Facebook Twitter

ბს-976-940(2კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 20 აპრილს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 14 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში, ხოლო 2002 წლის 9 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ტრავმა და სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის მიერ დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, რის საფუძველზეც დაენიშნა სამხედრო პენსია ინვალიდობით. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 53-ე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში, დაინვალიდებისას მიეცემოდა ერთჯერადი დახმარება 5 წლის ფულადი სარგოს ოდენობით. ამ დახმარებაზე მოპასუხემ მოსარჩელეს უარი უთხრა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული სამხედრო ტრავმის შედეგად მოსარჩელე დაინვალიდდა, რაც მას აძლევდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების მე-101 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ფულადი სარგოს 5 წლის ოდენობით დახმარების მიღების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ფულადი სარგოს 5 წლის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მასზე გაცემის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო იმავე კოლეგიის 2006 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე _ მ. მ-ე და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მ. მ-ეს უარი ეთქვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმისათვის 5 წლის ერთჯერადი დახმარების გაცემასა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საკანონმდებლო აქტი მიღებული იყო 1998 წლის 25 ივნისს, დ. მ-ემ კი სამხედრო ტრავმა მიიღო 2002 წელს _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მოქმედების პერიოდში. უფრო მეტიც, მითითებული კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული იყო სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემოდა ერთჯერადი დახმარება 5 წლის საზღაურის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დ. მ-ის ფულადი სარგოს ხუთი წლის ოდენობით თანხის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის სარჩელი აკმაყოფილებდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, მისი ოჯახისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით 5 წლის საზღაურის მიცემას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მიუხედავად სარჩელის დაკმაყოფილებაზე მითითებისა, არ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის გადახდა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველია. კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის მისთვის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 20 ნოემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.