Facebook Twitter

ბს-993-947(კ-06) 22 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორები (მოსარჩელეები) _ ბ. წ-ე, მ. მ-ე, წარმომადგენელი ლ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ზესტაფონის რაიონის სოფელ ........... საკრებულო (არ გამოცხადდა)

მესამე პირები _ თ. წ-ე, ა. წ-ე, წარმომადგენელი მ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ კომლის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 19 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბ. წ-ემ და მ. მ-ემ მოპასუხე ზესტაფონის რაიონის სოფელ ........... საკრებულოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათი უფლებების აღიარება გ. წ-ის კომლის ქონებაზე.

მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მ. მ-ე 1985 წელს დაქორწინდა მ. წ-ზე, რომელიც ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ........... და ჩაეწერა მეუღლის მამის _ გ. წ-ის კომლში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ ბ. წ-ე, რომელიც ასევე ჩაეწერა აღნიშნულ კომლში. 1986 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა მ. წ-ე. მოსარჩელეები განაგრძობდნენ კომლში ცხოვრებას, ვიდრე მათი შევიწროება არ დაიწყეს გ. წ-ის შვილებმა, რომლებიც ქ. ქუთაისში ცხოვრობდნენ და თავიანთი წილი მიღებული ჰქონდათ კომლიდან. მოსარჩელეები იძულებული გახდნენ საცხოვრებლად გადასულიყვნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ........-ში _ მ. მ-ის მშობლების ოჯახში. 1987 წლის 7 აგვისტოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. წ-ეს, როგორც კომლის წევრს, მიეკუთვნა რეალური წილი კომლის ქონებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა გ. წ-ის შვილების ხელშეშლის გამო. 2005 წლის 13 მაისს სოფელ ......... საკრებულომ გააუქმა კომლი იმ საფუძვლით, რომ მასში არავინ არ აღმოჩნდა ჩაწერილი. მოსარჩელეებმა თხოვნით მიმართეს სოფელ ........... საკრებულოს გამგებელს, რომ მის მიერ მომხდარიყო არქივიდან ცნობის გამოთხოვა. საკომლო ჩანაწერების გადასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეები საკომლო ობიექტების ჩანაწერებში გადახაზული იყვნენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. გ. წ-ის კომლის გაუქმებასთან დაკავშირებით არავითარი დადგენილების გამოტანა არ მომხდარა. სოფელ ........ საკრებულომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი კომლში მოსარჩელეთა უფლებების აღდგენაზე, მაშინ როდესაც კანონის შესაბამისად არ მომხდარა მათი უფლებების გაუქმება ამ კომლზე (ს.ფ. 2).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. და ა. წ-ები (ს.ფ. 34-35).

