ბს-981-935(კ-06) 6 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – გ. ბ.-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 იანვარს გ. ბ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა: მოხელეთა ატესტაციის შედეგების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის დანართის მე-9 პუნქტის, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის ¹3 სხდომის ოქმის, მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ის”' მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანებით, “საქართველოს საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის “ა" ქვეპუნქტის, “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹1019 ბრძანების, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", საქარველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანებით დამტკიცებული, საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “ე" ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1 დეკემბრის სხდომის ¹53 ოქმის საფუძველზე, იგი 2005 წლის 5 დეკემბრიდან გათავისუფლდა საბაჟო გამშვებ პუნქტ “...-ის" მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება, მოხელეთა ატესტაციის შედეგების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის დანართის მე-9 პუნქტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის ¹3 სხდომის ოქმი მისი საპრეტენზიო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და გამოცემულია “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანებაში მითითებულ ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹1019 ბრძანებას კავშირი არა აქვს საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ის" საკონკურსო საატესტაციო კომისიის ჩატარებასთან და მოსარჩელის აზრით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. დარღვეულია ასევე “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-19 მუხლი, გასაუბრების თემატიკის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს “საკანონმდებლო მაცნეში" გამოცხადების შესახებ, აგრეთვე 33.2 მუხლისა და 7.3 მუხლის მოთხოვნები. საპრეტენზიო კომისიას არ წარედგინა ატესტაციის ჩატარების დროს სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნა, რაც, მიუხედავად მისი 2005 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნისა, არ გადასცემია. 17.5 მუხლის მიხედვით არ ჩატარებულა მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების სპეციალიზებული მეთოდიკით შეფასება. 2005 წლის 29 დეკემბრის განცხადება ¹5731 შეფასების გადაცემის შესახებ ვერ იქნა დაკმაყოფილებული ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო. მოსარჩელის მითითებით, დარღვეულია ბრძანების 4.5 მუხლის მოთხოვნა, გასაუბრების შედეგების მიხედვით კომისიის თითოეული წევრის მიერ მისი პასუხების 5-ბალიანი სისტემით შეფასებისა და მოხელისათვის მისანიჭებელი საშუალო ქულის გამოთვლის შესახებ. გასაუბრებისას მისი პასუხების სისწორე, მათი შესაბამისობა სათანადო ნორმატიულ აქტებთან არ არის შემოწმებული და შეფასებული. ატესტაციის შედეგების საფუძველზე 2005 წლის 27 ნოემბერს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დოკუმენტი არ ეყრდნობა გასაუბრების შედეგებს, როგორც პასუხების სისწორის არსებითი მხარის, ისე 5-ბალიანი სისტემით შეფასების მოთხოვნებს, არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და როგორც კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული აქტი, მოსარჩელის მითითებით, ექვემდებარება ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად. მოსარჩელის აღნიშვნით, ზემომითითებული მოსაზრებებით, ბათილობას ექვემდებარება ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹787-კ ბრძანება და საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის სხდომის ოქმში მითითებული გადაწყვეტილება მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ.-ი ითხოვდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას და “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 საოქმო გადაწყვეტილება გ. ბ.-ის მიმართ; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, ხელახლა შეეფასებინა 2005 წლის 27 დეკემბერს გ. ბ.-ის მიმართ ჩატარებული გასაუბრების შედეგები და საკითხის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ატესტაციის შედეგების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის სხდომის ოქმი ¹3, რომლითაც გ. ბ.-ს უარი ეთქვა საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანება გ. ბ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გ. ბ.-ის მიმართ 2005 წლის 27 ნოემბერს ჩატარებული ატესტაციის შედეგების ხელახლა შეფასების შემდეგ (მისი გასაჩივრების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის შემდეგ), ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გ. ბ.-სათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან _ 2005 წლის 5 დეკემბრიდან ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი;
აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: ა) დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის გადაწყვეტილება გ. ბ.-ის მიმართ და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, ხელახლა შეეფასებინა 2005 წლის 27 დეკემბერს გ. ბ.-ის მიმართ ჩატარებული გასაუბრების შედეგები და საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოეცა ახალი ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ატესტაციის შედეგების შესახებ; გ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის სხდომის ოქმი ¹3, რომლითაც გ. ბ.-ს უარი ეთქვა საპრეტენზიო განცხადების დაკმაყოფილებაზე; დ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანება გ. ბ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2005 წლის 27 ნოემბერს ჩატარებული ატესტაცის შედეგების ხელახლა შეფასების შემდეგ (მისი გასაჩივრების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვის შემდეგ), გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ბ.-ის მიმართ; ე) გ. ბ.-სთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან _ 2005 წლის 5 დეკემბრიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ.-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის დანართის მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის ¹3 სხდომის ოქმის გ. ბ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი, განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაცის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობისა და მოხელეთა რეზერვის ფორმირების წესი, ასევე, საკონკურსო-საატესტაციო (მუხლი 2) და საპრეტენზიო (მუხლი 7) კომისიების შექმნის წესი, შემადგენლობა (მუხლი 2), მიზანი (მუხლი 4), რეგლამენტი (მუხლი 5) და სპეციალური შემადგენლობა (მუხლი 6).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაცის ჩატარების წესის" დებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიები არ წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა" მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს. კომისიები იქმნება ადმინისტრაციულ ორგანოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში და გააჩნიათ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას, რეზერვის ფორმირებას. კომისიის შემდგენლობაში შედიან თავმჯდომარე, მოადგილე, წევრები. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს - კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანია კანდიდატთა და მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარება (4.1 მუხლი), გასაუბრების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა (4.1 “ი" მუხლი), კანდიდატებთან და მოხელეებთან გასაუბრების ჩატარება (4.1 “ზ" მუხლი), დაწესებულების ხელმძღვანელისათვის კონკურსისა და ატესტაციის შედეგების წარდგენა (4.1 “თ" მუხლი). საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად. მის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს ფინანსთა მინისტრი. კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" 5.4 მუხლის მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში, ხოლო 7.8 მუხლის მიხედვით, საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია და შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, ვალდებულია, თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის დანართის მე-9 პუნქტი გ. ბ.-ის მიმართ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის ¹3 სხდომის ოქმი, გ. ბ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.2 “დ" მუხლით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რადგან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" დებულების მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ გაფორმებულ სხდომის ოქმში აისახა კომისიის მიმდინარეობა, მათ შორის, კომისიის წევრთა მიერ კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ატესტაციის ჩატარებისას მოხელის ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებული მოთხოვნების მიმართ შეფასებასა და ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვასა და კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნის წარდგენას. აღნიშნული “წესის" 40.1 მუხლის თანახმად, ატესტაციის შედეგები დაწესებულების ხელმძღვანელს ეცნობება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, კომისიებს გააჩნიათ უფლებამოსილება, გამოიტანონ სავალდებულო გადაწყვეტილება, მაგრამ არ არიან უფლებამოსილნი, აღასრულონ ეს გადაწყვეტილება, ხოლო მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უფლებამოსილება წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების სხდომების გადაწყვეტილებები ცალკე არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ისინი ატარებენ სარეკომენდაცო ხასიათს და სავალდებულო ძალას იძენენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის (კანონით დადგენილ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე) სათანადო რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ, ამ უკანასკნელის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთანავე, კომისიის რეკომენდაციით, ადმინისტრაციული ორგანოს (ხელმძღვანელის) დისკრეციული უფლებამოსილება გადაწყვეტილების მიღებისას არ არის შეზღუდული და უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ატესტაციაგავლილი მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა მოსარჩელისა და საქალაქო სასამართლოს მტკიცება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის დანართის მე-9 პუნქტის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 6-7 დეკემბრის ¹3 სხდომის ოქმის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებად მიჩნევისა და მათი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ბათილად ცნობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო აქტების გამოცემისას ფინანსთა სამინისტროს არ გამოუკვლევია, არ შეუსწავლია, არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიუღია მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების საგანი არ შეიძლება იყოს პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება, არამედ დავის საგანი შესაძლოა იყოს მხოლოდ კომისიებისა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მოქმედება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ის" მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის გ. ბ.-ის მიმართ, შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" მოთხოვნებს, კერძოდ, მოსარჩელე ექვემდებარებოდა ატესტაციას. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ იგი არ იყო გაფრთხილებული და მისთვის არ უცნობებიათ მოსალოდნელი ატესტაციის ჩატარების შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა" გამოქვეყნებული იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (30.12.2002წ. ¹127 ს.ფ. 102). კომისიას წარედგინა მოსარჩელის დახასიათება (ს.ფ. 101), გასაუბრება ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმით, დასმული შეკითხვები და პასუხები შეტანილია ოქმში, გასაუბრების მიმდინარეობა დაფიქსირდა ვიდეოფირზე. საკონკურსო საატესტაციო კომისიის შეფასებით (დასკვნით), მოსარჩელე დაექვემდებარა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, რადგან არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹437 30.1.2 2002 წ. და ¹79 20.02.04წ. ბრძანებების მოთხოვნებს (ს.ფ. 100). მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხების შეფასება და კომისიის გადაწყვეტილების მიღება მოხდა კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით (კენჭისყრით), მითითებული “წესის" 5.3 მუხლის შესაბამისად. საქმეზე თანდართული ვოდეოჩანაწერის მიხედვით არ დგინდება, რომ გასაუბრების გავლისას მოსარჩელის პასუხები შეესაბამება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ¹79 ბრძანებით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს და მოსარჩელემ საატესტაციო კომისიის სხდომაზე გამოამჟღავნა საბაჟო კონტროლის, გაფორმების წესების, პროცედურების, საქონლის წარმოშობის, საბაჟო ღირებულების დადგენის, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენება, საბაჟო დეკლარაციებისა და შსტ ფორმების შევსებისა და გაფორმების წესების სრულყოფილი ცოდნა. მოსარჩელის არც ერთი პასუხი დასმულ შეკითხვებზე არ შეიცავს მითითებას, რომელიმე კონკრეტულ სამართლებრივ ნორმაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანება 2005 წლის 5 დეკემბრიდან გ. ბ.-ის საბაჟო-გამშვებ პუნქტ “...-ის" მთავარი ინსპექტორის მ/შ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამასთანავე, არ არსებობს მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული “საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 9.2 “ე" მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს სადავო ურთიერთობაზე გადაწყვეტილების მიღება და ბრძანების გამოცემა. ამასთანავე, ბრძანების გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, უსაფუძვლოა და როგორც თანმდევი შედეგი, არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად და არასრულყოფილად განმარტა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, რითაც დაარღვია რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, ამ დარღვევების შედეგად გამოიტანა არასწორი გადაწყვტილება.
სააპელაციო სასამართლომ, კასატორის აღნიშვნით, საქმის მასალებისა და კონკურსის ვიდეოჩანაწერის გაცნობის შედეგად არასწორად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საკონკურსო საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის მოქმედება მის მიმართ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის” მოთხოვნებს. სახელდობრ, იგი ექვემდებარებოდა ატესტაციას, სადავოდ არ გაუხდია, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოსალოდნელი ატესტაციის ჩატარების შესახებ, კონკურსის პროგრამა გამოქვეყნებული იყო საკანონმდებლო მაცნეში, კომისიას წარედგინა მისი დახასიათება, გასაუბრება ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმით, დასმული შეკითხვები შეტანილ იქნა ოქმში, გასაუბრების მიმდინარეობა დაფიქსირდა ვიდეოფირზე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შეფასების შეუსაბამობის გამო დაექვემდებარა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას, მის მიერ გაცემული პასუხების შეფასება და კომისიის გადაწყვეტილების მიღება მოხდა კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით (კენჭისყრით).
