ბს-989-953(კ-08) 12 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ტ” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო (მოპასუხე)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,ტ-ს” დირექტორმა ლ. თ-მა 2007 წლის 6 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ტყით სარგებლობის უფლების აღდგენა.
Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ტ-ს” მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს დაევალა ნება დართოს შპს ,,ტ-ს”, ადიგენის რაიონის .......-ის უბანზე 33-ე კვარტალში 212 მ.კუბი ხე-ტყის და .......-ის სატყეო უბანზე 12-ე კვარტალში 378 მ.კუბი ასათვისებელი ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვაზე;
Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ტ-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ შპს ,,ტ-ს” ტყითსარგებლობის ¹....... ბილეთით ხეტყის დამზადების დამთავრების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 15 დეკემბრისათვის. ხოლო ტყითსარგებლობის ¹........ ბილეთით კი ხეტყის დამზადების დამთავრების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბერი, ხეტყის გამოზიდვის დამთავრების ვადად _ 2005 წლის 13 აგვისტო. სასამართლომ ჩათვალა, შპს ,,ტ-მ” დაწესებული პერიოდისათვის ვერ მოახერხა სრულყოფილად განეხორციელებინა ის ღონისძიებები, რისი ნებართვაც მას გააჩნდა.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა ტყის კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, მას მოპასუხის მიზეზით ხელი რომ შეეშალა ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ტ-მ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. Kკასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 67-ე, 63-ე მუხლები, ასევე, არასწორად გამოიყენა და არასწორი განმარტება მისცა საქართველოს ტყის კოდექსის 53-ე, 57-ე, 61-ე მუხლებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ტ-ს” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ტ-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს ,,ტ-ს” გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი (ს.ფ. 191, 206), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული Aშპს “ტ-ს” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე;
2. შპს ,,ტ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.