2005 წლის 7 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ბ. წ-ემ და მ. მ-ემ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გ. წ-ის კომლში მათ წილზე საკუთრების უფლების აღიარება, გ. წ-ის კომლის ობიექტებში მათი აღდგენა და შესაბამისად, გ. წ-ის სახელზე რიცხული აწ გაუქმებული საკომლო მეურნეობის მათ სახელზე აღდგენა (ს.ფ. 37).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. და ბ. წ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი სოფელ ........ საკრებულოს მოქმედება გ. წ-ის კომლის გაუქმების თაობაზე, სოფელ ........... საკრებულოს დაევალა გ. წ-ის კომლის წევრებად მ. მ-ისა და ბ. წ-ის აღიარება საადგილმამულო (საკომლო) წიგნში ჩაწერით შემდეგი საფუძვლებით:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მ. მ-ე და ბ. წ-ე ცხოვრობდნენ გ. წ-ის კომლში. 2005 წლის 13 მაისს გარდაიცვალა გ. წ-ე. მოპასუხე ....... საკრებულომ საადგილმამულო წიგნში გაუქმების მიზნით გადახაზა გ. წ-ის კომლი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ ზესტაფონის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 2004 წლის 1 ივლისს გაცემული ცნობა ¹4/წ .........-ში მოქალაქე გ. წ-ის კომლში შვილის _ მ. წ-ის, რძლის _ მ. მ-ის, შვილიშვილის _ თ. წ-ის კომლის წევრად ყოფნის შესახებ ეკუთვნოდა მ. მ-ეს და ბ. წ-ეს. საქმეში დაცული იყო ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო არქივის 2005 წლის 6 დეკემბრის ცნობა, რომლის მიხედვით ა. და თ. წ-ები 1975 წლის 27 აგვისტოდან ამოწერილი არიან საკომლო წიგნიდან. ზესტაფონის სახალხო სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით ბ. წ-ე მიეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთ წევრს. რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეთა კომლის წევრობის შესახებ სარწმუნოდ მიიჩნია და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, გ. წ-ის კომლის გაუქმების მიზნით საადგილმამულო წიგნში ჩანაწერის გადახაზვა, საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევის გამო, ითვლებოდა უკანონო ქმედებად და გაუქმებული კომლი უნდა დაქვემდებარებოდა აღდგენას მის წევრად მოსარჩელეთა აღიარების საფუძველზე (ს.ფ. 129-132).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა _ ა. და თ. წ-ებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტთა მოსაზრებით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არასწორად დაეყრდნო ზესტაფონის სახალხო სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოსა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებებს. მართალია, 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, მაგრამ მათ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ჰქონდათ შეტანილი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. რაც შეეხებოდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს ¹2/145 გადაწყვეტილებას, რომლითაც თითქოს აღიარებული იყო მ. მ-ისა და ბ. წ-ის გ. წ-ის კომლში წევრობა, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან მ. მ-ე გ. წ-ის სახლიდან წავიდა მეუღლის გარდაცვალებისთანავე. ამის შემდეგ მან წილის გამოყოფის მოთხოვნით შეიტანა სარჩელი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მის შვილს _ ბ. წ-ეს გამოუყო წილი სახლიდან, კერძოდ, თითო ოთახი სახლის პირველ და მეორე სართულებზე ან მათი ღირებულება 2666 მანეთი, ასევე სხვა ოთახების კომპენსაცია, ასევე დანარჩენი თანხა, რაც დაკისრებული იყო სასამართლოს მიერ. მ. მ-ემ მითითებული გადაწყვეტილების აღსრულება ითხოვა მხოლოდ 2005 წელს, მაგრამ სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით დაუბრუნეს, რადგან გასული იყო სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ვადა. ამდენად, გ. წ-ე იყო კომლის უკანასკნელი წევრი, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ კომლი სავსებით კანონიერად გაუქმდა (ს.ფ. 137-138).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. და ა. წ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ისა და ბ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ე და ბ. წ-ე მ. წ-ის გარდაცვალებამდე _ 1986 წლის 9 აგვისტომდე ცხოვრობდნენ გ. წ-ის კომლში. მ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ მ. მ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ითხოვა საკოლმეურნეო კომლის ქონებიდან წილის გამოყოფა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს ¹2/45 გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მის შვილს _ ბ. წ-ეს სადავო სახლიდან გამოეყო ერთი ოთახი პირველ და ერთი ოთახი მეორე სართულზე, ან მას უნდა მიეღო ქონების კომპენსაცია 2666 მანეთის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება გამოყოფილ ფართში შესახლების ნაწილში არ აღსრულებულა. მხოლოდ 2005 წელს მიმართა მ. მ-ემ სააღსრულებო ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაგრამ მას სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა უკან იმის გამო, რომ გაშვებული ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის წარდგენის ვადა. მ. მ-ესა და ბ. წ-ეს მ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრიათ გ. წ-ის კომლში. მათ არც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოყოფილ ფართში უცხოვრიათ, რადგან საცხოვრებლად გადავიდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ........-ში _ მ. მ-ის მშობლების ოჯახში. გ. წ-ე გარდაიცვალა 2005 წლის 13 მაისს. გ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ მ. მ-ემ და ბ. წ-ემ მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს იურიდიული ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ ისინი რეგისტრირებული იყვნენ გ. წ-ის კომლში. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ ზესტაფონის რაიონის სოფელ ........ საკრებულოს გამგებელმა გააუქმა კომლი საადგილმამულო (საკომლო) წიგნში მისი გადახაზვით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. წ-ე თითქოსდა აღიარებული იყო გ. წ-ის საკოლმეურნეო კომლის წევრად. აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდებოდა საწინააღმდეგო, რომ ბ. წ-ეს გამოეყო წილი გ. წ-ის ქონებიდან, რითაც დადასტურდა კომლის წევრობიდან მისი ფაქტობრივად გასვლის ფაქტი, ხოლო მ. მ-ის სარჩელი ფართის გამოყოფის შესახებ ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რადგანაც იგი არ იქნა მიჩნეული გ. წ-ის კომლის წევრად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 1997 წლამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, კომლის წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. მ. მ-ეს 1986 წლიდან არ უცხოვრია გ. წ-ის კომლში, შესაბამისად, რაიმე მონაწილეობა კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში არ მიუღია. რაც შეეხებოდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის უდავო წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ მ. მ-ე და ბ. წ-ე 1986 წლამდე, მ. წ-ის გარდაცვალებამდე, რეგისტრირებულნი იყვნენ გ. წ-ის კომლში, აღნიშნული არ ცვლიდა საქმის ვითარებას, რადგანაც 1987 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ისინი გასულად ითვლებოდნენ გ. წ-ის კომლის წევრობიდან, რის გამოც საკომლო წიგნში გაუქმდა მათი რეგისტრაცია. შესაბამისად, 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ ექნებოდა პრეიუდიციული ძალა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. მ-ისა და ბ. წ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო არა მარტო ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისითაც. მ. მ-ე და ბ. წ-ე აღიარებითი სარჩელით ითხოვდნენ მათი წილის საკუთრების უფლებით აღიარებას გ. წ-ის საკოლმეურნეო მეურნეობის წილში, ამავე დროს მათი მოთხოვნით უნდა დავალებოდა სოფელ ........... საკრებულოს გამგებელს გ. წ-ის კომლის ობიექტებში მათი აღდგენა და შესაბამისად, გ. წ-ის სახელზე რიცხული ან გაუქმებული საკომლო მეურნეობის მათ სახელზე აღდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს ჰქონდა იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღიარებითი სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს გააჩნდა ამის კანონიერი ინტერესი. აღნიშნულ ნორმათა თანახმად, აუცილებელი იყო მხარეთა შორის დავა უფლების, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე. მოპასუხე უნდა შეცილებოდა მოსარჩელეს უფლებაში, რასაც ამ შემთხვევაში მოპასუხის, სოფელ ........ საკრებულოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, სახეზე იყო მიკუთვნებითი სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნის შესრულება არ განეკუთვნებოდა სოფელ ........ საკრებულოს კომპეტენციას. კერძოდ, მოქალაქეთა რეგისტრაციის საკითხები რეგულირდებოდა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის თანახმად, რომელსაც ახორციელებდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო რაც შეეხებოდა უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციას, აღნიშნულს ახორციელებდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები (ს.ფ. 187-194).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. წ-ემ და მ. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორთა მითითებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოყოფილ ფართში შესახლების ნაწილში არ აღსრულებულა და მხოლოდ 2005 წელს მიმართა მ. მ-ემ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამ შემთხვევაში გამოყოფილ საცხოვრებელ ფართში იძულებითი შესახლება არ იყო განპირობებული აუცილებლობით, ვინაიდან ბ. წ-ის ბებია და ბაბუა წინააღმდეგი არ ყოფილან მისთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფართზე. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ამ ნაწილში ფაქტობრივად აღსრულებული იყო.