ამასთან, კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მისცა რა არასწორი და არასრულყოფილი განმარტება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ ხსენებულ 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის” მოთხოვნებს, შეგნებულად გვერდი აუარა ამ წესების ისეთ მნიშვნელოვან და შესასრულებლად სავალდებულო დებულებებს, რომელთა შეუსრულებლობაც იწვევს მისი გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, მიუხედავად 2002 წ. 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებისა, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასახელა და დაასაბუთა მოტივაცია, თუ რა მიზეზით ექვემდებარებოდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხოლო ის გარემოება, რომ დასკვნაში მითითებულია მისი შეუსაბამობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ¹437 და ¹79 ბრძანებების მოთხოვნებთან, არ არის დაკონკრეტული და დასაბუთებული, ანუ თუ რომელი საკითხის შესახებ ვერ გამოავლინა ცოდნა. იგი ამ საატესტაციო ფურცელში არ არის მოხსენიებული. რაც შეეხება ¹79 ბრძანების მე-4 პუნქტს, რომლის მოთხოვნებს, საატესტაციო ფურცლის მიხედვით, თითქოს ვერ აკმაყოფილებდა, კასატორის აზრით, არ შეიძლება მიღებულ იქნეს მხედველობაში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი შეეხება უფროსი ინსპექტორის თანამდებობას, ხოლო ის იყო მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა აკმაყოფილებდა ყველა ამ მოთხოვნას. ამასთან, ეს შეფასებებიც, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის I, II და III ნაწილების მოთხოვნებისა არ არის გამოკვლეული, არ შეიცავენ, წერილობით დასაბუთებას და წინ არ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, როგორც ეს ამ მუხლითაა გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ე.წ. საატესტაციო ფურცლის ,,გავეცანის” გრაფაში არ აღინიშნება მისი ხელმოწერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი შედგენილია მოგვიანებით, დაშვებული დარღვევების მიჩქმალვის მიზნით და ამიტომაც მასზე არ არის მითითებული მისი შედგენის თარიღი, ანუ ეს გარემოება, კასატორის აზრით, ერთხელ კიდევ მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი დოკუმენტი თავის დროზე არ არსებობდა და თან არ ერთოდა ¹53 სხდომის ოქმს.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ მასთან ჩატარებული გასაუბრების შედეგად საატესტაციო კომისიის მიერ დარღვეულია და არ შესრულებულა ფინანსთა მინისტრის 2002წ. 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნები. ერთეტაპიანი ატესტაციის ჩატარებისას კომისიის თითოეული წევრის მიერ ატესტირებული პირის 10-ბალიანი სისტემით შეფასებისა და საბოლოო ქულის ორი კომპონენტის ჯამით გამოთვლის შესახებ, რაც დადასტურებულია იმითაც, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005წ. 1 დეკემბრის ¹53 სხდომის ოქმს თან არ ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი არაა მოხსენიებული მასში. განსაკუთრებით უნდა მიეთითოს იმ გარემოებაზე, რომ უხეშადაა დარღვეული დასახელებული ბრძანების 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას პერსონალურად ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით, რომელიც შეტანილი უნდა იყოს საატესტაციო ფურცელში.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია, თუ რა მტკიცებულებისა და არგუმენტების საფუძველზე მივიდა იგი დასკვნამდე, რომ ,,საქმეზე თანდართული ვიდეოჩანაწერის მიხედვით არ დგინდება მის მიერ გაცემული პასუხების შესაბამისობა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ¹79 ბრძანებით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებთან, რა არგუმენტები გააჩნია იმის დასადასტურებლად, რომ საატესტაციო კომისიის სხდომაზე, ვერ გამოამჟღავნა საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესებისა და პროცედურების ცოდნა, საქონლის წარმოშობის, საბაჟო ღირებულების დადგენის წესების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენების, საბაჟო დეკლარაციების და შსტ ფორმების შევსებისა და გაფორმების წესების სრულყოფილი ცოდნა.
