ბს-971-935(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 27 მაისს გ. კ.-მ, მ. კ.-მ, ლ. დ.-მ, ვ. მ.-მ, მ. ჭ.-მ, თ. გ.-მ და ე. ლ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ და მოითხოვეს: ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹27 ბრძანებისა და 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹38 ბრძანების და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹479 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში, რომელიც 2005 წლის 5 მაისის ¹27 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა. ხსენებული ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულებით მოხდა მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება, ხოლო ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹479 განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 2 თებერვლის ¹81 განკარგულება ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელშიც, მოსარჩელეთა განმარტებით, იდენტური ფუნქციებით შევიდა აღნიშნული სამსახური.
მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული აქტები უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ ხსენებული აქტებით სამართლებრივად გაფორმდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხელეთა გათავისუფლება, ფაქტობრივად კი განხორციელდა არა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ სამართლებრივი შედეგებით მოხდა მისი რეორგანიზაცია, ხოლო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მოხელეებზე გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელი იყო, ეწინააღმდეგებოდა კანონს, დარღვეული იყო მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე ხსენებული აქტები გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოსა და არაუფლებამისილი პირების მიერ, რის გამოც ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის, ვ. მ.-ის, მ. ჭ.-ის, თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹27 და ¹38 ბრძანებებისა და 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წაროებაში, ხოლო მოსარჩელეების: გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის, ვ. მ.-ის, მ. ჭ.-ის, თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის სარჩელი ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹479 განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის, ვ. მ.-ის, მ. ჭ.-ის, თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე ქ. თბილისის მერი შეიცვალა სათანადო მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიით. ამასთან, იმავე საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმე გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის, ვ. მ.-ის, მ. ჭ.-ის, თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის სარჩელის გამო ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹479 განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის _ ანაზღაურების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელეების _ გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის, ვ. მ.-ის, მ. ჭ.-ის, თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის სარჩელის გამო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 ივნისის ¹27 ბრძანების, 2005 წლის 5 მაისის ¹38 ბრძანებისა და 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის, ვ. მ.-ის, მ. ჭ.-ის, თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ.-მ, გ. კ.-მ, მ. კ.-მ, ლ. დ.-მ, მ. ჭ.-მ, თ. გ.-ნმა და ე. ლ.-მ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის პრემიერი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ ქ. თბილისის მერით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა თ. გ.-ისა და ე. ლ.-ის განცხადება და მათ მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. მ.-ის, გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ის და მ. ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. მ.-ის, გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ისა და მ. ჭ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულება ვ. მ.-ის, გ. კ.-ს, მ. კ.-ის, ლ. დ.-ისა და მ. ჭ.-ის ნაწილში და ქ. თბილისის მერიას დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიეღო შესაბამისი აქტი; ვ. მ.-ს, გ. კ.-ს, მ. კ.-ს, ლ. დ.-სა და მ. ჭ.-ს აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულებას, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, საჯარო დაწესებულებას წარმოადგენდა მხოლოდ ქ. თბილისის მერია და არა მისი სტრუქტურული ერთეულები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ლიკვიდაციის აქტი არ გამოცემულა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულებას საფუძვლად დაედო “ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹27 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹27 ბრძანებით განხორციელდა სამსახურის რეორგანიზაცია შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებით და არა ლიკვიდაცია, ვინაიდან სამსახურის ფუნქციონირების სრულ შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. ამდენად, ტერმინი “ლიკვიდაცია” თავისი სამართლებრივი ბუნებით და თანმდევი შედეგით რეალურად წარმოადგენდა რეორგანიზაციას, რის გამოც მას სამართლებრივად უნდა მოჰყოლოდა ის შედეგები, რასაც ჩვეულებრივ დაწესებულების რეორგანიზაცია იწვევდა. აღნიშნული კი იმ დროს მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეთა სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზების ვალდებულებას ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეთავაზება ქ. თბილისის მერიის მხრიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის გათავისუფლებულ თანამშრომლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ განხორციელებულა. ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულების გამოცემისას ასევე დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და იმ დროისათვის მოქმედი “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 36-ე მუხლის მოთხოვნები.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულება გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის _ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულება, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ აპელანტებთან მიმართებაში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹150 განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი, აღარ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი მოხელეთა მიმართ ხელფასის გაუცემლობისა, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან.
რაც შეეხება აპელანტების მოთხოვნას ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹479 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹38 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქ. თბილისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 4 დეკემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.