¹ბს-977-931(კ-06) 29 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია
კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი _ ი. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე) _ ხ. კ-ე, წარმომადგენელი _ რ. ფ-ე
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 12 იანვარს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ ხ. კ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ხ. კ-ეს შორის 2005 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
საქმის გარემოებები:
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის (ოქმი ¹13) დადგენილების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹....... გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე ხ. კ-ეს საკუთრებაში გადაეცა დაბა .......-ში, რესტორან ,, .......” მიმდებარედ 1000 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მოსაწყობად. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ხ. კ-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 18 ნოემბერს.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ზემომითითებულ ტერიტორიაზე არ იყო ჩამოყალიბებული საკონკურსო პირობები, იმ პერიოდისათვის არ არსებობდა კონკრეტული კომპეტენტური უწყებების, კერძოდ: საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ,,საქნაპირდაცვის," ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობები. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა უფლებამოსილი უწყებების სავალდებულო თანხმობები, ხელვაჩაურის რაონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹.... გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნების დარღვევით იქნა მიღებული. ამდენად, 2005 წლის 18 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ხ. კ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას /იხ.ს.ფ. 2, ტ.1/.
2006 წლის 25 იანვარს ხ. კ-ემ აღძრა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების 2.6. პუნქტის ბათილად ცნობა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹13 საოქმო გადაწყვეტილებისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹...... გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის “ა”, “ვ” ქვეპუნქტების ძალაში დატოვება.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის დაბა .......-ში. აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა 2005 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა საკონკურსო პირობების დაცვით, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე მოპასუხემ გამოაცხადა კონკურსი, სადაც მოსარჩელემ ერთპიროვნულად გაიმარჯვა და სრულად გადაიხადა განსაზღვრული საფასური. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 05.10.05წ. ¹13 ოქმის თანახმად, კომისიამ კონკურსში გამარჯვებულად აღიარა მოსარჩელე და მას დაევალა ერთი თვის ვადაში შესაბამის საბანკო ანგარიშზე 14 400 ლარის გადახდა, რომელიც მოსარჩელემ გადაიხადა ვადაზე ადრე. მოპასუხემ 19.10.2005წ. მიიღო ¹..... გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა აღნიშნული კომისიის საოქმო დადგენილება; მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაუფორმდებოდა მიწის ნაკვეთი. მოპასუხის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილებით გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა მიწის ნაკვეთზე. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოცემული იყო მიწის ნაკვეთზე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 56-ე 95.2, 97-ე, 98-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემით მოპასუხემ არ უზრუნველყო მოსარჩელის ინტერესების დაცვა, კერძოდ, არ აწარმოვა ადმინისტრაციული წარმოება,Kმაშინ, როცა ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ საერთოდ არ გამოიკვლია საჭირო გარემოებები და დაარღვია მოსარჩელის უფლებები.
მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამოიყენა და, შესაბამისად, არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 “გ” მუხლი, რამდენადაც მოსარჩელემ შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც მოპასუხემ დაადგინა და რაც კონკურსით იყო განსაზღვრული. მან დროულად შეიტანა განცხადება და საბუთები; დროულად გადაიხადა ბე და მთლიანი ღირებულება, ასევე კანონის შესაბამისად, მასთან 2005 წლის 18 ნოემბერს სანოტარო აქტით გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, შესაბამისად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა /იხ. ს.ფ. 1-4/.
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად /იხ.ს.ფ. 40; სხდომის ოქმი/.