კასატორის აღნიშვნით, ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმში არ არის აღნიშნული და გაურკვეველია თუ რა მიზეზებით და მოტივებით მიეცა შეფასება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და უარი ეთქვა მის გადასინჯვაზე. ეს მაშინ, როცა გასაუბრების ამსახველი ვიდეოფირის გაცნობის შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასმულ კითხვებზე მის მიერ იქნა გაცემული არსებითად სწორი პასუხები.
კასატორი მიუთითებდა, რომ მოცემული კითხვები და მის მიერ მათზე გაცემული პასუხები, 2005 წლის 27 ნოემბერს საატესტაციო კომისიის წევრის, ქ. რ.-ის მიერ შედგენილ წერილობით დოკუმენტში სრულყოფილად და სწორად არ არის შეტანილი, რაც დასტურდება ამ ჩანაწერის ვიდეოფირთან შედარებით. ამასთან, ვიდეოფირზე ჩაწერილი და მის მიერ გაცემული პასუხები აკმაყოფილებს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნებს.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ გათავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც იმის გამო, რომ გამოცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ" ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის I და II, აგრეთვე, 96-ე მუხლის I და II ნაწილების დარღვევით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების თანახმად, დაუშვებელია, ვინაიდან ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, არ არის დაფუძნებული იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც უნდა ყოფილიყო და არ არის გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. გარდა ამისა, კასატორის აზრით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ" ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 და 2005 წლის 14 აპრილის ¹255 ბრძანებები წარმოადგენს საქართველოს ნორმატიულ და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ამავე კანონის 53-ე და 53-ე მუხლების თანახმად, რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო კოდები, შესაბამისად: ... და ....
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" პუნქტის, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის ,,ე" და ,,ე1" მუხლების, 396-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2006 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსაზრებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მიუთითა, რომ გ. ბ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანება ზედმიწევნით დასაბუთებულია, კერძოდ, გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შემდეგი აქტები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს საჯარო მოხელეები; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მიიღოს მოხელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ისე, რომ არ შესთავაზოს მას სხვა თანამდებობა; ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის უფლებამოსილებას, ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით მისცეს მოხელეს შეფასება: ,,ექვემდებარება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას" და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1-2 დეკემბრის ¹53 ოქმის გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ გ. ბ.-ი არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 და 2004 წლის 20 თებერვლის ¹79 ბრძანებებით დადგენილ მოთხოვნებს და ექვემდებარებოდა გათავისუფლებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშვნით, თავის მხრივ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გ. ბ.-ის მიერ დასმულ კითხვებზე არასწორად გაცემული პასუხები, რომელიც დაფიქსირებულია ვიდეოფირსა და გასაუბრების ოქმში (აღნიშნული კი ოქმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს).
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ სასამართლოში წერილობით წარდგენილი იქნა თუ რომელ კითხვაზე არ გასცა გ. ბ.-მა სწორი პასუხი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ გ. ბ.-ი არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 და 2004 წლის 20 თებერვლის ¹79 ბრძანებებით დადგენილ მოთხოვნებს და ამდენად, ექვემდებარებოდა გათავისუფლებას.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან კითხვა-პასუხის ოქმი არასრულია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, არ შეიძლება მსჯელბა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაზე მხოლოდ იმ ფაქტზე ლაყრდნობით, რომ კითხვა-პასუხების ოქმი შედგენილია არასრულყოფილად, ვინაიდან გამოსაცდელი პირის შეფასებისას კომისიის წევრები ეყრდნობიან გასაუბრების დროს დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებს და არა მხოლოდ ხსენებულ ოქმს და ვიდეოჩანაწერს, ამ უკანასკნელზე კი ამომწურავად არის ასახული გასაუბრების მიმდინარეობა.
ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აზრით, საფუძველს მოკლებულია კასატორის მტკიცება იმის შესახებ, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება და სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
გ. ბ.-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ კომისიამ დაარღვია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" შესახებ დებულების 34-ე მუხლი, ვინაიდან სხდომის ოქმში არ ასახულა მოხელეთათვის მინიჭებული ქულა. გაუგებარია, რატომ უთითებს იგი დებულების 34-ე მუხლზე და რატომ იყო კომისია ვალდებული, მოხელეთათვის მინიჭებული ქულები შეეტანა სხდომის ოქმში. მითითებული მუხლი განსაზღვრავს ქულების სისტემას, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს გამოსაცდელი პირის შეფასება. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით მოხელეს აფასებენ ათქულიანი სისტემით, მაგრამ მითითებული მუხლის არც ერთი პუნქტი კომისიას არ ანიჭებს უფლებას, ქულები ასახოს სხდომის ოქმში, კერძოდ: ხსენებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით", ხოლო 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: ,,გასაუბრების მიმდინარეობა აისახება გასაუბრების ოქმში". ამდენად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი ემსახურება სხდომის მიმდინარეობის ასახვას, კერძოდ, მასში შეიტანება სხდომის დღის წესრიგი და არა ის გარემოებები რაც საფუძვლად ედება მოხელის შეფასებას, ასევე გასაუბრების ოქმში შეიტანება ატესტაციის დროს მოხელისათვის დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები (რაც შემდგომში საფუძვლად ედება გამოსაცდელი პირის შეფასებას). ამდენად, კომისია დებულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ იყო უფლებამოსილი გ. ბ.-სათვის მინიჭებული ქულები აესახა რომელიმე აქტში ან შეეტანა სხდომის ოქმში, ხოლო, რაც შეეხება ამავე დებულების 39-ე მუხლს, მის საფუძველზე საბოლოო შედეგი, ანუ მოტივირებული დასკვნა შეიტანება საატესტაციო ფურცელში, რაც ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აზრით, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განთივარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
2007 წლის 22 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსაზრებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმავე საფუძვლებზე მითითებით, რასაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართელოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹478-კ ბრძანებით გ. ბ.-ი _ რეგიონალური საბაჟო აღმოსავლეთის საბაჟოO გამშვებო პუნქტი “ლ.-ის" მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი - გადაყვანილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი “...-ის" მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2005 წლის 13 სექტემბრის ¹879 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისათვის დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2005 წლის 15 ოქტომბრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა ატესტაციის ჩატარება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 01-02 დეკემბრის ¹53 საოქმო გადაწყვეტილებით, რეკომენდაცია გაეწია საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" საბაჟო გამშვები პუნქტის “...-ის" და საბაჟო “დასავლეთის" საბაჟოO გამშვები პუნქტი “ს.-ის" საჯარო მოსამსახურეებს დაწინაურებაზე, ჩამოქვეითებაზე, გადაადგილებაზე, შესაბამოსობასა და გათავისუფლებაზე.
