Facebook Twitter

¹ბს-983-942(კ-07) 12 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპს “...-ის” დირექტორის მ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.10.02წ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ს/ნ ¹... სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის სოფელ ...-ში არსებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ტერიტორია გადაცემული ჰქონდა ¹... სამხედრო ნაწილს, ხოლო 1999 წლიდან ტერიტორია აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკუთრებაშია. ტერიტორიაზე მოწყობილია მესაზღვრეთაA სასროლეთი, იქ ტარდება სხვადასხვა სახის ტექნიკური და საველე მეცადინეობები. მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონში ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 28.09.1993წ. ¹131 გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონში რეგისტრირებულ მრავალდარგობრივ კომერციულ ფირმა “...-ს” სოფელ ...-ში გამოეყო 0.6 ჰექტარი მიწის ფართობი დროებით სარგებლობისათვის, მასვე დაევალა დროებით გამოყოფილი მიწის ფართის გამოყენება დანიშნულებისამებრ და დაევალა, რომ არ დაეშვა სხვა დანიშნულების ნაგებობის ჩადგმა. საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია. მიუხედავად აღნიშნულისა, 1996წ. მ. ბ.-მ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ ააშენა სასაუზმე და მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას მისი დაკანონების მოთხოვნით. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 23.03.96წ. ¹557 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცირე საწარმო “...-ს” თხოვნა და დაუკანონდა ღია ავტოსადგომის ტერიტორიაზე აშენებული სასაუზმის შენობა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ხელვაჩაურის რაიონში ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 28.09.1993წ. ¹131 დადგენილებას და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 26.05.1972წ. ¹283 დადგენილებას სამხედრო ნაწილებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე არ უნდა იქნეს აგებული კაპიტალური ნაგებობანი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიმართა აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს მის სახელზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარებისათვის. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ახალი, არასწორი გეგმა-ნახაზი შეადგინა. მოსარჩელის განმარტებით, ჯერ კიდევ 1983წ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო ¹... სამხედრო ნაწილის სახელზე, როგორც სპეციალური დანიშნულების მიწა, შესაბამისად, შედგენილი იყო ფართობის გეგმაც და უნდა განხორციელებულიყო მიწის ფართის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სახელზე დარეგისტრირება და არა ახალი გეგმა-ნახაზის შედგენა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სასაუზმე სასროლეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს. მოსარჩელის განცხადებით, მ. ბ.-ს მიერ მიწის იჯარით სარგებლობის ვადა შეადგენს 10 წელიწადს და ვადა 27.08.02წ. ამოიწურა. იგი წერილობით იქნა გაფრთხილებული მიწის ნებაყოფლობით გამოთავისუფლებაზე, მაგრამ უშედეგოდ. სადავო ტერიტორია მდებარეობს სასაზღვრო ზოლში, “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. მოსარჩელემ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 23.03.96წ. ¹557 გადაწყვეტილებისა, ხელვაჩაურის რაიონში ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 28.09.1993წ. ¹131 განკარგულებისა და აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი მიწის ფართობის გეგმა-ნახაზის გაუქმება, მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების დავალდებულება და მისი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.01.04წ. განჩინებით განემარტა მოსარჩელეს, რომ აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი უნდა აღეძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში, სასამართლო საქმის განხილვა მოპასუხეების ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, გ.-ს თემის საკრებულოს და მ. ბ.-ის მიმართ შეჩერდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმეში დაცულია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.11.04წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი და გაუქმდა აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის ფართობის გეგმა-ნახაზი, დაევალა აჭარის ა/რ მიწის მართვის სამმმართველოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვტილების ძალაში შესვლის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 0.6 ჰექტრის მიწის ფართობის გენგეგმის შედგენა(ტ. I, ს.ფ. 106-109).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 15.11.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს შუამდგომლობა და განახლდა საქმის წარმოება საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. განჩინებით მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა შეიცვალა უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობით (ტ. I, ს.