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ხ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების 2.6. პუნქტი, რომელიც ეხებოდა მოსარჩელე ხ. კ-ის უფლებებს; ძალაში დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹13 საოქმო გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹...... გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის “ა” ვ” ქვეპუნქტები, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹13 საოქმო გადაწყვეტილება და მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა დაბა ......-ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ხ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის დაბა .......-ში. აღნიშნულ ქონებაზე მან საკუთრების უფლება მოიპოვა 2005 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადდა საჯარო კონკურსი, რის თაობაზეც ოფიციალურად გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთ ,, .......-ში". გაზეთში გამოქვეყნდა ასევე კონკურსის პირობებიც. ხ. კ-ემ განსაზღვრულ დროში, 2005 წლის 20 სექტემბერს ბეს სახით შეიტანა 700 ლარი და მონაწილეობა მიიღო კონკურსში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹13 ოქმის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ხ. კ-ე, რომელსაც დაევალა საბანკო ანგარიშზე ერთი თვის ვადაში 14400 ლარის შეტანა. საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 19 ოქტომბერს მიიღო ¹..... გადაწყვეტილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა", ,,ვ" ქვეპუნქტების თანახმად, ხ. კ-ეს დაბა .....-ში, რესტორან ,, ......" მიმდებარედ, საკუთრებაში გადაეცა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მოსაწყობად. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ხ. კ-ეს დაევალა ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო კონკურსზე საბოლოოდ დადგენილი თანხის შესაბამის ანგარიშზე გადახდა. ხ. კ-ემ 2005 წლის 15 ნოემბერს შესაბამის ანგარიშზე გადაიხადა აღნიშნული მიწის საპრივატიზაციო გადასახადი 13700 ლარი და შეასრულა ის ვალდებულებები, რაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹...... გადაწყვეტილებით განსაზღვრა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია ხელვაჩაურის რაიონის ნოტარიუს თ. ჩ-ას მიერ და ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ხ. კ-ე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული ¹162 გადაწყვეტილების იმ ნაწილების ბათილად ცნობა, რომლითაც მისი კანონიერი ინტერესები ირღვევა.
სასამართლოს შეფასებით, სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ხ. კ-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 “ბ” მუხლის თანახმად, ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რამდენადაც გასაჩივრებული ¹162 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენდა მის კანონიერ ინტერესებზე. სასამართლოს დასკვნით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მიღების დროს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე ხ. კ-ის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სადავო აქტის გამოცემის დროს დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტის, მე-3, 53-ე, 56-ე, 95.2, 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნები, შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ამასთან დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის წესები. ხელვაჩაურის რიონის გამგეობამ 27.12.2005წ. ¹162 გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სზაკ-ის 61.2 “გ” მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ ხ. კ-ეს ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული ყველა ის ვალდებულება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 05.10.2005წ. ¹13 ოქმით და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 19.10.2005წ. ¹.... გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოებები აბსოლუტური საფუძველი იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათლად გამოცხადებისათვის, რადგან მისი შინაარსი ეწინააღმდეგებოდა კანონს და დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის წესები.
სასამართლოს შეფასებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გასაჩივრებული 2005 წლის 18 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2005 წლის 18 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, კერძოდ, 70.1. მუხლის მოთხოვნა. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა მოითხოვდა 2005 წლის 18 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კონკურსის გაცემისას არ არსებობდა საავტომობილო გზების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ,,საქნაპირდაცვის," ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობები, ხოლო, სასამართლოს დასკვნით, მსგავსი საფუძვლით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანების 1.6 მუხლი და განმარტა, რომ სასარგებლო წიაღისეულისა და დაცული ტერიტორიების, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, იშვიათი და უნიკალური არქეოლოგიური, კულტურული და ისტორიული ძეგლების გავრცელების, აგრეთვე, საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარულ ზონებში სახელმწიფო მიწა განიკარგება მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ ორგანიზაციებმა. სასამართლოს შეფასებით, სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქცია არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ამასთან, კონკურსის გამოცხადების დროისათვის არ არსებობდა რაიმე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ანდა სპეციალური კანონი, რითაც განსაზღვრული იქნებოდა აღნიშნული ორგანიზაციების მიერ თანხმობების გაცემის წესი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა ჩვეულებრივი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ამ მიწის ნაკვეთზე კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო საჭირო მითითებული ორგანიზაციების თანხმობები. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნების დაცვით და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა /იხ.ს.ფ. 58-62/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 23 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის გაზეთ ,, .......-ში" გამოაცხადა კონკურსი რაიონის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში იჯარა გამოსყიდვისა და იჯარით გაცემის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესები. აღნიშნული წესებისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, რაიონის მმართველობის ორგანოები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში ან დროებით სარგებლობაში განკარგვას უზრუნველყოფენ აუქციონისა და კონკურსის წესით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა, აღნიშნული წესების თანახმად, აუქციონისა და კონკურსისათვის ადგენს სპეციალურ პირობებს, კერძოდ: აუქციონის ჩატარების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს უშუალოდ გადასახდელ თანხაზე (ფასზე), ხოლო კონკურსის დროს _ შემოთავაზებულ საუკეთესო წინადადებაზე, საუკეთესო ინტერესებზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე, რომელიც ატარებდა კონკურსს მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე, ფაქტობრივად ჩატარდა აუქციონი, რითაც დაირღვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესების მთელი რიგი ნორმატიული დებულებები, ვინაიდან მოსარჩელე ხ. კ-ის მიერ არ იყო წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები, ჩამოყალიბებული რაიმე პროექტის ან გეგმის სახით და ფაქტობრივად, მხოლოდ ფინანსური ნაწილის (გადახდის) უზრუნველყოფით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვების თაობაზე.
