპირად გამოცემის შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, სამ დღეში აქტი უნდა გამოცემულიყო წერილობით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. ძ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები.
კასატორის მითითებით, შპს ,,ბ-ა" ასრულებდა ქ. ბათუმის მერიის ზეპირ განკარგულებას კაფე-სანაყინეს დანგრევის თაობაზე. ამასთან, ,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის უფლებამოსილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გააჩნდა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემა შესაძლებელი იყო როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით. იმავე კოდექსის 209-ე მუხლი არ ითვალისწინებდა რაიმე შეზღუდვას. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება შესაძლებელი იყო, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით გამოცემული ადმინისტრაციული აქტის აღსრულებით მიყენებული ზიანისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 14 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.