Facebook Twitter

¹ბს-971-925(კ-06) 28 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.07.06წ. განჩინების გაუქმებაზე ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. მ-მა სარჩელი აღძრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.11.05წ. ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელეს აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 10.06.05წ. ¹...... ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,........ სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა". საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.05წ., ¹779/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა სკოლის დირექტორად. 24.11.05წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულია, რომ სკოლის დირექტორმა სკოლის ადმინისტრაციის წევრთა დანიშვნა და მათი ხელფასის ფონდის განსაზღვრა განახორციელა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, რაც დაკვალიფიცირდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ" ქვეპუქტით.

მოსარჩელის განმარტებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.11.06წ. ¹2096/კ ბრძანება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო სამუშაოდან განთავისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაშიც შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება. მის მიერ ადგილი არ ჰქონდა ქონების დატაცებას და ამაზე არც მინისტრის ბრძანებაშია მითითებული. არც ფულადი ან სასაქონლო ფასეულობის დახარჯვა მომხდარა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, ამის დასტურია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილის თ. ს-სა და ......... სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს შორის 10.10.05წ. დადებული ხელშეკრულება ¹..... . მისი 1.2 მუხლის თანახმად, ,,დამკვეთი" ავალებს, ხოლო ,,შემსრულებელი" იღებს ვალდებულებას შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის 24.07.05წ. ¹535 ბრძანებულებით დამტკიცებული პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები, დანართში მითითებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ხოლო ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა დასახელებული სკოლის მუშა-მოსამსახურეთა მე-4 კვარტლის (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი) სახელფასო ფონდი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 9890 ლარს. ამ შემთხვევაში გაურკვეველია, რა დარღვევა აქვს მხედველობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

მოსარჩელის მოსაზრებით არ წარმოადგენდა ასევე დარღვევას სკოლის დირექტორის მიერ ადმინისტრაციის წევრთა დანიშვნა, ვინაიდან, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ" 53-ე მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილია ,,განათლების შესახებ" 27.07.97წ კანონის ის ნორმები, რომლებიც ჩაითვალა ძალადაკარგულად ,,ზოგადი განათლების შესახებ" კანონის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. იქვე მითითებულია, რომ ძალადაკარგულად ჩაითვალა ,,განათლების შესახებ” კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც განსხვავებულად არეგულირებს ,,ზოგადი განათლების შესახებ" კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. დასახელებულ ჩამონათვალში არ არის და არც ეწინააღმდეგება ,,ზოგადი განათლების შესახებ" კანონს ,,განათლების შესახებ" კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც სკოლის დირექტორი ხელშეკრულების საფუძველზე, წესდებით განსაზღვრული წესით, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პედაგოგიურ პერსონალს და სხვა მუშაკებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დირექტორს ჰქონდა უფლება სამსახურში მიეღო ადმინისტრაციის თანამშრომლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.11.05წ. ¹2096/კ ბრძანებაში მითითებულია ასევე, რომ სკოლის დირექტორმა არ შეუთანხმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო განრიგი. იმავე ბრძანებაში მითითებულია, რომ დირექტორმა საშტატო განრიგი სამინისტროში წარადგინა დაგვიანებით, 07.11.05წ., თუმცა იქვე დაფიქსირებულია, რომ 24 ნოემბრამდე სამინისტროს არ ჰქონდა გაცემული თანხმობა. მოსარჩელის განმარტებით საშტატო განრიგის დაგვიანებით წარდგენა სამინისტროში არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რისთვისაც შეიძლება მუშაკი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს შედეგი შეიძლება დამდგარიყო მაშინ, თუ მოქმედი საკანონმდებლო ნორმებით საშტატო განრიგის განსაზღვრის უფლებამოსილება ექნებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მოქმედ ნორმებში (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი, სკოლის წესდების მე-2 თავის მე-8 მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტი და მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი) საუბარია მხოლოდ სამინისტროს მხრიდან საშტატო განრიგის შეთანმებაზე და არსად არ არის მთითებული, რომ საშტატო განრიგი უნდა განესაზღვრა სამინისტროს. მითუმეტეს, რომ სკოლის დირექტორის მიერ ადგილი არ ჰქონია ფინანსების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, რაც მოცემულ შემთხვევაში საფუძვლად დაედო მის განთავისუფლებას (შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტი). აღნიშნულ შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც მითითებულია, რომ დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშის ან მოსამსახურის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა. კანონის დასახელებული ნორმის გათვალისწინება საერთოდ არ მოხდა. გარდა ამისა, საშტატო განრიგის დაგვიანებით წარდგენა მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ სკოლის დირექტორი იღებდა კონსულტაციებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებთან, რის შესახებაც მან მიუთითა თავის მოხსენებით ბარათში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.06წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.06წ. განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამუშაო ადგილზე ქონების დატაცების ფაქტს, ამასთან მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლად მიჩნეულია არა მხოლოდ დასახელებული გარემოება. სააპელაციო პალატის განმარტებით ნ. მ-მა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე თანამშრომლების დანიშვნითა და ხელფასების გაცემით, ობიექტურად შექმნა მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველი, რაც დასახელებული ნორმის თანახმად მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლების დამოუკიდებელი საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაენიშნა ადმინისტრაციის თანამშრომლები. სააპელაციო პალატის მითითებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,......... სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების მე-8 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. სკოლის დირექტორის ეს მოვალეობა ხაზგასმულია სკოლის წესდების მე-13 მუხლითაც, რომელიც სპეციალურად, მხოლოდ სკოლის საქმიანობის იმ ჩამონათვალს ეხება, რომლის შეთანხმებაც სავალდებულოა სამინისტროსთან და მასში დასახელებულია საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ,,განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის არასწორი განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ამ ნორმით, დადგენილია რა დირექტორისათვის მუშაკის სამუშაოზე მიღების უფლებამოსილება, იმავდროულად მისი გამოყენება შეზღუდულია სკოლის წესდებით დადგენილი დამატებითი პირობებით. ,, ......... სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების მე-8 მუხლის ,,ე" პუნქტით ამგვარ დამატებით პირობას წარმოადგენს საკითხის შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.07.06წ განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის, ........ სახელობის სახელმწიფო ადმინისტრიტების სკოლის წესდების მე-2 თავის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის და მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ნ. მ-ი ვალდებული იყო სამინისტროსათვის შეეთანხმებინა საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი. ამდენად, საუბარია მხოლოდ შეთანხმებაზე და არა საშტატო განრიგის განსაზღვრაზე სამინისტროს მხრიდან.

კასატორის მოსაზრებით, მის მიერ ადგილი არ ჰქონია ქონების დატაცებას. აღნიშნული გარემოება დადასტურებულად ცნო სააპელაციო სასამართლომ. არც ფულადი ან სასაქონლო ფასეულობების დახარჯვა მომხდარა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამის დასტურია 10.10.05წ., ¹...... ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილის თ. ს-სა და ......... სახელობის სახელმწიფო ადმინიტსრირების სკოლის დირექტორს შორის. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად: ,,დამკვეთი" ავალებს, ხოლო “შემსრულებელი" იღებს ვალდებულებას შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის 24.06.05წ. ¹534 ბრძანებულებით დამტკიცებული პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები დანართში მითითებული ხარჯთავრიღხვის შესაბამისად. ხოლო ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა დასახელებული სკოლის მუშა-მოსამსახურეთა IV კვარტლის (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი) სახელფასო ფონდი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 9890 ლარს. შესაბამისად, გაურკვეველია სამართლებრივად რა დარღვევაზეა საუბარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.