Facebook Twitter

¹ბს-97-97(კ-08) 11 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. კ.-ის სარჩელის გამო თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 10 აგვისტოს ვ. კ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დავალიანების _ 1323,09 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 1323,09 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 21-22).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 27-29).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 65-67).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 72-77).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 97-98).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ვ. კ.-ის წარმომადგენელმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ვ. კ.-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება კერძო სამართლებრივ ურითერთობებიდან წარმოშობილ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე და არა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობით წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორმა განმარტა, რომ ხელფასის თანხის ნაწილში სამინისტროს არ გააჩნია შესაბამისი თანხები ბიუჯეტში წინა წლების დავალიანების დასაფარავად, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია.

მოსაზრების ავტორის მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1, 14.1 მუხლებისა და მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს დათხოვნის დღეს არ მიუღია კუთვნილი თანხა, რაც დასტურდება შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2007 წლის 3 მარტის ¹3-11/5430 ცნობით, ხოლო ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს კასატორის ორგანიზაციისადმი მიმართვის დღე. ამდენად, მოსაზრების ავტორის მითითებით, ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის (იხ. ს.ფ. 102-105).

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კანონით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის საპროცესო დარღვევას და გახდა იურიდიულად დაუსაბუთებელი განჩინების გამოტანის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102.3, 105-ე, 337.1 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები.

მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში სრულიად ახალი სამართლებრივი ხედვა, რომლის განხილვაც ხელს შეუწყობს სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და სანართლის განვითარებას.

მოსაზრების ავტორის მითითებით, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ნორმები და სრულიად კანონიერია საჯარო შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინებიან, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ურთიერთობებს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2 მუხლის შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ხანდაზმულობის საკითხზე, რაც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, კერძოდ, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულება დაკვალიფიცირდება სახელშეკრულებო ვალდებულებად, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო თუ მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად კი, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ხელფასის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან.

ამდენად, მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ფინანსური ანაზღაურება კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს და მას სახელშეკრულებო ხასიათი რომც არ ჰქონდეს, სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კანონიერია მის მიმართ ამავე კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენება. ამასთან, მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ჯილდო, მატერიალური დახმარება და კვების კომპენსაცია ხელფასის შემადგენლობაში განიხილა, რაც არასწორია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2007 წლის 3 მარტის ¹3-11/5430 ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. იგი ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში (იხ. ს.ფ. 110-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 97-98).

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს საფუძვლიან დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.