ფ. 104).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის 1-ლი სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 23.03.96წ. ¹557 გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 28.09.93წ. ¹131-კ განკარგულება, რომლითაც მცირე საწარმო “...-ს” სოფელ ...-ში დაუკანონდა სასაუზმის შენობა და ¹... ბრიგადის ტერიტორიაზე დროებით სარგებლობაში გამოეყო 0.6 ჰა მიწის ნაკვეთი. მოპასუხე მ. ბ.-ს დაევალა სადავო მიწის ნაკვეთის გათავისუფლება და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 0.6 ჰა მიწის ფართობი მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ...-ს შავი ზღვის სანაპირო ზონაში ყოფილი ... საბჭოთა საჯარისო ნაწილის მიმდებარედ, სანაპირო ზოლსა და ჭაობს შორის, ე.წ. ¹... ბრიგადის ტერიტორიაზე. ხელვაჩაურის რაიაღმასკომის 12.11,1971წ. ¹471 გადაწყვეტილებით, აჭარის ა/რ მინისტრთა კაბინეტის 30.11.1971წ. ¹824 დადგენილებით და საქართველოს სსრკ მინისტრთა საბჭოს 26.05.1972წ. ¹283 დადგენილებით აღნიშნულ ტერიტორიაზე ... და ... საჯარისო ნაწილებს გამოეყო 6 ჰა მიწის ფართობი სასროლეთის მოსაწყობად. აღნიშნული ტერიტორია უფლებამონაცვლეობის გზით გადავიდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის I სამმართველოს მართლზომიერ მფლობელობაში. ხელვაჩაურის რაიონში ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 28.09.1993წ. ¹131 გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონში რეგისტრირებულ მრავალდარგობრივ კომერციულ ფირმა “...-ს” სოფელ ...-ში გამოეყო 0.6 ჰექტარი მიწის ფართობი ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 23.03.96წ. ¹557 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცირე საწარმო “...-ს” თხოვნა და დაუკანონდა ღია ავტოსადგომის ტერიტორიაზე აშენებული სასაუზმის შენობა. ფირმა “...-ს” უფლებამონაცვლე იყო შპს “...”, ხოლო მისი დამფუძნებელი _ მ. ბ.-ე. სასამართლომ მიუთითა, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური დანიშნულების (მობილიზაცია, თავდაცვა) მიწის ნაკვეთების სარგებლობაში და საკუთრებაში გადაცემა შეიძლება მხოლოდ მთავრობის ნებართვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იქნა სპეციალური დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის წესი და ფირმა “...-ს” მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადაეცა უკანონოდ, რაც ასკ-ის 32-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე მართლზომიერ მფლობელს უფლება ჰქონდა ნივთის მფლობელობაში ხელისშეშლის აღკვეთა მოეთხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...-მ”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.07წ. განჩინებით შპს “...-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 22.02.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო საკითხი არ უნდა განხილულიყო “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 28.10.98წ. კანონის საფუძველზე, ვინაიდან სადავო აქტები 1993 და 1996 წლებში იყო გამოცემული. აღნიშნულ პერიოდში მოქმედი მიწის კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მიწა გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყოფით, ვალდებულნი არიან წინასწარ შეუთანხმდენენ მიწით მოსარგებლეებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ 1993წ. სადავო მიწით მოსარგებლე იყო სამხედრო ნაწილი და მის სარგებლობაში არსებული ნაკვეთის გადაცემა მცირე საწარმო “...-თვის” უნდა მომხდარიყო მოსარგებლის თანხმობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20.07.98წ. ¹3417 ბრძანებულებით რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოს, შემდგომში _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართველოს, რომელიც უფლებამოსილი იყო ქონების უკან დაბრუნება მოეთხოვა. სასამართლომ მიუთითა, რომ 1993წ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი იყო მხოლოდ მიწის კოდექსი. აღნიშნულ პერიოდში მოქმედი “სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოს სტრუქტურისა და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ” კანონის 33-ე მუხლით საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთების გამოყოფა(განაწილება) და ჩამორთმევა. კანონს მითითებულ პერიოდში წარმოადგენდა მიწის კოდექსი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს “..-ის” დირექტორმა მ. ბ.-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონში ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 28.09.1993წ. ¹131-კ განკარგულებით კომერციულ ფირმა “...-ს” სოფელ ...-ში გამოეყო 0.6 ჰექტარი მიწის ფართობი ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 23.03.96წ. ¹557 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მცირე საწარმო “...