Facebook Twitter

ბს-986-950(კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 სექტემბერს ი/მ “ი. ი-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 31 ივლისის საკონტროლო-გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის გაუქმება 35%-იანი ფასნამატის, ინვოისების წარმოუდგენლობისა და მოსარჩელის მიერ თითქოსდა ყაზახეთში საქონლის მიწოდებისათვის დარიცხული სანქციების ნაწილში, ასევე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹2096-ს ბრძანების გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასთან ჩატარდა შემოწმება, რა დროსაც მან წარადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც, მასზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენდა 104563 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად ნაშთმა შეადგინა 75841 ლარი, ასევე შემოწმებისას გამოავლინეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი, რამაც შეადგინა 90862,9 ლარი, იმ საფუძველზე, რომ, თითქოს მოსარჩელე არ ახორციელებდა ანალიზურ აღრიცხვას, რის გამოც ზედმეტობამ შეადგინა 14921,29 ლარი, რომლის დასადგენადაც შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს სს “რ-ის” მიერ მიწოდებული ფასებით, 35%-იანი დანამატით და საბოლოოდ, ზედმეტობა დადგენილ იქნა 19462,56 ლარის ოდენობით. 2005 წელს მოსარჩელემ განახორციელა საქონლის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან ქ. მარნეულში, თანხით _ 36046 ლარი _ სავაჭრო ნამატი, ამ შემთხვევაშიც 35%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. ზედმეტობა არ იყო სწორად მითითებული. მოსარჩელეს შემოწმების მომენტში არ ჰქონდა საქონლის შეძენის პირველადი საბუთები (ინვოისები), რომლებიც საბაჟო ორგანოდან მათი ასლების დაგვიანებით მიღების შემდეგ წარადგინა, მაგრამ მათი ასახვა შემოწმების აქტში ვერ მოხერხდა. უხეშად დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნები _ საქონლის საბაზრო ფასების განსაზღვრისას გამოიყენებოდა ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, რის გამოც სს “რ-ის” მიერ მიწოდებული 35%-იანი ფასნამატით ფასის განსაზღვრა იყო უსაფუძვლო. შემმოწმებლებმა მოსარჩელეს წარუდგინეს ფინანსური პოლიციიდან მიღებული საბუთები, რომელთა მიხედვით, თითქოს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ იქნა საქონლის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან ყაზახეთში, რაც არ იყო სწორი. გარდა ამისა, გასაჩივრებული აქტის შედგენისას თარჯიმანი არ მიუწვევიათ, მაშინ, როდესაც მოსარჩელე არ ფლობდა ქართულ ენას, რითაც უხეშად დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა კი 2006 წლის 8 სექტემბრის ¹2046-ს ბრძანებით მოსარჩელეს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული აქტი ნაწილობრივ იყო სწორი, კერძოდ, მოსარჩელეს ნამდვილად არ გააჩნდა სალარო აპარატი და თანახმა იყო ამ ნაწილში სანქციის დაკისრებაზე, ისევე, როგორც დეკლარაციების წარუდგენლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის წესების დარღვევისათვის სანქციების დაკისრებაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹2096-ს ბრძანება იყო უსაფუძვლო, რადგან მასში არ იყო გათვალისწინებული ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებები.

ი/მ “ი. ი-მა” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მიუთითა, რომ მისთვის დარიცხული თანხიდან იგი ცნობდა 6140,56 ლარს, ხოლო არ ცნობდა 39498,03 ლარს და დამატებით მოითხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹7965/04 გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 აგვისტოს ¹222 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა შემოწმების აქტთან ერთად, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹2096-ს ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ი. ი-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 აგვისტოს ¹222 საგადასახადო მოთხოვნა მის საფუძველთან _ 2006 წლის 31 ივლისის საკონტროლო-გასვლით საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხებოდა იმპორტირებულ საქონელზე ი/მ “ი. ი-თვის” 35%-იანი ფასნამატის დარიცხვას, აგრეთვე, ინვოისების წარმოუდგენლობისა და რუსეთის ფედერაციიდან ყაზახეთში საქონლის მიწოდების გამო, გადასახადების თანხების და სანქციების დარიცხვას; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹2096-ს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლობის გამო; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 1185 ლარის გადახდა ი/მ “ი. ი-ის” სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი/მ “ი. ი-ის” საქმიანობის საგანი იყო ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა. მოსარჩელის შემოწმების აქტის საფუძველზე, 2007 წლის 17 აგვისტოს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემულ იქნა ¹222 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ “ი. ი-ს” დამატებით გადასახდელად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა _ 5160,77 ლარი, ჯარიმა _ 1160,31 ლარი, საურავი _ 7467,74 ლარი, ხოლო სოციალურ გადასახადში სულ დამატებით გადასახდელად დაერიცხა 15208,29 ლარი. გარდა ამისა, სალარო აპარატის არქონის, ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი აღურიცხავი საქონლის, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წესების დარღვევის გამო, ი/მ “ი. ი-ს” დაერიცხა ჯარიმები, შესაბამისად _ 3000 ლარი, 500 ლარი და 19462,56 ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 აგვისტოს ¹222 საგადასახადო მოთხოვნა და მისი საფუძველი _ საკონტროლო-გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემული იყო მათი მომზადებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევებით _ ი/მ “ი. ი-ი” არ ყოფილა მიწვეული რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო შემოწმების შედეგების განხილვისას, რის გამოც რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 აგვისტოს ¹222 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “პ” ქვეპუნქტი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა შესაძლებლობას დასკვნისათვის, რომ ი/მ “ი. ი-ს” ფაქტობრივად შეეძლო რუსეთის ფედერაციიდან ყაზახეთში განეხორციელებინა 74654 ლარის ღირებულების ავტონაწილების მიწოდება. მოპასუხე რუსთავის საგადასახადო ინსპექცია ასევე ვერ ასაბუთებდა, თუ რატომ იქნა მის მიერ საგადასახადო შემოწმებისას აღმოჩენილ აღურიცხავ საქონელზე დარიცხული სავაჭრო ფასნამატი საქონლის თვითღირებულების 35%-ის ოდენობით, რომელიც არ წარმოადგენდა საბაზრო-საბითუმო სარეალიზაციო პროდუქციის მოგების ფასნამატს. უსაფუძვლო იყო ი/მ “ი. ი-თვის” საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის _ 19462,56 ლარის დარიცხვა, რადგან დადგენილი იყო და სადავოდ არც მოპასუხე ხდიდა, რომ ი. ი-ს აღმოჩენილ აღურიცხავ საქონელზე გააჩნდა შესაბამისი საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები). გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული იყო საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე და არსებობდა მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹2096-ს ბრძანება გამოცემული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის კანონით დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “პ” ქვეპუნქტი, რადგან საგადასახადო სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული წარმოების დებულებები მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 123-128-ე მუხლებში და მათი შინაარსი განსხვავდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებისაგან, რის გამოც საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას შეუძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება, ასევე სასამართლომ არ შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი დეკლარაციების ნამდვილობა _ ეკუთვნოდა თუ არა ისინი მოსარჩელეს, მაშინ, როდესაც საკმაოდ ტიპიურია სასაქონლო ოპერაციების განხორციელება წარმომადგენლების მეშვეობით, აგრეთვე, არასწორია სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრება, რადგან იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა კი არ ნიშნავს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ საქმის დამთავრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 20 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.