¹ბს-980-934(კ-06) 11 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.10.06წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მიუღებელი ხელფასის დავალიანების 519,38 ლარის და მორალური ზიანის 500 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1969 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მისი მეუღლე ვ. მ-ი მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, მიუღებელი ჰქონდა 1998-2000 წლების ხელფასის თანხები. იგი გარდაიცვალა 16.07.04წ. ისე, რომ ვერ შეძლო კუთვნილი დავალიანების მიღება, რაც შეადგენს 519,38 ლარს. მოსარჩელე აღნიშნავდა აგრეთვე, რომ მას მიაყენეს მორალური ზიანი 500 ლარის ოდენობით, იგი რამოდენიმეჯერ მივიდა მეუღლის სამსახურში დავალიანების თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მას უცხადებდნენ, რომ ანგარიშზე არა აქვთ თანხა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრა სახელფასო დავალიანების 519ლარის და 18 თეთრის გადახდა ნ. გ-ას სასარგებლოდ, მოსარჩელე ნ. გ-ას უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის დაკისრებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.05.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ვ. მ-ის მიმართ ბიუჯეტიდან 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანება შეადგენს 519,38 ლარს. ქ. თბილისის ნოტარიუსის ნ. მ-ას მიერ 05.05.06წ. გაცემული სანოტარო აქტის – სამკვიდრო მოწმობის (რეესტრი რეგისტრაციის ¹....) თანახმად, მოსარჩელე ნ. გ-ა წარმოადგენს გარდაცვლილი ვ. მ-ის მემკვიდრეს. მემკვიდრეობა გახსნილია მთელ სამკვიდრო ქონებაზე სრულად და სამკვიდრო ქონებაა მიუღებელი ხელფასი. ამრიგად, მოსარჩელე ნ. გ-ა უფლებამოსილია მოითხოვოს მამკვიდრებლის, ვ. მ-ის დავალიანების მის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა სახელფასო დავალიანების შესახებ არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა 2006 წლის 15 მარტის და 4 მაისის ცნობების გაცემით აღიარა სადავო სახელფასო დავალიანების არსებობა. ამასთან, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული ცნობების არსებობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნირებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების შემცირების საფუძველი. ამასთან, მუშაკის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით _ სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც გააჩნია მუშაკის სახელფასო დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ვ. მ-ის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, შესაბამისად, იგი ითხოვს სადავო გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებასაც, რომლითაც მოსარჩელე ნ. გ-ას უარი ეთქვა მოპასუხისთვის მორალურის ზიანის სახით 500 ლარის დაკისრებაზე. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სსკ მე-18 და 413-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელისთვის მორალური ზინაის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანება აღებულია სახელმწიფო შიდა ვალად და შესაბამისად ტარდება ღონისძიებები აღნიშნული ვალების პერიოდულად დაფარვისათვის. კერძოდ, 2000 წლიდან 2006 წლის 1 იანვრამდე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137.2 მუხლის თანახმად წინა წლებში წარმოქნილი სახელმწიფო დავალიანებების ანაზღაურება შეჩერებულ იქნა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე, ხოლო ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 2006 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიაკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება. ასეთ პირობებში კი საგადასახადო დეპარტამენტისთვის 519.38 ლარის მოსარჩელისთვის გადახდის დავალდებულება გამოიწვევს ახალი დავალიანების წარმოქმნას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლოს სადავო საკითხის მიმართ გააჩნია ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.