აპელანტის მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესების ზოგადი ნაწილის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ: ,,სასარგებლო წიაღისეულისა და დაცული ტერიტორიების, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, იშვიათი და უნიკალური არქეოლოგიური, კულტურული და ისტორიული ძეგლების გავრცელების, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარულ ზონებში სახელმწიფო მიწა განიკარგება მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ ორგანიზაციებმა". აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს დაბა ......-ში, ბათუმი _ ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ. ეს ტერიტორია მიეკუთვნება აჭარის ა/რ საზღვაო საკურორტო ზოლს. მოსარჩელე ხ. კ-ზე მიწის ნაკვეთის განკარგვისათვის, ზემოთ აღნიშნული პუნქტის თანახმად, სავალდებულო იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანხმობა, რაც კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების პერიოდისათვის არ არსებობდა.
აპელანტის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მთელი რიგი და მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის დადგენილებების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹..... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად გამოყენებული იყო სზაკ-ის 61.2 ,,გ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ძალადაკარგულად შესაძლებელია გამოცხადდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. აპელანტის მოსაზრებით, დაინტერესებული მხარის ვალდებულებების შეუსრულებლობაში იგულისხმება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთი მხარის, უფლებამოსილება და, შესაბამისად, ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რომელიც უშუალოდ მოქმედებს და ზიანს აყენებს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კანონიერ ინტერესებს. დღევანდელი მდგომარეობით, მიმდინარეობს ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალის სტატუსით მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობის განხორციელების უზრუნველყოფის პერიოდში ასათვისებელი იქნება მთელი რიგი ახალი ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზეც შეიძლება გავრცელდეს. იმ გარემოების გამო, რომ მიწის ნაკვეთის განკარგვის პერიოდში არ იყო დაცული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესები, აღნიშნულით შეილახა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესები.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და განმარტა, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, ძალადაკარგულად ან ბათილად უნდა ჩაითვალოს ყველა ის გარიგება, რომლებიც არ აკმაყოფილებს სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს. ამასთან, აპელანტის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინაიდან მისი გასხვისების დროს სავალდებულო იყო ზემოხსენებული კომპეტენტური უწყებების (ადმინისტრაციული ორგანოების სავალდებულო თანხმობები /იხ.ს.ფ. 65-69/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 სეტემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
გაზეთ ,, ......-ში" გამოქვეყნდა ცნობა ......-ში 1000 მ2 მიწის ნაკვეთზე კონკურსის შესახებ, რითაც დაცულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საკონკურსო კომისია ადგილობრივ პრესაში ან გაზეთ “ს-ში” აქვეყნებს ინფორმაციას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹13 ოქმის თანახმად, მხოლოდ ხ. კ-ის ერთი განაცხადი იყო შესული, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად, რითაც დაცულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმის მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით. ¹13 ოქმი დამტკიცდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹.... გადაწყვეტილებით. 2005 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა ხ. კ-თან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გატარდა საჯარო რეესტრში. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹..... გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლი და განმარტა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, რის გამოც ხ. კ-ეს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეთქვა თავისი აზრი და გასცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1. და მე-2 ნაწილების მიხედვით, ამგვარი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” პირველი თავის მე-6 პუნქტი და განმარტა, რომ სასარგებლო წიაღისეულის და დაცული ტერიტორიების, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე საჭიროა შესაბამისი სამსახურების თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო ნაკვეთი ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნებოდა /იხ.ს.ფ. 99-103/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 113-116/.
