Facebook Twitter

ბს-981-945(კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 17 ოქტომბერს ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 31 აგვისტოს მიიღო თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 ივლისის ¹123 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა ბიუჯეტის დავალიანება _ 19883,05 ლარი, აქედან სოციალური დაზღვევის გადასახადის ძირითადი თანხა 9418,02 ლარს, ხოლო საურავი _ 11199,56 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში, შესაგებლის წარდგენის გზით, თელავის საგადასახადო ინსპექციაში გაასაჩივრა. თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 18 სექტემბრის ¹5264 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაგებელი არ შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მოთხოვნებს, ამდენად იგი განხილვას არ ექვემდებარებოდა.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 2000 წლიდან 2005 წლის ივლისამდე ჩაურიცხავი სოციალური დაზღვევის გადასახადის ძირითადმა თანხამ შეადგინა 9418,02 ლარი, რაც მოსარჩელემ არასწორად მიიჩნია და განმარტა, რომ ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად, ინსპექციის ძირითადი დავალიანება შეადგენდა 5336 ლარს, 4042 ლარი კი თელავის საგადასახადო ინსპექციამ ზედმეტად დაარიცხა, ვინაიდან 2005 წლის ივლისში ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ მოხდა გაუცემელი, გაყინული ხელფასების _ 10052 ლარის გაცემა, რასაც თელავის საგადასახადო ინსპექციამ მეორედ დაარიცხა სოციალური დაზღვევის გადასახადი.

მოსარჩელემ ასევე უკანონოდ მიიჩნია სადავო აქტით მისთვის საურავის დარიცხვა და აღნიშნა, რომ მას შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე კანონის შესაბამისად არ მიუღია. ამდენად, შეტყობინების გარეშე საურავის დარიცხვა დაუშვებელი იყო.

საბოლოოდ, მოსარჩელემ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 ივლისის ¹123 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა, კერძოდ, სოციალური დაზღვევის გადასახადის სახით ზედმეტად დარიცხული ძირითადი თანხის _ 3316 ლარისა და შესაბამისად, მასზე დარიცხული საურავის ნაწილში.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 ივლისის ¹123 საგადასახადო მოთხოვნა, კერძოდ, სოციალური დაზღვევის გადასახადის სახით ძირითადი თანხის _ 3316 ლარის ზედმეტად დარიცხვისა და შესაბამისად, მასზე დარიცხული საურავის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექცია იქნა მიჩნეული, ხოლო იმავე სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამონაცვლედ _ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 ივლისის ¹123 საგადასახადო მოთხოვნით ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას დაერიცხა ბიუჯეტის დავალიანება 19883,05 ლარი, მათ შორის, სოციალური დაზღვევის გადასახადის ძირითადი თანხა _ 9418,02 ლარი, ხოლო საურავი _ 11199,59 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა შესაგებლის ფორმით სადავო გახადა საგადასახადო ორგანოში ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ. თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 18 სექტემბრის ¹5264 წერილით ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას ეცნობა, რომ შესაგებელი არ იქნა განხილული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1998-2000 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაუფინანსებლობის გამო ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას გასაცემი დარჩა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასები 10052 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოს ფორმა ¹292-ით დასტურდებოდა, რომ საგადასახადო ინსპექციამ იმავე წლებში მოახდინა სოციალური გადასახადების დარიცხვა 3316 ლარის ოდენობით. 2005 წლის 25 ივლისისათვის გაიცა 1998-2000 წლებში გაყინული ხელფასები, სულ 10052 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ სახელმწიფო ბიუჯეტთან განახორციელა ანგარიშსწორება გაცემული ხელფასების 10052 ლარზე დარიცხული სოციალური გადასახადის _ 3316 ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი გადარიცხვის ქვითრით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ გაყინული ხელფასების გაცემის დროს, 2005 წლის 20 ივლისს, საგადასახადო ორგანოში დაშვებულ იქნა შეცდომა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სოციალური გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის გრაფაში ხელმეორედ ჩაიწერა გაცემული ხელფასის, 10052 ლარის სოცანარიცხის თანხა _ 3316 ლარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნა, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 ივლისის ¹123 საგადასახადო მოთხოვნით ახმეტის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას უსაფუძვლოდ დაერიცხა სოციალური დაზღვევის გადასახადი _ 3316 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 20 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.