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა 1997 წლამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი, რომლის მიხედვით, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას 3 წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. მითითებული ნორმის მოქმედების პერიოდში კომლის წევრი _ ბ. წ-ე არასრულწლოვანი იყო და, ბუნებრივია, დედასთან იქნებოდა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ კი, როგორც საქმის მასალებიდან ჩანდა, იგი უკვე მონაწილეობდა კომლის საქმიანობაში.

კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, თუ როდის, რა მიზეზით და რის საფუძველზე გააუქმა გ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ ზესტაფონის რაიონის სოფელ ......... საკრებულოს გამგებელმა საადგილმამულო (საკომლო) წიგნში მოსარჩელეთა სახელზე არსებული ჩანაწერები.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოთხოვნის შესრულება, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება სოფელ ...... საკრებულოს კომპეტენციას და რეგულირდება “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები. ამ ორგანოებს საერთო არა აქვთ კომლის ქონებაზე მოსარჩელეთა უფლებების აღიარებასთან, მოსარჩელეები მხოლოდ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ მოახდენენ სათანადო რეგისტრაციას, რომლის საფუძველიც იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 208-212).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. წ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ. წ-ის გარდაცვალების დროისათვის კომლში სხვა წევრების, კერძოდ, კასატორების რეგისტრაცია.

ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის უდავო წარმოების წესით მიღებულ გადაწყვეტილებას მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთ საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პრეიუდიციული ძალა სხვა საქმეზე, თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. უდავო წარმოების წესით განხილულ საქმეში არ მონაწილეობს მოცემული საქმის ყველა მხარე. ასევე ვერ ექნება მოცემულ საქმეზე პრეიუდიციული ძალა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1987 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რამდენადაც აღნიშნულ საქმეში მხარეთა შემადგენლობა ასევე არ არის იდენტური, ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არა აქვს უფლებაწარმომქმნელი მნიშვნელობა, რამდენადაც გასულია მისი აღსრულების კანონით დადგენილი ვადა. რაც შეეხება კასატორთა მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რეალურად აღსრულდა, აღნიშნული გარემოება ასევე სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავია, რამდენადაც, როგორც ამას მართებულად მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, თუკი ეს ასეა, აღნიშნული ადასტურებს კომლის წევრობიდან მოსარჩელეთა ფაქტობრივ გასვლას და საფუძველს აცლის მათ მოთხოვნას.

მ. მ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი, რომლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. მ. მ-ე 1986 წლიდან მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა გ. წ-ის კომლიდან, შესაბამისად, რაიმე მონაწილეობა კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში არ მიუღია. ბ. წ-ის კომლში რეგისტრაცია საქმის მასალებით არ დგინდება, ამასთან, 1986 წლიდან მასაც არ უცხოვრია აღნიშნულ კომლში და არც კომლში მისი შრომითი ან ქონებრივი მონაწილეობა დასტურდება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონი, როდესაც ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ საკომლო წიგნის წარმოება გაუთანაბრა აღნიშნული კანონით რეგულირებულ ურთიერთობას. მითითებული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებული საკითხებს, ხოლო საკომლო წიგნის წარმოება არ არის აღნიშნული რეგისტრაციის იდენტური. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებას არ მოუხდენია გავლენა საქმის შედეგზე და არ გამოუწვევია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია არსებითად სწორი გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად არ ექვემდებარება გაუქმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კასატორები, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. წ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.