ოქმზე დართული ¹9 დანართის მიხედვით საბაჟო გამშვები პუნქტი “...-ის" მთავარი ინსპექტორი გ. ბ.-ი დაექვემდებარება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 2005 წლის 06-05 დეკებრის ¹3 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, გამშვები პუნქტი “...-ის" მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ბ.-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანებით კასატორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
კასატორი კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს მოხელეთა ატესტაციის შედეგების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 1 დეკემბრის ¹53 სხდომის ოქმის დანართის მე-9 პუნქტს მის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისის 2005 წლის 6-7 დეკემბრის ¹3 სხდომის ოქმს, მისი განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტრამენტის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹786-კ ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული აქტების ბათილობაზე, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 53-ე და 96-ე მუხლებს, ისე “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს “საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409-ე ბრძანების მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე,394-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმების შეფასების ნაწილში და განმარტავს: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არის დანიშვნის პროცედურის სავალდებულო კომპონენტი, კომისიის გადაწყვეტილება არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც უფუძნება ადმინისტრაცია კონკურსში გამარჯვებულის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემისას. საკონკურსო კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენს სამინისტროს შიდაქვედანაყოფს, გააჩნია გარკვეული, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს უფლებაუნარიანობის ერთგვარ გამიჯვნას, კერძოდ, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს სავალდებულო გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი აღასრულოს იგი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია აღასრულოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის კონკურსში გამარჯვებულად ცნობის შესახებ. ამდენად, კონკურსის შედეგების, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი აქტი ცალკე გასაჩივრებას საჭიროებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკურსის შედეგად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამგვარი უფლებამოსილება ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კოლეგიური ორგანოს განსაკუთრებული სტატუსი, მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის დაუშვებლობა დადგენილია არათუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესებითაც, რომლისთვისაც ჩვეულებრისამებრ დაშვებულია მიზანშეწონილობის თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. სზაკ-ის 203-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ან სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილების ან საზოგადოებრივი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ავალებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები, დგება კონკურსში გამარჯვებული და არა კონკურსში დამარცხებული კანდიდატის შესახებ. კონკურსში მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა კონკურსში, უფლება არა აქვს მოითხოვოს უარის მოტივაცია, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს კომისიის წევრთა გადაწყვეტილებების ჯამს, ხოლო შეფასება განეკუთვნება დისკრეციის სფეროს. გასაჩივრების საგანი შეიძლება იყოს არა შეფასება, არამედ კონკურსის ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა (მაგ. მინისტრის მიერ ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც არ წარდგენილა დასანიშნად საკონკურსო კომისიის მიერ, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ქვორუმის არარსებობა, პროგრამით გაუთვალისწინებული შეკითხვების დასმა და სხვ.).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის გამოცემისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიუღია მათი ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მიეკუთვნება კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეფასების ნაწილში იმსჯელოს კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობაზე და თვლის, რომ სასამართლო მსჯელობის საგნად უნდა იქცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹7863-კ ბრძანების (კასატორის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე) მიღებამდე კომისიისა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის საკითხი.
დადგენილია და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც, რომ ის ექვემდებარებოდა ატესტაციას და ამასთან, სათანადო წესით გააფრთხილეს მოსალოდნელი ატესტაციის ჩატარების შესახებ.
“საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 83.1 მუხლის შესაბამისად, ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
საქმეში ს.ფ. 63-ზე წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 13 სექტემბრის ¹879 ბრძანება “საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოების საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ”, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოების საჯარო მოსამსახურეთა დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, განისაზღვრა ატესტაცის ჩატარება 2005 წლის 15 ოქტომბრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა" გამოქვეყნდა ,,საკანონმდებლო მაცნეში”, რითაც პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან დაცული იქნა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
დადგენილია, რომ კომისიას წარედგინა კასატორის დახასიათება, გასაუბრება ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმით, დასმული შეკითხვები და პასუხები შეტანილ იქნა ოქმში, გასაუბრების მიმდინარეობა დაფიქსირდა ვიდეოფირზე.
ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ ატესტაციის ჩატარების პროცესში დაცული იქნა ზემოაღნიშნული წესების მე-17 მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო, კომისიის რეგლამენტის დარღვევის თაობაზე კასატორის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: ზემომითითებული წესების მე-5 მუხლის შესაბამისად, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება; კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კენჭისყრის შედეგებს და აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ კომისიის რომელიმე წევრი კენჭისყრის პროცესში დარჩა განსხვავებულ აზრზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება კასატორის მითითება კომისიის მხრიდან შეფასების სისტემის დარღვევის თაობაზე, აღნიშნული იმავე კენჭისყრის შედეგის გათვალისწინებით, გავლენას ვერ მოხადენს კანდიდატის ატესტირების საბოლოო შედეგზე _ და ვერ ჩაითვლება იმ სახის დარღვევად, რომელსაც შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს დამდგარ შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მხრიდან წარმომადგენელი მოტივაცია არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვედებარება უცვლელად დატოვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.