კასაციის მოტივი:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესები. აღნიშნული წესებისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რაიონის მმართველობის ორგანოები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში ან დროებით სარგებლობაში განკარგვას უზრუნველყოფენ აუქციონისა და კონკურსის წესით. აღნიშნული წესების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვის მიმდინარეობისას აუქციონისა და კონკურსისათვის დადგენილია სპეციალური პირობები, კერძოდ: აუქციონის ჩატარების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს უშუალოდ გადასახდელ თანხაზე (ფასზე), ხოლო კონკურსის დროს _ შემოთავაზებულ საუკეთესო წინადადებაზე, საუკეთესო ინტერესებზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 2005 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე, რომელიც ატარებდა კონკურსს მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე, ფაქტობრივად ჩატარდა აუქციონი, რითაც დაირღვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესების მთელი რიგი ნორმატიული დებულებები, ფაქტობრივად, მხოლოდ ფინანსური ნაწილის (უბრალოდ გადახდის) უზრუნველყოფით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხ. კ-ის კონკურსში გამარჯვების თაობაზე.
კასატორმა მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებულ _ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესების ზოგადი ნაწილის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ: ,,სასარგებლო წიაღისეულისა და დაცული ტერიტორიების, წიაღით სარგებლობის ოიბექტებზე მიწის მინაკუთვნის იშვიათი და უნიკალური არქეოლოგიური, კულტურული და ისტორიული ძეგლების გავრცელების, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარულ ზონებში სახელმწიფო მიწა განიკარგება მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ ორგანიზაციებმა". სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დაბა ......-ში, ბათუმი _ ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ. ეს ტერიტორია _ ,,საქართველოს კუროტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის ¹655 ბრძანებულებით მიეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ კურორტს. შესაბამისად, ხ. კ-ზე მიწის ნაკვეთის განკარგვისათვის (გადაცემისათვის), ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სავალდებულო იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობა.
კასატორის მითითებით, კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების პერიოდისათვის არ არსებობდა ზემოაღნიშნული უწყებების სათანადო ნებართვები, რის გამოც დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული _ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესების მოთხოვნები.
კასატორის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მიღებამდე, ზემოაღნიშნული და სხვა მიწის ნაკვეთების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹188 განკარგულებით შეიქმნა შიდაუწყებრივი კომისია, რომელსაც დაევალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების იჯარითა და საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცესების კანონიერების საკითხის შესწავლა. აღნიშნული კომისიის მიერ ხელვაჩაურის გამგებელს წარედგინა მოხსენებითი ბარათი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა მოსარჩელე ხ. კ-ისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის არაკანონიერების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, როგორც კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული სამართლებრივი ურთიერთობები, გამოცხადებულიყო ბათილად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტები სრულად აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 56-ე, 951. 95.2.,96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს.
კასატორის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მთელი რიგი და მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის დადგენილებების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹...... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომლის თანახმად ძალადაკარგულად შესაძლებელია გამოცხადდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. დღევანდელი მდგომრეობით, მიმდინარეობს ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალის სტატუსით მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობის განხორციელების უზრუნველყოფის პერიოდში ასათვისებელი იქნება მთელი რიგი ახალი ტერიტორიები, რომელიც უშუალოდ, სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზეც შეიძლება გავრცელდეს. იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთის განკარგვის პერიოდში დროულად არ იქნა დაცული ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესები, ყოველივე ამით შეილახა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესები, კერძოდ, საგზაო დეპარტამენტის, რამდენადაც არ არსებობდა ამ უკანასკნელის თანხმობა სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისების დროს.
კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინაიდან მისი გასხვისების (გაყიდვის) დროისათვის სავალდებულო იყო ზემოაღნიშნული კომპეტენტური უწყებების (ადმინისტრაციული ორგანოების) სავალდებულო თანხმობები. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო სამართლის პრინციპების თანახმად, თუ გარკვეული მოქმედებები არ შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, იგი უნდა იქნეს ძალადაკაგულად ან ბათილად ცნობილი და ამგვარ ვითარებაში არ უნდა გამახვილდეს ყურადღება იმ გარემოებაზე, თუ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელმა მხარემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მით უფრო, რომ მხარის ბრალით გამოწვეული მოქმედებების შეუსრულებლობა წარმოშობს დელიქტურ ვალდებულებებს.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ხ. კ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, საკასაციო საჩივარში მითითებული დარღვევები არ დასტურდება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც რაიონული, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ მართებულად ეთქვა უარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხ. კ-ეს შორის 2005 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა დასკვნას მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაზე მითითება, რადგან აღნიშნული ნორმა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანხმობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვისათვის აწესებს, თუ მიწა მდებარეობს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარულ ზონაში. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ხ. კ-თვის საკუთრებაში გადაცემული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის კურორტის ან საკურორტო ადგილის სანიტარულ ზონაში მდებარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა კასატორის მითითება “საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის ¹655 ბრძანებულებაზე, რადგან მითითებული ბრძანებულებით კურორტების ნუსხაში იქნა შეტანილი ........-ი, რაც არ ადასტურებს იმას, რომ ხ. კ-თვის გადაცემული ხელვაჩაურის რაიონის, დაბა ......-ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი განეკუთვნება ზემოთ აღნიშნული ¹65 ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ კურორტის სანიტარულ ზონას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ხ. კ-თვის გადაცემული ნაკვეთი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს და მისი განკარგვისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ესაჭიროებოდა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს თანხმობა, მით უფრო, იმ ვითარებაში, როცა ეს ორგანოები სადავოდ არ ხდიან ხ. კ-თვის კონკურსის შედეგად მიწის ნაკვეთის გადაცემის კანონიერებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და მართებულად არ იქნა გაზიარებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო გარიგების არსებობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ხ. კ-ის მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადავო გადაწყვეტილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების წესების, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 56-ე მუხლების, ამავე კოდექსის 95.1 მუხლის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ გამგეობის მიერ დაცულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები აქტის გამოცემისას, რის დასადასტურებლადაც კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემამდე, მიწის ნაკვეთების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹188 განკარგულებით შეიქმნა შიდაუწყებრივი კომისია და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილმა მოხსენებითმა ბარათმა ცხადყო ხ. კ-ზე გადაცემული მიწის ნაკვეთის კანონიერების საკითხები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მხოლოდ კომისიის შექმნა არ ნიშნავს ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას. მოსარჩელე ხ. კ-ე სასარჩელო განცხადებით უთითებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 56-ე მუხლების, 95.2 მუხლის მოთხოვნების დარღვევაზე, რომელთა თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, უნდა გამოქვეყნდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ასევე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო ძალადაკარგულად ეცნო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80, 10 აგვისტოს ¹93, 11 აგვისტოს ¹109 და 10 ოქტომბრის ¹.... გადაწყვეტილებები, რადგან მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილებას, თუ დაინტერესებული მხარე _ ადმინისტრაციული აქტის ადრესატი არ შეასრულებს ამავე აქტით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შეფასებას, რომ 61.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტი დაინტერესებულ მხარეში გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს და აქტის ძალადაკარგულად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს ურთიერთობის მონაწილე რომელი მხარე არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კასატორის ამგვარი მსჯელობა არ შეესაბამება ზემოთ მითითებული ნორმის შინაარს, რადგან იგი გულისხმობს არა კანონით გათვალისწინებული, არამედ თავად აქტით მისი ადრესატისათვის, ანუ იმ პირისათვის, რომლსაც ეს აქტი ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს, დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას და სწორედ ამ გარემოებების არსებობის პირობებში ეძლევა ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ კონკურსის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ჩატარებისას ზიანი ადგება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რითაც კასატორი ფაქტობრივად ამართლებს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული არგუმენტი მიაჩნია სამართლებრივად უსაფუძვლოდ და იგი ვერ ასაბუთებს კასატორის მოთხოვნას, რადგან ამგვარი არგუმენტი არ შეესაბამება დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს შეუძლია იდავოს მხოლოდ თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს ხ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა აქტის წარმოებისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას არ დასტურდება საკასაციო საჩივარში მითითებული დარღვევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.