¹ბს-974-934(კ-07) 29 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 28 თებერვალს ნ. ც-ამ სარჩელი აღძრა თილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 5 იანვრის ¹3-113 ბრძანების გაუქმება, მოსარჩელის აღდგენა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო-საგუშაგო “....” უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მოპასუხისათვის დავალიანების 4071,26 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე სსსკ-ის 268.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა (იხ. ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 5 იანვრის ¹3-113 ბრძანება, ნ. ც-ია აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო-საგუშაგო “....” უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანების 4071,26 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 82-87).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 56-57).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნ. ც-ას მიერ დავის საგნის გაზრდა, კერძოდ, დამატებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხის დაყენება (იხ. ს.ფ. 118-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ნ. ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების 4071,26 ლარის, ასევე გათავისუფლების მომენტიდან _ 2005 წლის 5 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენის მომენტამდე _ 2005 წლის 21 ოქტომბრამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 140-146).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 158-159).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 163-164).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან ამგვარ დავებზე არ არსებობს დადგენილი პრაქტიკა.
მოსაზრების ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2 მუხლი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.3 მუხლიდან გამომდინარე, არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი.
გარდა აღნიშნულისა, მოსაზრების ავტორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლისა, რადგან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 5 იანვარს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2005 წლის 28 თებერვალს.
მოსაზრების ავტორის მითითებით, სამინისტროს შეთავაზებისა და მოსარჩელის თანხმობის საფუძველზე, ნ. ც-ია აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო გამშვებ პუნქტ “....” უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. ამდენად, არ არსებობს დავის საგანი და უსაფუძვლოა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ (იხ. ს.ფ. 167-168).
შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია რამდენად არის ვალდებული მუშაკის სამსახურში აღდგენისა, როდესაც სამინისტროს შეთავაზებისა და მოსარჩელის თანხმობის საფუძველზე, იგი აღდგენილია საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო გამშვებ პუნქტ “....” უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.3 მუხლის სწორად გამოყენება და განმარტება, ასევე რამდენად შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შეაჩეროს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით განცხადებით მიმართვამ (იხ. ს.ფ. 170-171).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 163-164).
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სრულყოფილად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.