ბს-994-948(კ-06) 21 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 აპრილს ვ. წ-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიისა და აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, 13 წელი იმყოფებოდა აჭარაში, ხოლო ბოლო წელია, რაც ცხოვრობს ქობულეთში, “ტ...ი", სადაც რეგისტრირებულია როგორც ოჯახი და მინიჭებული აქვს ნომერი ¹..... აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 16 თებერვლის ¹93 ბრძანებებით აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული სს “აჭარის კურორტების" 100%-იანი და სს “მ...ის" 52,83% აქციათა პაკეტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა კომპანია “აჭარა ...". სს “ა...ის" კაპიტალში შედიოდა “ტ...ი", სადაც ცხოვრობს თვითონ.
მოსარჩელის აღნიშვნით, ზემოაღნიშნული ბრძანებების შესაბამისად, კომპანია “აჭარა ...-ს" მიერ სს “ა....ის" ფართიდან გამოსახლებული უნდა იქნენ დევნილები, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეადგინა იმ ოჯახების სიები, რომლებმაც უნდა აიღონ საკომპენსაციო თანხა, მაგრამ აღნიშნულ სიაში მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა, იგი არ შეიყვანეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, რომ აჭარის ა/რ მთავრობას, აღნიშნული მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით შექმნილ სპეციალურ კომისიას და აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალებოდათ მისი შეყვანა შპს “ტ...ში" მცხოვრები დევნილის ოჯახების საკომპენსაციო სიაში, რომლითაც შემდგომში შესაძლებლობა მიეცემოდა, აეღო 7000 აშშ დოლარი შპს “ტ...დან" გამოსახლების სანაცვლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ვ. წ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეეყვანა ვ. წ-ე შპს “ტ...ში" მცხოვრებ დევნილთა ოჯახების იმ სიაში, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია გამოსახლების სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარის საკომპენსაციო თანხის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. წ-ე არის აფხაზეთიდან დევნილი და რეგისტრირებულია ,,ტ...ში’’ ¹01310.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის “ა" პუნქტის თანახმად, კომპანია “აჭარა ..." ვალდებულია უზრუნველყოს სს ,,ა...ების’’ საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობათა და სს ,,მ...ში’’ შესახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობის შესაბამისად, ვ. წ-ე კერძო სექტორში, ლერმონტოვის ქუჩაზე რეგისტრირებული იყო 2006 წლის იანვრის ჩათვლით, ხოლო 2006 წლის 10 იანვრიდან - “ტ...ში".
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასაართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ვ. წ-ს სარჩელი, რადგან აჭარის ა/რ მთავრობის მეთაურის ბრძანების გამოცემის დროს იგი რეგისტრირებული იყო “ტ... ში".
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორი აღნიშნავდა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების შესაბამისად, საკომპენსაციო თანხა უნდა გაცემულიყო დევნილ ოჯახებზე გამოსახლების სანაცვლოდ, 7000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
მოსარჩელე 2006 წლის თებერვლისთვის არ იყო რეგისტრირებული ,,ტ...ში", ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება გამოიცა 2006 წლის 14 თებერვალს, ვინაიდან ვ. წ-ე იმ პერიოდისათვის არ ცხოვრობდა ,,ტ...ში’’, ამიტომ, კასატორის აზრით, აღნიშნული ბრძანება ვ. წ-ს მიმართ ვერ განხორციელდებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
მხარეთა მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.