¹ბს-987-941(კ-06) 21 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 14 აპრილს ნ. ვ-მა, დ. ყ-მა, ს. ძ-მა, ზ. ა-მა, გ. წ-ამ, ზ. ი-ემ და გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და სახელფასო, სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება და გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში კონტროლიორებად. საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 115-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და ჩაირიცხნენ რეზერვში.
მოსარჩელეებმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ვაკანტურ ადგილებზე დაინიშნენ პირები, რომლებიც რეზერვში არ ირიცხებოდნენ და არც საატესტაციო მაჩვენებლები ჰქონდათ მათზე უკეთესი.
მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ გათავისუფლებისას მათთან არ მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება, კერძოდ, არსებული სახელფასო და სამივლინებო დავალიანების დაფარვა, ამასთან, მათ არ მისცეს გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია 80 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს კონტროლის პალატისთვის ნ. ვ-ის სასარგებლოდ _ 1263,75 ლარის, დ. ყ-ის _ 1302,19 ლარის, ს. ძ-ის _ 1431.80 ლარის, ზ. ა-ის _ 903,41 ლარის, გ. წ-ას _ 1667,64 ლარის, ზ. ი-ის _ 1169,67 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ კი 1771,47 ლარის, სულ _ 9509,93 ლარის დავალიანების დაკისრება მოითხოვეს.
მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატამ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ არსებული დავალიანება წარმოიშვა 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა საქართველოს კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება. საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა სახელფასო დავალიანების დასაფარავად არც შემდგომში იქნა გათვალისწინებული “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” შესაბამისი კანონით. 2001-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას ასიგნება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაკისრებოდა, სხვა შემთხვევაში მოპასუხის მიერ მოსარჩელეებზე კუთვნილი თანხის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ მოხდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას ნ. ვ-ის სასარგებლოდ 1263,75 ლარის, დ. ყ-ის სასარგებლოდ 1302,19 ლარის, ს. ძ-ის სასარგებლოდ 1431,80 ლარის, ზ. ა-ის სასარგებლოდ 903,41 ლარის, გ. წ-ას სასარგებლოდ 1667,64 ლარის, ზ. ი-ის სასარგებლოდ 1169,67 ლარის, გ. ბ-ის სასარგებლოდ კი 1771,47 ლარის დავალიანების გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი მოსამსახურეს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ აღიარა მოსარჩელეთა სახელფასო, სამივლინებო და გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, კუთვნილი მთელი თანხა საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან დათხოვნის დღეს ეძლეოდა. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გადაცემული უნდა ყოფილიყო დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს შემდეგი დღისა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ მის მიერ გადასახდელი და აღიარებული ვალი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა გადაეხადა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები შრომით ურთიერთობებში საქართველოს კონტროლის პალატასთან იყვნენ და, შესაბამისად, დავალიანების ანაზღაურებაც მას ეკისრებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საქართველოს კონტროლის პალატამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის განმარტავს, რომ სახელფასო დავალიანების დასაფარავად საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა არ მოხდა “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით. ამასთან, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა საბიუჯეტო დაწესებულებას წარმოადგენს და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია.
კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს, მისი სოლიდარული ვალდებულება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის საფუძველზეა წარმოშობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრებები, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 თებერვლამდე.
2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს კონტროლის პალატამ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება დასაშვებობის თაობაზე და მიუთითა, რომ საქმე მნიშვნელოვანი იყო სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
2007 წლის 10 იანვარს ნ. ვ-მა, დ. ყ-მა, ზ. ი-ემ, ს. ძ-მა და სხვებმა უზენაეს სასამართლოში წარადგინეს მოსაზრება საკასაციო საჩივრის თაობაზე და აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.