Facebook Twitter

¹ბს-973-937(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 18 იანვარს მ. გ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 19 მარტს სოფელ დიღომში მდებარე 0,09 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ი. ს-ის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის, სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და სადავო ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმეზე შეწყდა წარმოება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მ. გ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტები, რომლებიც გამოტანილია საქმის არსებითად გადაწყვეტის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით განხილულ იქნა მ. გ-ის კერძო საჩივარი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.

კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, მ. გ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა ზემდგომმა _ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის განჩინებაც, წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზედაც მიუთითებს თავად გასაჩივრებული განჩინება. აღნიშნულის მიუხედავად, მ. გ-მა საკასაციო საჩივარი შემოიტანა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებების გაუქმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განჩინებებზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.