Facebook Twitter

¹ბს-984-943(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 24 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხ. დ.-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 25 ივნისის (ოქმი ¹7) დადგენილების დამტკიცების შესახებ» ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილებით ხ. დ.-ს საკუთრებაში გადაეცა დაბა ხელვაჩაურში, ...-ის დასახლებაში 40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი.

მითითებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო, ერთი თვის ვადაში განეხორციელებინა მიწის ნაკვეთის სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რეგისტრაციის მიზნით, წარდგენა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირი არ შეასრულებდა ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 6 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ხ. დ.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაირღვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ხ. დ.-ს შორის 2005 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის (40 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ დაშვებულ იქნა მისი უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ხ. დ.-ს შორის 2005 წლის 6 დეკემბრის გაფორმებული 40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული - ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესებისა» და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, რაიონის მმართველობის ორგანოები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში ან დროებით სარგებლობაში განკარგვას უზრუნველყოფენ აუქციონისა და კონკურსის წესით.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა აღნიშნული წესების შესაბამისად, აუქციონისა და კონკურსისათვის ადგენს სპეციალურ პირობებს, კერძოდ, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია, რომ აუქციონის ჩატარების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს უშუალოდ გადასახდელ თანხაზე (ფასზე), ხოლო კონკურსის დროს - შემოთავაზებულ საუკეთესო წინადადებაზე.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის ხელვაჩაურის რაიონული კომისიის 2005 წლის 25 ივნისის სხდომაზე, რომელიც ატარებდა კონკურსს მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე, ფაქტობრივად ჩაატარა აუქციონი, რითაც დაირღვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესების მთელი რიგი ნორმატიული დებულებანი, კერძოდ, სხდომაზე არ განხილულია ხ. დ.-ის რაიმე პროექტი ან გეგმა და მხოლოდ ღირებულების გადახდით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, დაირღვა ასევე საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები კერძო საკუთრების შეძენის ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დროებითი სარგებლობის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული წესების ზოგადი ნაწილის მე-5 პუნქტი ადგენს: ,,სასარგებლო წიაღისეულისა და დაცული ტერიტორიების, წიაღით სარგებლობის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის, იშვიათი და უნიკალური არქეოლოგიური, კულტურული და ისტორიული ძეგლების, აგრეთვე საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საზღვრებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარულ ზონებში სახელმწიფო მიწა განიკარგება მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის და მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანხმობით და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ ორგანიზაციებმა.»

აპელანტის მითითებით, სადავო ნაკვეთი მდებარეობს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, ...-ის დასახლებაში. აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება საავტომობილო გზების (მაგისტრალების) პერსპექტიული განვითარების ზოლს. ხ. დ.-ზე სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვისთვის სავალდებულო იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობა. 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო, ერთი თვის ვადაში მოეხდინა დოკუმენტების გაფორმება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. გადაწყვეტილების მესამე პუნქტით, თუ გამარჯვებული პირი არ შეასრულება მეორე პუნქტის მოთხოვნებს, მასთან არ გაფორმდებოდა ხელშეკრულება. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ხ. დ.-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 6 დეკემბერს, რითაც დაირღვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის მოთხოვნა, რადგან არ იქნა შესრულებული ამ გადაწყვეტილების პირობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2005 წლის 25 ივნისის დადგენილების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილებით მოქალაქე ხ. დ.-ს საკუთრებაში გადაეცა დაბა ხელვაჩაურში, ...-ის დასახლებაში, 40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც დასტურდებოდა 2005 წლის 06 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ხ. დ.-ს შორის გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ასევე დადგენილ იქნა, რომ ნასყიდობის ობიექტი 2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღირიცხა გამყიდველის (სახელმწიფოს) საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილ იქნა, რომ მესაკუთრის (სახელმწიფოს) რეგისტრაცია განხორციელდა 2005 წლის 22 ნოემბერს.

ხ. დ.-ე აუქციონით შეძენილი მიწის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 2005 წლის 7 დეკემბერს.

აღნიშნული ფაქტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ. დ.-ის მიერ არ დარღვეულა 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობები. რეგისტრაციის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ თვით გამყიდველი არ იყო რეგისტრირებული მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. ამ უკანასკნელის რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში ხ. დ.-მ უზრუნველყო ¹80 დადგენილების პირობის შესრულება და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ნივთი მის სახელზე.

რაც შეეხებოდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ხელშეკრულების ბათილად ცნობის სხვა საფუძვლებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მითითებულზე ვერ იმსჯელებდა, რადგან სააპელაციო საჩივრით მხარემ შეცვალა სარჩელის საფუძველი, რაც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებელი იყო.

სააპელაციო პალატამ მხარეთა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილებით) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები და არა ამ აქტის საფუძველზე მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლებსა და დამატებით იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევას, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში კი, არც ერთი მითითებული გარემოება არ არსებობდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციოFწესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 12 ნოემბერს ხ. დ.-მ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2007 წლის 13 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.