Facebook Twitter

ბს-985-944(კს-07) 29 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 19 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-985-944(კ-07) გ. ხ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული გ. ხ-ის კერძო საჩივარი გ. ხ-ის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ხ-ი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც გ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, რომლებითაც საქმე არსებითად წდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრის შეტანის გზით.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით გ. ხ-ს ხარვეზის შეუვსებლობის გამო უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და სასამართლომ სსსკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, სსსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა გ. ხ-ის კერძო საჩივარი და დატოვა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 419.3 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, რომლის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ხ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობად ვერ მიიჩნევა სააპელაციო სასამართლოს მითითება განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის თაობაზე, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია იმ კერძო საჩივრებზე, რომლებზედაც ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. ხ-ს განუმარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლებამოსილება, კონკრეტულ შემთხვევაში კი, გ. ხ-მა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.