Facebook Twitter

ბს-969-933(კ-08) 12 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ-ის წარმომადგენლებმა ნ. ღ-ემ და ზ. ქ-მა 2006 წლის 7 ივლისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, მესამე პირის გ. გ-ის და სს ,,ს-ის” მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹1-1/478 ბრძანების, ბ-ის 2006 წლის 26 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის ტერიტორიული ორგანოს ¹44 და ¹45 ოქმების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის განხორციელების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ-ის წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ახალციხის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2006 წლის 2 მარტის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები ¹44 და ¹45, ასევე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ბრძანება ¹1-1/478.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 20 აპრილს ახალციხის რაიონის გამგეობამ მიიღო დადგენილება ¹4/22, რომლითაც ახალციხის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 11,24 ჰა ფართობ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს საძოვარს, იჯარის უფლება მიენიჭა მოქალაქე გ. გ-ს. ამის შემდგომ 2001 წლის 29 მაისს ახალციხის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ახალციხის ტერიტორიულმა ორგანომ მითითებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 2006 წლის 2 მარტს გამოსცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები ¹44 და ¹45, რომლითაც გ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ახალციხის რაიონში, სოფელ .......-ში მდებარე მიწის ნაკვეთები ¹........ (0,9629 ჰა) და ¹........ (0,2816 ჰა).

სასამართლომ ვერ გაიზიარა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალციხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენლების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალციხის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს გასაჩივრებული ოქმები მიღებულია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიები, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, მათ შორის ,,ა” პუნქტში მითითებულია საძოვარი.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბ-ის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2000 წლის 31 მაისს. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ მილსადენის პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ყოველგვარი უფლება ბ-ას სახელმწიფო მიწის მიმართ უნდა გადასცემოდა უსასყიდლოდ საქართველოს სახელმწიფოს მიერ, კერძო მოსარგებლეებისათვის სათანადო ანაზღაურების გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, სამინისტროსათვის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ გ. გ-ზე გაცემულ იქნა 11,24 ჰა მიწის ფართობი, საიდანაც 10,00 ჰა წარმოადგენდა საძოვარს. შესაბამისად სამინისტროსათვის უცნობი იყო ის ფაქტიც, რომ ახალციხის სამმართველოს მიერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების პრივატიზება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.