-ს” თხოვნა და დაუკანონდა ღია ავტოსადგომის ტერიტორიაზე აშენებული სასაუზმის შენობა. საქმეში დაცული, 1983წ. სახელმწიფო აქტის საფუძველზე შედგენილია მიწის ფართობის ნახაზი, რომელიც, კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ფართობს არ წარმოადგენს. მასზე მიწის ფართი ორ ნაკვეთად არის წარმოდგენილი და მდებარეობს ბათუმი-სარფის გზატკეცილის ორივე მხარეს, ხოლო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 26.05.72წ. @¹283 დადგენილებით 5 ჰა მიწის ფართობი გამოყოფილი იქნა 1 ნაკვეთად, რომელიც მდებარეობდა ზღვის პირა ზოლში, შავი ზღვის ნაპირისა და ... ჯარის ნაწილის მიწის ნაკვეთს შორის. ¹... სამხედრო ნაწილს 26.05.1972წ. გამოეყო მიწის ნაკვეთი, ხოლო აღნიშნული აქტი 10.02.83წ., 11 წლის გასვლის შემდეგ იქნა გამოცემული, რაც, კასატორის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მნიშვნელობითა და იმ დროს არსებული წესით დაუშვებელი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 1993 წელს კანონიერად გამოეყო, ხოლო 1996 წელს ასევე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაუკანონდა. კასატორმა მიუთითა, რომ სპს “...-ს" 293 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი ჰქონდა საკუთრებაში, ხოლო დანარჩენი _ სარგებლობის უფლებით. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე შედგენილი გეგმა-ნახაზის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 28.11.02წ. განჩინებით ჩატარებული აჭარის ა/რ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის ერთობლივი კომისიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვითაც სპს “...-თვის" გამოყოფილი 0,6 ჰა მიწის ფართობი არ წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს. კასატორი თვლის, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული და ასევე საქმეში დაცული სხვა მტკიცებულებანი არ გამოიკვლია და არ შეაფსა, რითაც დარღვეული იქნა სსკ-ის 105.2 მუხლის, ასევე სსკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორმა აღნიშნა, რომ ი. კ.-ა სააპელაციო სასამართლომ დაკითხა, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი, მაშინ როცა საქმეში დაცული მინდობილობის თანახმად, იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარმოადგენდა. სასამართლომ მას ისე ჩამოართვა ახსნა-განმარტება, რომ არ შეუმოწმებია მისი უფლებამოსილება, რითაც დაარღვია სსკ-ის 210-ე მუხლის მოთხოვნა. საქმეზე დადგენილი არ იქნა მოსარჩელე იყო თუ არა იურიდიული პირი და ჰქონდა თუ არა სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება. პირველი ინსტანციის სასამართლომ შსს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ¹1 სამმართველოს წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე 15.11.06წ. განჩინებით განაახლა განსახილველი საქმის წარმოება ისე, რომ არ გაურკვევია, იყო თუ არა სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო მოსარჩელის უფლებამონაცვლე და ჰქონდა თუ არა მ. გ.-ს უფლებამონაცვლის მიერ მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოებისათვის. კასატორი თვლის, რომ განხილული იქნა არაუფლებამოსილი პირის მოთხოვნა და სასამართლოებმა დაარღვიეს სსკ-ის 92-ე და 279-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.11.07წ. განჩინებით საკსაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა საკასაციო საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროცესუალურ დარღვევებზე და დამატებით აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სადავო გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა და ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ ორგანული კანონის 65-ე 21 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და უძრავი ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კასატორმა დამატებით წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნა, რომ მან აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 19.11.04წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. კასატორის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარე უთითებდა სოფ. ...-ს კოოპერაციული მეურნეობის თავმჯდომარის ცნობას, რომლის მიხედვით, მცირე საწარმო “...-ს” იჯარით აღებული აქვს მესაზღვრეთა სასროლეთის ტერიტორიაზე ქვიანი მიწის ფართობი, რაც კასატორის აზრით, არასწორია, ვინაიდან სპს “...-ს” სადავო მიწის ნაკვეთი სასროლეთის მიმდებარე მხარეს, სასროლეთიდან 85 მეტრის მოშორებით აქვს გამოყოფილი.

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სწორად იქნა შეფასებული საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საქმეზე მიღებული იქნა სწორი გადაწყვეტილება, აღნიშნულ სააქმეს სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს “...-ის” დირექტორის მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპს “.-ის” დირექტორის მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს “...-ის” დირექტორის მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სპს “...-ის” დირექტორს მ. ბ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.